„2021 წელს დაიწყება კრიზისი თუ უფრო ადრე, არ ვიცი, ამას 2020 წლის არჩევნების შედეგები გამოაჩენს, მაგრამ მთლიანად უნდა დაინგრეს ის სისტემა, რომელსაც ფსევდო პოლიტიკოსები აგებენ“, - ასე ეხმაურება „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი დავით ჭიჭნაძე „ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატის კახა ოქრიაშვილის განცხადებას, რომელმაც 2021 წელს ქვეყანაში მოსალოდნელი კრიზისი დაანონსა.
დეპუტატის თქმით, 2020 წელს შეკრებილი პარლამენტი დაიშლება, რის შემდეგაც რიგგარეშე არჩევნები დანიშნება.
„2021-2022 წელს აუცილებლად გვექნება რიგგარეშე არჩევნები, იმიტომ, რომ ყველა ქვეყანაში ასეა - სადაც პროპორიცული სისტემაა, მუდმივად არის პოლიტიკური კრიზისი. 2022 წელს ჩვენ გვექნება რიგგარეშე არჩევნები და მერე ყველა პოლიტიკოსი იტყვის, რომ „ეს რა გავაკეთეთ და ეს შეცდომა დაუშვით...“ 2022 წლიდან ჩამოყალიბდება მოძრაობა, რომელიც მოითხოვს მაჟორიტარული სისტემის დაბრუნებას და აგრეთვე საპარლამენტო მმართველობას. ამას ვუჭერ მხარს“, - აცხადებს ოქრიაშვილი.
გამოუჩნდება თუ არა ოქრიაშვილს მხარდამჭერები ამ მოწვევის პარლამენტში? დავით ჭინაძე გამორიცხავს, რომ ამ საკითხზე მაჟორიტარები მმართველ გუნდს დაუპირისპირდნენ.
„მაჟორიტარებს არანიარი ძალა არ აქვთ. ისინი ძირითადად ხელისუფლების მხარდაჭერაზე არიან დამოკიდებული. ამიტომ ბუნტი გამორიცხულია და ისინი მმართველ გუნდს არ დაუპირისპირდებიან. ერთი დეპუტატის განცხადება კი ვითარებას ვერ შეცვლის.
„რაც შეეხება დაანონსებულ პოლიტიკურ კრიზისს, შეიძლება კრიზისი უფრო ადრეც დაიწყოს და ამას 2020 წლის არჩევნების შედეგები აჩვენებს. ხელისუფლებას არც მეორე ვადის ბოლოს პარტიების დაფინანსება უშველის, არც საკონსტიტუციო ცვლილებები. მესამე ვადით ქართველ ხალხს არავინ დაუტოვებია. როდის მოხდება ეს და რა ფორმით, ამას მომავალი გვიჩვენებს. მთლიანობაში უნდა დაინგრეს ის სისტემა, რომელსაც ფსევდო პოლიტიკოსები აგებენ“, - განაცხადა „რეზონანსთან“ დავით ჭიჭინაძემ.