თამთა ჩაჩანიძე
11.10.2019

 „პირველ ყოვლისა ამ მძიმე ფაქტს რომ დაზარალებულები ჰყავს, ეს სამართლებრივად უნდა გაფორმდეს. სხვა შემთხვევაში ხელისუფლებას რჩება საშუალება გამოძიებაზე ეფექტური გავლენით გაწელოს ეს ყველაფერი და შესაბამისად, სამართლებრივადაც მისი გამაწონასწორებელი არავინ და ადაფერი არ იყოს", - ასე განმარტა „რეზონანსთან" იურისტმა ლევან ალაფიშილმა „გავრილოვის ღამის" ინციდენტში დაშავებულებისათვის სახელმწიფოსგან დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობა.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) 20-21 ივნისის ღამის დაშავებულთა 16 პირის სახელით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა, მათთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. ასოციაცია იმ დადგენილების გაუქმებას ითხოვს, რომლის მიხედვითაც პროკურატურამ ზემოაღნიშნულ პირებს დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭა.

ალაფიშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებისა და გამოძიებოს ასეთი ქცევა მიანიშნებს, იმაზე, რომ ეს თემა დღის წესრიგში აღარ იდგეს და სამართლებრივი პერსპექტივა დაეკარგოს.

„გენერალურმა პროკურორმა პარლამენტში გამოსვლის დროს პრაქტიკულად აღიარა საკუთარი ზრახვები, თუ რატომ არ აქვს იგივე მაკო გომურს (და ასევე სხვებსაც) დაზარალებულის სტატუსი. ამ უმძიმეს შემთხვევაშიც კი ხელისუფლება და გამოძიება ასე იქცევა, რაც მიანიშნებს ერთადერთ რამეზე - ხელისუფლების მცდელობაზე, რომ რეალურად, პოლიტიკურად, საზოგადოებრივად და სამართლებრივად ის მძიმე „გავრილოვის ღამე" რამენაირად დღის წესრიგიდან მოიხსნან, როგორც აღარ იყოს საზოგადოებრივი განსჯის საგანი, ასევე სამართლებრივი პერსპექტივა დაეკარგოს მას.

„სანამ წინა ხელისუფლება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რეფორმას განახორციელებდა, მანამდე დაზარალებულს ჰქონდა იმაზე მეტი უფლებები, ვიდრე დღეს აქვს. ძალიან მცირეა ეს უფლებები. მაგალითად, გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიღების, გარკვეული გადაწყვეტილებების გაცნობის, გარკვეული მასალების გაცნობის და თუნდაც იგივე სასამართლო განხილვებში მონაწილეობის უფლება. ეს ყველაფერი მართალია მინიმალურია, მაგრამ საკმარისია იმისთვის, რომ ხელისუფლებას დისკომფორტი შეექმნას, რადგან მას აღარ ექნება თავისუფლება საკუთარი შეხედულებისამებრ გაწელოს, ან ფაქტები არასათანადოდ გამოიკვლიოს.

„რეალურად ყველა იმ შემთხვევაზე, რომელსაც ფიზიკურად დაზარალებული ჰყავს, ამ ადამიანებს უნდა ჰქონდეს საპროცესო სტატუსი და ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია რას აკეთებს სახელმწიფო იმით, როცა ამ ხალხს კანონით გათვალისწინებულ საპროცესო სტატუსს არ ანიჭებს. კერძოდ, დაზარალებული გამოძიების თუ სისხლის სამართლებრივი სასამართლო განხილვის დროს და სახელმწიფო ანუ ბრალმდებელი ერთი მხარეა, ანუ პროკურატურა და მაკო გომური ერთი მხარე უნდა იყოს, ისევე როგორც სხვა დაზარალებულები, მაგრამ სახელმწიფო ნახეთ რას აკეთებს? მაკო გომურს და ყველა სხვას ეუბნება - არა, მე თქვენი მხარე არ ვარო. სამართლებრივი განათლებაც არაა საჭირო იმისთვის, რომ დავინახოთ რა მძიმე შემთხვევასთან გვაქვს საქმე", - აცხადებს ალაფიშვილი.

მისი თქმით, მსგავსი შემთხვევა, როდესაც ადამიანი ფიზიკურად დაზიანებულია და დაზარალებულის სტატუსი არ მიუნიჭებიათ, პრაქტიკაში არ ჰქონია.

„ჩემს პრაქტიკაში არ არსებობს შემთხვევა, როდესაც ადამიანი ფიზიკურად დაზიანებული ყოფილიყო, იმ შემთხვევაზე გამოძიება წარმოებულიყო და ფიზიკურად დაზარალებულ ადამიანს სტატუსი არ ჰქონიდა. თავის გასამართლებელი რომ ჰქონოდათ რაიმე გონივრული, დარწმუნებული ვარ იტყოდნენ. მთავარმა პროკურორმა თქვა, აღიარებითი ჩვენება მისცა ამ საკითხთან დაკავშირებით - არ გვყავს დადგენილი ვინ ესროლა მაკო გომურსო. ანუ სახელმწიფო ბრალდება ამბობს, რომ რომელი თოფიდან გაისროლესო, ან მაკო გომურმა თვითონ ხომ არ მიიყენა თვალზე ჭრილობაო, ეს უნდა დავადგინოთო.

„არასამართლებრივად რომ ვიმსჯელოთ, სახელმწიფო მაკო გომურს ებნება, რომ შენ ფიზიკურად კი ხარ დაზარალებული, მაგრამ დაზარალებული სულაც არ ხარ სამართლებრივადო, გეკუთვნის, მაგრამ არ გეკუთნისო, შენ მხარეს უნდა ვიყო, მაგრამ არ ვარ შენ მხარესო - აი, ასე იქცევა ჩვენი ხელისუფლება", - განაცხადა ალაფიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×