(რეზონანსი) ხაშურში სასტიკად მოკლული ახალგაზრდა ქალი, მკვლელობის დღეს ყოფილ ქმართან ოფიციალურად განქორწინებას აპირებდა. ნათია გოგალაძის ინტერესებს ადვოკატი მაია პირველაშვილი იცავდა. იმ დროს როცა გოგალაძე უკვე სიკვდილს ებრძოდა, სასამართლო სხდომა გაიხსნა.
ნათია გოგალაძეს ორი არასრულწლოვანი შვილი დარჩა. გავრცელებული ინფორმაციით, ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი შვილების გამო ჰქონდათ.
„ბავშვები თვითონ არ მიდიოდნენ მამასთან. ნათიას ვუთხარი, შვილებს მამასთან ურთიერთობა არ დაუშალო-მეთქი. მითხრა, ბავშვები ამბობდნენ უარს და რა ვქნაო. ბავშვები ელაპარაკებოდნენ, მაგრამ თავის სახლში არ მიყვებოდნენ. ტყუილია რომ ნათია არ აძლევდა შვილების ნახვის საშუალებას. ათასი რამ ითქმევა ახლა, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის.
წინა დღეს თურმე ირაკლი დეკანოიძე სკოლაში მივიდა შვილებთან, მათ ქალ-ვაჟი ყავთ, უმცროს ბიჭს დაუწყია ტირილი, ნათიასთან მასწავლებელს დაურეკავს, ბავშვი ტირის და სასწრაფოდ მოდიო. ეს ამბავი წინა საღამოს მიამბო, ნათიას საღამოს დავურეკე იმის გასარკვევად წამოვიდოდა პროცესზე, თუ მე მარტო მივსულიყავი. მითხრა, რომ მოვიდოდა, მაგრამ მანამდე მას ასე სასტიკად გაუსწორდა დამნაშავე. მას შვილებიც არ ჰყვარებია, თორემ ბავშვებს დედას არ მოუკლავდა. საშინელ დღეში არიან ბავშვები, დედა ისე უყვარდათ, რომ მის გარეშე ვერ ძლებდნენ. სულ კუდში დასდევდნენ. საოცრად კარგი დედაშვილობა ჰქონდათ. ფიზიკურად, სულიერად, ყველაფრით შემკობილი გოგო იყო ნათია. შეშინებული, დაფეთებული კი ჩანდა, ეტყობა ყოფილი ქმარი ემუქრებოდა და გარეთაც ვეღარ გამოდიოდა ნორმალურად. იმდენად თავშეკავებული იყო, იმის მიუხედავად რომ მისი ადვოკატი ვიყავი, მუქარებზე მას ჩემთან არ უსაუბრია. რომ ეთქვა, სხვა ზომებს მივმართავდი. დამცავ ორდერს გამოვაცემინებდი პოლიციას.
ამ საშინელი ტრაგედიის შემდეგ გავიგე ოჯახის წევრებისგან, რომ საშინელ დღეში აგდებდა მას ყოფილი ქმარი. ადრე თურმე ნათიას მშობლების სახლშიც კი იჭრებოდა, მინებიც ჩაამსხვრია თურმე მათ სახლში, სულ კონფლიქტები იყო. ერთად ცხოვრების დროსაც ფიზიკურადაც უსწორდებოდა ცოლს, ამიტომ გახდა იძულებული 2 შვილთან ერთად ქმრის სახლიდან წამოსულიყო. კარგი ცხოვრებიდან არავინ გამორბის, ეს ხომ ცალსახაა", - ამბობს ადვოკატი „კვირის პალიტრასთან".
ბრალდებულის ოჯახის წევრები მედიასთან არანაირ კომენტარს არ აკეთებენ. არსებული ინფორმაციით, დეკანოიძეების ოჯახი ადრე ახალციხის სოფელ აგარაში ცხოვრობდა. 16 წლის წინ ირაკლი დეკანოიძის მამამ თანასოფლელი ურთიერთშელაპარაკების დროს მოკლა. ბრალდებული მაშინ დაიჭირეს, მაგრამ ოჯახი იძულებული გახდა სოფელი დაეტოვებინა და ისინი საცხოვრებლად ხაშურში გადმოვიდნენ. 14 წელი გაატარა თურმე ირაკლის მამამ ციხეში, მას მერე ისიც თავის ოჯახთან ერთად ხაშურში ცხოვრობს. ახლა კი მისმა შვილმა ჩაიდინა უმძიმესი დანაშაული და საკუთარ შვილებს დედა მოუკლა.
კვირის პალიტრა