ტატა შოშიაშვილი
12.10.2019

 „რაიმე განსაკუთრებით რთულ პროცესებს არ ველოდები ელადის ეკლესიის მიერ უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარების გამო. ეს უფრო მეტად მისცემს ბიძგს კარგ პროცესებს, რადგან ელადის ეკლესიას აქვს საკმაოდ დასაბუთებული არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ აღიარა მან უკრაინის ეკლესია", - ასე შეაფასა „რეზონანსთან" საუბრისას თეოლოგმა ლადო ნარსიამ ელადის მართლამდიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარება.

„რეზონანსი" შეეცადა საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელ მამა ანდია ჯაღმაიძესთან ქართული ეკლესიის პოზიციის გარკვევა, თუმცა ჩვენთან საუბრისას მან განაცხადა, რომ სინოდის გადაწყვეტილების გარეშე საპატრიაქრო პოზიციას ვერ დააფიქსირებს.

პირველი ცნობა საბერძნეთის ეკლესიის ამ გადაწყვეტილების შესახებ „ფეისბუკში" უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა, კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა ეპიფანემ გამოაქვეყნა. მიტროპოლიტის თქმით, ამიერიდან უკრაინისა და საბერძნეთის ეკლესიებს თავისუფლად შეეძლებათ თანამშრომლობა, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ჩარევის გარეშე.

ელადის მართლმადიდებელი ეკლესია მსოფლიოში პირველია, ვინც კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომე I-ის ინიციატივას დაუჭირა მხარი და უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობა აღიარა.

შეგახსენებთ, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობა ოფიციალურად 5 იანვარს სცნო და მის მეთაურს ამის დამადასტურებელი საბუთი - ტომოსი გადასცა.

უკრაინული მედიის ცნობით, უშუალოდ წმინდა სინოდის შეკრების წინ ათენში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები იყვნენ ჩასული, რომლებიც ბერძენ ეპისკოპოსებზე გავლენის მოხდენას ცდილობდნენ. მაგალითად, პორტალ „ტსნ.უა"-ს ცნობით, უკრაინაში მოღვაწე და მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი სასულიერო პირები ათენში საგანგებო ლიტერატურას არიგებდნენ. მათში აღწერილი იყო გამოგონილი ფაქტები უკრაინის მართ^ლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი სასულიერო პირების მიერ უკრაინის ტერიტორიაზე მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი ეკლესია-0მონასტრების მიტაცების შესახებ.

ზოგიერთი მათგანი საგანგებოდ ბერძნულად იყო ნათარგმნი. მაგალითად, პრორუსული „მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის" მიერ გამოცემულოი ბროშურა „ტომოსის ბნელი მხარე". მის ყდაზე ეწერა სხვადასხვა პროპაგანდისტული ფრაზები - „ტრომოსმა სამოქალაქო ომი გამოიწვია", „უღმერთოები ეკლესიებს გვართმევენ" და მისთანები.

თუმცა, როგორც ჩანს, ამ მცდელობამ შედეგი ვერ გამოიღო.

თეოლოგი ლადო ნარსია აცხადებს, რომ ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარება მნიშვნელოვანი და პოზიტიური ფაქტია:

„საბერძნეთის ელადის ეკლესიის მხრიდან ეს ის პროცესი და თამამი ნაბიჯია, რომელმაც უნდა უბიძგოს იმ ეკლესიებს, რომლებიც ვარაუდების, ყოყმანის და ეჭვების საფუძველზე დღემდე ამ ნაბიჯებს ვერ დგამენ.

„არ ვფიქრობ, რომ ეს ნაბიჯი მართლმადიდებელ ეკლესიათა ოჯახში განხეთქილების ან პოლარიზაციის მიზეზად იქცევა. უბრალოდ, ალბათ, უფრო მეტად მისცემს ბიძგს კარგ პროცესებს, რადგან ელადის ეკლესიას აქვს საკმაოდ დასაბუთებული არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ აღიარა მან უკრაინის ეკლესია. ეს იქნება ძალიან კარგი და რაიმე განსაკუთრებით რთულ პროცესებს არ ველოდები ელადის ეკლესიის მიერ უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარების გამო", - განმარტავს თეოლოგი.

საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი მამა ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ სანამ სინოდი არ მიიღებს გადაწყვეტილებას საპატრიაქრო მისგან განსხვავებულ შეფასებას ვერ გააკეთებს:

„ეს უნდა შეაფასოს ჩვენმა სინოდმა და სანამ სინოდის შეფასება არ იქნება, რა თქმა უნდა, საპატრიაქრო ცალკე, მისგან განსხვავებულ რაიმე შეფასებას ვერ გააკეთებს. ამიტომ დაველოდებით ჩვენი სინოდის შეფასებას. ჯერჯერობით არ გვაქვს ინფორმაცი, თუ როდის იქნება სინოდი ჩანიშნული", - თქვა საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, საქართველოს სინოდს თავისი პოზიცია დიდი ხნის წინ უნდა გამოეთქვა ამ საკითხთან დაკავშირებით და მიუხედავად მცდელობებისა და სხვადასხვა გზების გამონახვისა (გადაწყვეტილების მისაღებად) სინოდი უკან იხევდა:

„სინოდს აქამდეც უნდა შეეფასებინა ეს მოვლენები, რომელსაც თვალს ვადევნებთ. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც ხდება, ჩვენი ათასწლეულის პერიოდში ჯერ ასეთი მოვლენები, შეიძლება, რომ ვერც კი დავასახელოთ ამიტომ, აქამდეც უნდა შეეფასებინა.

„თეოლოგებისა და იმ ადამიანების ნაწილი, რომელთაც ამ საკითხში კომპეტენცია გააჩნია ვთავაზობდით კიდეც, რომ შეგვექმნა დამოუკიდებელი, სრულიად ნეიტრალური პლატფორმა და წმინდა აკადემიური ინტერესის საფუძველზე დაგვეწყო ამ საკითხების კვლევა: არის თუ არა აქ რაიმე კანონიკური დარღვევა და ა.შ.

„თუმცა არ წამოვიდა საპატრიარქო ამ შეთავაზებაზე. თავიდან თქვეს, რომ კარგი აზრია, მაგრამ, როდესაც საკითხი კრიტიკულ ნიშნულამდე მივიდა და გადაწყვეტილების მიღება გახდა საჭირო, მაშინ თქვეს, რომ - არა.

„რასაც ანდრია ჯაღმაიძე ამბობს საერთოდ, ამას ვინმესთვის თუ აქვს ფასი ან შიგნით ან გარეთ, კიდევ საკითხავია, მაგრამ არაფერს განსაკუთრებულს არ ველოდები. სინოდი შეიკრიბება და როგორც ჩაითვლება საჭიროდ პოლიტიკური კონიუქტურის გათვალისწინებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, იმოქმედებს იმის მიხედვით. თუმცა შეიძლება, რომ სინოდში არსებობდეს ადამიანთა მცირე ჯგუფი, რომელსაც გააჩნია საღი არგუმენტირებული და დასაბუთებული პოზიცია, მაგრამ, როგორც წესი, ეს არ არის ხოლმე გათვალისწინებული.

„სინოდი არ იკრიბება. აქამდეც უნდა შეკრებილიყვნენ, მაგრამ არ მომხდარა ეს. მაგრამ, რატომ არ იკრიბება სინოდი, ამაზე პასუხი არავის არ აქვს. ქართული სინამდვილეა. საპატრიარქოში მომბი რომ დადო და ააფეთქო შიგნით ვიღაცა, პასუხს არავინ არ მოგთხოვთ", -ამბობს თეოლოგი ლადო ნარსია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×