ელზა პაპოშვილი
14.10.2019

 გორის რაიონული სასამართლომ ხაშურში, ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ 32 წლის ირაკლი დეკანოიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდების მხარეს მოსამართლე სრულად დაეთანხმა. ბრალდებული დეკანოიძის პატიმრობაში დატოვების მიზეზად პროკურორი მიხეილ ბერიაშვილი რამდენიმე გარემოებას ასახელებდა, კერძოდ, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ დანაშაულს, აღნიშნული დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიმალვას და მოწმეებზე შესაძლო ზეწოლის საფრთხეს, ბრალდებულის წარსულში ნასამართლეობის ფაქტს (პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმა).

დეკანოიძის ადვოკატები ბრალდების მხარის პოზიციას პატიმრობის შუამდგომლობაზე დათანხმდნენ, თუმცა, 109-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებას არ იზიარებენ. უფლებადამცველები ამბობენ, რომ წარსული ნასამართლეობა ბრალდებულს გაქარწყლებული აქვს და ეს ფაქტი დამამძიმებელ გარემოებად არ უნდა განიხილოს.

თავად დეკანოიძეც ბრალს ნაწილობრივ აღიარებს და აცხადებს, რომ მეუღლის მკვლელობა წინასწარ განზრახული არ ჰქონდა და მას იარაღი შესაშინებლად ჰქონდა. წინასასამართლო სხდომა გორის რაიონულ სასამართლოში 6 დეკემბერს ჩაინიშნა.

ბრალდებულის ადვოკატის, ლარისა ჩადუნელის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს და ამბობს, რომ ცოლის მკვლელობა განზრახული არ ჰქონდა და მხოლოდ მისი შეშინება უნდოდა. ადვოკატი ამბობს, რომ მას ბრალი წაყენებული აქვს ორი მუხლით: სსკ-ის 109-ე და 236-ე მუხლებით.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ 109-ე მუხლით წარდგენილ ბრალში არ სცნობს, რადგან მას მოკვლა წინასწარ განზრახული არ ჰქონია. მას უნდოდა, შელაპარაკებიდან გამომდინარე, სხეულის დაზიანებები მიეყენებინა.

"რაც შეეხება შელაპარაკების მიზეზს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამის მიზეზად ასახელებს ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებულ საკითხებს, რაც დიდ გავლენას ახდენდა არასრულწლოვან შვილებზე, განსაკუთრებით გოგონაზე და აქედან გამომდინარე, ეს იყო ძირითადად მათი უთანხმოების საგანი. საუბარია მესამე პირზეც, რომლის მხრიდანაც ადგილი ჰქონდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ მუქარას. ამ მესამე პირს დეკანოიძე ასახელებს და ამ პირის შესახებ გამოძიებისთვის ცნობილია",-აცახდებს ადვოკატი.

დეკანოიძის უფლებადამცველი ამბობს, რომ აღნიშნულ მესამე პირის მხრიდან ადგილი მუქარას ჰქონდა, რომ მას თავი დაენებებინა ყოფილი ცოლისთვის, თავი დაენებებინა შვილებისთვის და როდესაც ირაკლი დეკანოიძე ტელეფონით ურეკავდა შვილებს, მას შვილების ტელეფონზე პასუხობდა უცხო მამაკაცი და ეს იყო უთანხმოების ერთ-ერთი მიზეზი, რომ შვილის ტელეფონზე რატომ უნდა ეპასუხა სხვა უცხო მამაკაცს და რომ ამ ყველაფერს შეიძლება სხვა მძიმე შედეგი მოჰყოლოდა.

ბრალდებული მიხეილ დეკანოიძის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ გარდაცვლილმა ყოფილმა რძალმა თავიც დაიღუპა და მათი შვილიც დაღუპა. ირაკლი დეკანოიძის მამამ, მერაბ დეკანოიძემ განაცხადა, რომ მისი ყოფილი რძალი „არ ცხოვრობდა ნამდვილად სწორად". მერაბ დეკანოიძის თქმით, მისი ყოფილი რძალი მის შვილს ემუქრებოდა: „ერთი სული მაქვს, შენი თავი მოვაკვლევინო".

ბრალდებულის მამის ინფორმაციით, მისი ყოფილი რძალი იტალიაში 2 წელი იყო წასული და ბავშვებს მამა უვლიდა. მისი თქმით, არცერთი კაცი არ მოუვლიდა ბავშვებს ისე, როგორც ირაკლი უვლიდა. მან სამსახურსაც კი თავი დაანება, რათა ბავშვებისთვის მოევლო.

„ბავშვებს თავისი ხელით ბანდა, ჩემს ცოლსა და ჩემს ქალიშვილს ახლოს არ აკარებდა. ყველა სამუშაოს თავი დაანება და ამ 2 წლისა და 3 თვის განმავლობაში თვითონ უვლიდა, ამეცადინებდა, სკოლაში მიჰყავდა-მოჰყავდა, გადაყოლილი იყო ბავშვებზე... ერთი სურვილი ჰქონდა, რომ ბავშვებისთვის ყველაფერი ესიამოვნებინა და რასაც სთხოვდნენ, გაეკეთებინა", - განაცხადა დეკანოიძემ.

მისი ინფორმაციით, ყოფილი რძალი იტალიიდან ჩამოსვლის შემდეგ მივიდა და ბავშვები წიყვანა. მამას ბავშვებთან ურთიერთობას უკრძალავდა და მათ არ აჩვენებდა. მერაბ დეკანოიძის განცხადებით, ყოფილი რძლის მეგობარი, ვინმე იგორი, მის შვილს ემუქრებოდა და ეუბნებოდა, რომ თუ შვილებს თავს არ დაანებებდა, საკადრის პასუხს მიიღებდა.

„ვინმე იგორი გამოჩნდა, მისი ბიცოლის დეიდაშვილი, რომელთანაც კავშირი ჰქონდა... ღამე, 9 საათამდე, ჩემი შვილი ბავშვებს ელაპარაკებოდა თავის სახლში, გამოართვა ამ ტიპმა ტელეფონი და აგინა ჩემს შვილს დედა. ვინ ხარ, რა ხარო - ჩემმა შვილმა ჰკითხა და წამოდი გაჩვენებ ვინც ვარო და ამა და ამ ადგილას მოდიო, მაგრამ მე ვიძალავე და მაშინ არ გავუშვი.

"ამ ამბიდან ალბათ ერთი კვირის შემდეგ, იმ ხაზზე ვმუშაობ, სადაც ეს იგორი ცხოვრობს. დამემგზავრა და მითხრა, რომ შენ არა, მაგრამ შენი შვილი უნდა „დავბრიდოვო" . ვუთხარი რეისს დავამთავრებ და ვისაუბროთ სადმე, დამხვდი თქო. უკან დაბრუნებულს აღარ დამხვდა. ჩემ შვილს ვუთხარი, აღვუწერე ეს პიროვნება, რომ მოკლე მკლავიანი ზედა ეცვა, „ნაკოლკები" აქვს-მეთქი და ჩემმა შვილმა მითხრა, ეგ არის ღამე რომ დამირეკა და რომ მაგინაო", - აცხადებს ბრალდებულის მამა.

კითხვაზე საიდან ჰქონდა მის შვილს თავისი ყოფილი რძლის მკვლელობამდე საბრძოლო იარაღი, ბრალდებულის მამა აცხადებს, რომ „ნამდვილად არ იცის საბრძოლო მასალა საიდან ჰქონდა".

მოკლული ნათია გოგალაძის და ირმა გოგალაძე კი აცხადებს, რომ მისი ყოფილი სიძე და და ექვსი წელია, რაც ერთად აღარ ცხოვრობდნენ. მისივე თქმით, სამი წლის წინ მისი და საზღვარგარეთ წავიდა და შვილები ამ დროის მანძილზე მამასთან იმყოფებოდნენ. თუმცა, გოგონას წასვლის მიზეზი ბავშვების ეკონომიურად უზრუნველყოფა იყო და შვილებს იქიდან ინახავდა.

"ჩემა ყოფილმა სიძემ თვითონ გამოთქვა სურვილი, სჯობს ჩემთან იყვნენ, ვიდრე ბებოსთანო. ნამდვილად პატრონობდა ბავშვებს, ვერ ვიტყვი, რომ არ უვლიდა. ნათიას უნდოდა, ბინის ფული მოეგროვებინა ჩამოსულიყო და ბავშვები თავისთან ჰყოლოდა. ერთი წლის შემდეგ ცოლს მოსთხოვა მანქანა მიყიდე, ბავშვები წრეებზე ვატაროო.

"ნათია ამ თანხას ვერ მისცემდა. ამის შემდეგ შეგვიზღუდა ბავშვებთან ურთიერთობა, მეც ისე ხშირად ვეღარ ვნახულობდი. ბავშვებს ტელეფონები წაართვაა და ჩვენთან კონტაქტს უშლიდა. ერთს დაუმტვრია, რომ დედასთან არ ჰქონოდათ კონტაქტი. სწორედ ამიტომ მარტში ჩამოვიდა ნათია, ბავშვები წამოვიყვანეთ, თავად ბავშვების სურვილიც ეს იყო. დაიბრუნა დედამ შვილები და ირაკლიმ ეს ვერ აიტანა" - ამბობს მოკლულის და.

ირმა გოგალაძე ასევე აცხადებს, რომ ირაკლი დეკანოიძეს შვილებზე მეურვეობის მიღება სურდა და შესაგებელი სარჩელი დაწერა. ბავშვების წაყვანა სურდა. მიხვდა, რომ ბავშვებს დაკარგავდა, რადგანაც მათ მამასთან ცხოვრება აღარ უნდოდათ.

„ჩემს დას პოლიციისთვის არ მიუმართავს, რომ უფრო არ გაეღიზიანებინა. ცოლ-ქმრობაშიც იყო ძალადობის ფაქტები; რამდენჯერმე სცემა, ჯერ კიდევ ქორწინების პერიოდში, ტოლჩა ჩაარტყა, ნაკერები ჰქონდა. ხელწერილი ჰქონდა დაწერილი პოლიციაში. მერე წამოვიყვანეთ ჩემი და. ეჭვიანი იყო, საკუთარ ბიძაშვილებზეც კი ეჭვიანობდა," - აცხადებს მოკლულის და.

მისივე თქმით, ეს იყო მომზადებული, გამიზნული მკვლელობა, რადგანაც ყოფილი სიძე შეირაღებული მივიდა და ნათიას მოკვლა უკვე ჩაფიქრებული ჰქონდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×