თუკი თუთუნისგან დამზადებული 1 კოლოფი სიგარეტი ამჟამად 1.5 ლარი ღირს, მალე 3 ლარი ეღირება
ირაკლი ლომიძე
14.10.2019

 იანვრიდან თუთუნის ფასი გაორმაგდება. ამ კვირაში პარლამენტი თუთუნის დაბეგვრის კანონს დაამტკიცებს, რაც ფასს მკვეთრად გაზრდის. სიგარეტის გაძვირების შემდეგ იგი მწეველებისთვის ერთადერთი იაფი საშუალებაა, მაგრამ ხალხს მალე ეს შესაძლებლობაც არ ექნება. აქციზის ცვლილებით, თუთუნისა და სიგარეტის ფასი ერთმანეთს თითქმის გაუთანაბრდება, რითაც კონტრაბანდას დამატებითი სტიმული მიეცემა, როგორც ეს სიგარეტის გაძვირების შემთხვევაში მოხდა. 

პარლამენტის წარდგენილი დოკუმენტით, თამბაქოს ნედლეულზე წესდება 60-ლარიანი გადასახადი - ერთ კილოგრამზე, რაც 100 გრამ თუთუნზე 6 ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე 100 გრამი თუთუნის მისი ფასი 4-დან 8 ლარამდეა, ხოლო 1 კოლოფი (20 ღერი) თუთუნისგან დამზადებული სიგარეტის ღირებულება საშუალოდ 1,30-დან 1,50 ლარამდე მერყეობს. დაბეგვრის შემთხვევაში, მისი ფასი 2,50-დან 3 ლარამდე გაიზრდება. თუთუნი, რომელიც ხალხმა იაფ საშუალებად მიიჩნია, რეალურად სიგარეტის ფასს უტოლდება. დღევანდელი ნულოვან დაბეგვრასთან შედარებით ეს საკმაოდ ნახტომისებური მატებაა, რაც მომხმარებლისთვის დიდი ტვირთი იქნება.

პარლამენტის დეპუტატების მიერ მომზადებული "საქართველოს საგადასახადო კოდექსში" ცვლილებების პროექტს პარლამენტმა გასულ კვირას მესამე  მოსმენით მხარი დაუჭირა. პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ამბობს, თამბაქოს დაბეგვრის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა ის არის, რომ ადამიანებმა შეამცირონ ან საერთოდ თავი დაანებონ მის მოხმარებას. 

,,თუთუნის მოხმარებას არანაირი სარგებელი არ აქვს. ამიტომ აქციზით დაბეგვრა ერთ-ერთი ეფექტიანი მეთოდია, რათა ერთი მხრივ, მწეველების რაოდენობა შემცირდეს და მეორე მხრივ, ახალგაზრდები არ ჩაერთონ ამ მავნე ჩვევაში. დეტალურად განვიხილეთ ყველაფერი, აქ არ არის, პირველ რიგში, ფასის მატების საკითხი, ყურადსაღებია კონტრაბანდის აღმოფხვრის საკითხი და მთავარი რგოლიც სწორედ ეს არის", - განაცხადა აკაკი ზოიძემ. 

არასამთავრობო სექტორიც თუთუნზე აქციზით დაბეგვრას პოზიტიურ ნაბიჯად აფასებს, თუმცა საუბრობენ იმაზეც, რომ კონტრაბანდის მასშტაბები მოიმატებს და მასთან ბრძოლაში ხელისუფლება, შესაძლოა, დამარცხდეს. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენელი გიორგი კაპანაძე "ბიზნეს-რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ თუთუნის გაძვირება მწეველთა რაოდენობას ვერ შეამცირებს, რა მოტივითაც პარლამენტმა საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა.

,,თუთუნის ბიზნესი იყო ერთადერთი მიმართულება, რომელიც რეგულაციების მიღმა დარჩა. ამ თვალსაზრისით, დაბეგვრა კარგია, მაგრამ ფაქტია, ისიც, რომ ამ რეგულაციით მწეველების რაოდენობას ვერ შეამცირებენ. საკანონმდებლო ინიციატივის განხილვისას ერთ-ერთ მოტივად სწორედ ეს საკითხი განიხილებოდა. მწეველებს იაფ თამბაქოზე წვდომა აღარ ექნება და ყველანაირად შეეცდებიან, რომ გამოსავალი მოძებნონ. ეს შეიძლება იყოს კონტრაბანდა, რომლის მასშტაბები ისედაც გაზრდილია ბოლო წლების განმავლობაში. ცნობილია, რომ აქციზის ზრდის მიუხედავად, შემოსავლები მცირდება, სიგარეტის შემთხვევაში ასეა და სამომავლოდაც ასე გაგრძელდება, რადგან ფასის ზრდა შავ ბაზარს გზას უხსნის. 

თუთუნის გაძვირება კონტრაბანდას კიდევ უფრო გააძლიერებს. ამ მხრივ დიდი სამუშაოები ექნება სახელმწიფოს ჩასატარებელი. აქტიურად უნდა ებრძოლონ კონტრაბანდას, რომელიც უკვე ისე ძლიერად გვიტევს, რომ საეჭვოა, ამ ბრძოლაში მთავრობამ წარმატებას მიაღწიოს. სხვადასხვა რეგიონიდან და საზღვრებიდან კონტრაბანდის მეტი და მეტი შემთხვევა ფიქსირდება და მომავალი წლიდან არალეგალური პროდუქტის მომხმარებელთა რიცხვი მოიმატებს", - ამბობს ფინანსისტი.

თუთუნის აქციზით დაბეგვრას მხარს უჭერს თამბაქოს კონტროლის ალიანსის დამფუძნებლის გიორგი ბახტურიძეც. მისი თქმით, ადამიანების ჯანმრთელობასთან პირდაპირ კავშირშია თამბაქო და იგი არ უნდა იყოს მარტივად ხელმისაწვდომი: 

,,თუთუნი სარისკო პროდუქტად რჩება. თავის დროზე მთავრობამ ვერ გაითვალისწინა, რომ ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების აქციზის გათანაბრების შემდეგ თუთუნის საკითხი ღია რჩებოდა. ასე მოხდა კიდეც და ერთბაშად, სოკოებივით მომრავლდნენ თუთუნის გამყიდველი პუნქტები, ყველა ფეხის ნაბიჯზე იყიდება თუთუნი და ეს სერიოზული პრობლემაა, თუმცა გადაუწყვეტელი არ არის. უნდა გამკაცრდეს და ყურადღება მიექცეს ამ რეგულაციებს. ხალხი მთავრობას ადანაშაულებს, არადა რეალურად მათი ჯანმრთელობისთვის კეთდება ეს ყველაფერი. ამ სიტუაციაში გამოსავალია, რომ მომავალში ხელმისაწვდომი გახდეს თამბაქოზე დამოკიდებული ადამიანების მკურნალობა", - აღნიშნა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას თამბაქოს კონტროლის ალიანსის დამფუძნებელმა.

არადა, თუთუნი მოსახლეობაში პოპულარული სწორედ სიიაფია გამო გახდა. ამ ფაქტორს უკავშირდება თუთუნზე გაზრდილი მოთხოვნაც, თუკი ადრე მას, ძირითადად, მხოლოდ ბაზრობებზე ყიდულობდნენ, ბოლო დროს თუთუნის მაღაზიები თითქმის ყველა ქუჩაში გაჩნდა და მომხმარებელიც ბლომად ჰყავს. სულ რაღაც 1 წლის წინათ მას მხოლოდ ასაკოვანი ადამიანები მოიხმარდნენ, ახლა კი უკვე ბევრი ახალგაზრდა თუთუნზე დამოკიდებული გახდა.

ხიზანიშვილის ქუჩაზე მდებარე თუთუნის მაღაზიაში ამბობენ, რომ მოსახლეობა თითქმის მასიურად თუთუნზე გადავიდა.

,,თუთუნის მომხმარებელთა წრე საკამოდ გაფართოვდა და "გააახალგაზრდავდა". მნიშვნელობა არ აქვს ასაკს და სქესს, ხალხი მასობრივად ყიდულობს. გვაქვს როგორც იმპორტული, ისე ადგილობრივი თუთუნიც. იაფია და ხალხი ამიტომ ყიდულობს. ცხადია, რომ გაძვირება რეალიზაციას შეამცირებს. თუკი ფასი სიგარეტს გაუთანაბრდება, თუთუნს არავინ იყიდის ან მხოლოდ ის კატეგორია, რომლისთვისაც ფასში მცირე სხვაობასაც მნიშვნელობა ექნება. საბოლოო ჯამში, ჩვენს ბიზნესსაც გაუჭირდება და ამდენი მაღაზიის საჭიროებაც არ იქნება. მოქალაქეებს თუთუნის შეძენაც უჭირდათ, ახლა ეს არჩევანიც მოისპობა", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" თუთუნის მაღაზიის მფლობელმა რეზო სოხაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×