"გარდაუვალი იქნება ასახვა ჩვენს ეკონომიკაზე, ვითარება უფრო დამძიმდება"
თამარ მუკბანიანი
14.10.2019

 თურქეთი ამერიკისგან უმკაცრესი სანქციების მოლოდინშია. განვითარებული მოლო მოვლენების ფონზე, 5.69-დან 5.93-მდე გაუფასურდა თურქული ლირა. საქართველოზე მისი ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორის და ფინანსური კრიზისი კი ყოველთვის მძიმედ აისახებოდა. ამჯერად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ისედაც მძიმე დღეშია. რა ელის ქართულ ლარს და მთლიანად საფინანსო ბაზარს თურქეთის კოლაფსის პირობებში?

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია  სირიაში შეჭრის გამო, ანკარას მასშტაბურ ეკონომიკურ სანქციებს მიმდინარე კვირაში დაუწესებს. როგორც საინფორმაციო სააგენტო "როიტერი" აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელზე დაყრდნობით წერს, ტრამპმა თურქეთს „ძალიან მკაცრი სანქციები“ მოუმზადა.

რესპუბლიკელებმა ლინდსი გრეჰმა და დემოკრატმა კრის ვან ჰოლენმა სანქციების ახალი პაკეტი წინა კვირას შეიმუშავეს. შეზღუდვები შეერთებულ შტატებში თურქეთის ხელმძღვანელობის აქტივების გაყინვას ისახავს მიზნად. იმავდროულად, სანქციები თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს, ვიცე-პრეზიდენტს და თავდაცვის მინისტრსაც შეეხება. ამასთან, გამკაცრდება სავიზო რეჟიმი ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის. 

სხვა საკითხებთან ერთად, აშშ-ის მიერ თურქეთის შეიარაღებული ძალებისთვის იარაღის მიყიდვა აიკრძალება. იმ უცხოელებსაც კი, რომლებიც თურქულ ძალებთან იარაღის მიყიდვაზე გარიგებებს აწარმოებენ, სანქციები დაეკისრებათ. როგორც ცნობილია, გასულ წელს გერმანიამ თურქეთს საბრძოლო შეიარაღება მიაწოდა, რომლის ღირებულებამაც 240 მილიონ ევროზე მეტი შეადგინა, რაც გერმანიის საბრძოლო მასალის ექსპორტის თითქმის მესამედს შეადგენს. 

რესპუბლიკელი გრეჰემი და სხვა ამერიკელი დეპუტატები თეთრი სახლის ლიდერს მოკავშირე ქურთების "გასაჭირში მიტოვებაში’’ ადანაშაულებენ. როგორც შტატებში აცხადებენ, ქურთი მებრძოლები ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების უახლოესი მოკავშირეები იყვნენ.

სანქციების მოლოდნის და თურქეთში განვითარებული მოლო მოვლენების ფონზე, 5.69-დან 5.93-ამდე გაუფასურდა ადგილობრივი ვალუტა, პრობლემებია ინფლაციის მხრივაც. რა ელის ამ ფონზე საქართველოს ეკონომიკას?

აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე ადასტურებს, რომ ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორის ირგვლივ შექმნილი ვითარება პირდაპირ აისახება საქართველოზეც. მით უფრო, რომ მოახლოებულია ზამთარი, როცა იმპორტირებული პროდუქცია ისედაც ძვირდება. 

,,თურქეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პარტნიორია და აქედან გამომდინარე, ყველა მოვლენა, რაც თურქეთის ეკონომიკაში ხდება, აისახება ჩვენზეც. მით უფრო, რომ საქართველო იმპორტდამოკიდებული ქვეყანაა და ამ მხრივ მეზობელი ქვეყნის წილი დიდია. ბუნებრივია, რაც იქ გაძვირდება, ფასი მოიმატებს ჩვენთანაც.  

თურქეთის გავლენა იქნება ორმხრივი. ერთი, როდესაც თვითონ სამხედრო ოპერაციებს აწარმოებს ეს არის დამატებითი ხარჯი, რომელიც აისახება მათ ეკონომიკაზე და მეორე მხრივ, მოსალოდნელი სანქციები, თავისთავად ცხადია მთთვის ახალი დარტყმა იქნება, რომელიც გავლენას ჩვენზეც იქონიებს.

შემოდგომის ბოლოს, როცა ლარის გაუფასურების მაღალი ნიშნულის გამო, ისედაც არასახარბიელო მდგომარეობა, ვითარება უფრო დამძიმდება არა მხოლოდ იმპორტის კუთხით, არამედ შიდა სავალუტო ბაზარზეც. 

გარდაუვალი იქნება ასახვა ჩვენს ეკონომიკაზე. მთავარია, რა დროს და რა პერიოდის განმავლობაში იმოქმედებს, დაანონსებული უმკაცრესი სანქციები. უნდა ითქვას, რომ თუ ეს პროცესი ხანგრძლივი იქნება, ჩვენ მოგვიწევს ახალი ბაზრების ძიება, რაც ურთულესი ამოცანაა. ეს დიდ დროს და რესურსს მოითხოვს”, - ამბობს ,,ბიზნეს-რეზონანსთან” აკადემიკოსი. 

თურქეთმა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით ქურთების დასახლებებზე იერიშები გასულ კვირას მიიტანა, საერთაშორისო თანამეგობრობის გაღიზიანებაც ამან გამოიწვია. ვითარება მეზობელ ქვეყანაში პოლიტიკურადაც და ეკონომიკურადაც იძაბება.

ეკონომიკის დოქტორი, რატი აბულაძე ამბობს, რომ საქართველო რეგიონში  მიმდინარე მოვლნების მიმართ, კვლავ მოწყვლადია, ამიტომ ყველა რისკი წინასწარ უნდა იქნას გათვალისწინებული და ბიუჯეტიც ასე დაიგეგმოს.

"ამერიკის პრეზიდენტის მიერ თურქეთის მიმართ მიმართული აგრესიული სანქციების ნაკრები რეგიონისთვისაც ვნებათაღლვის საფუძველია. სანქციების ეკონომიკური გავლენა აჩვენებს, რომ თურქეთის ეკონომიკური ზრდა 5 პროცენტის ნაცვლად 0 პროცენტამდე შემცირდება. იგი გავლენას იქონიებს ევროჯავშირთან 171 მლრდ დოლარიან ვაჭრობის მოცულობაზე, ხოლო აშშ-ს თან 20 მლრდ დოლარიან სავაჭრო ურთუერთობაზე, რომლის პოტენციალიც 100 მლრდ დოლარამდე იყო.  სანქციების უკუეფექტები, გვერდითი ეფექტები, ირიბი გავლენები შეხებაში იქნება რეგიონთანაც. ეს კი გულისხმობს არამხოლოდ ეკონომიკურ, არამედ პოლიტიკური გამოწვევებს. 

სამწუხაროდ, საქართველო კვლავ მოწყვლადია საგარეო გამოწვევებისადმი. მართალია, ფინანსური სექტორი გაცილებით მდგრადია, თუმცა ეკონომიკური გარემო ჯერ ისევ "იმედის" ძიებაშია.

საქართველოს თურქეთთან მჭიდრო სავაჭრო, ეკონომიკური, საინვესტიციო ურთიერთობები აქვს. ჩვენ პირდაპირ თუ ირიბად დამოკიდებული ვართ რეგიონში მიმდინარე პროცესებზე.

მხედველობაშია მისაღები მეზობელ სახელმწიფოში დასაქმებულთა რაოდენობა და გადმორიცხული თანხები. თუ გავითვალისწინებთ თურქეთის იდეოლოგიურ ფონს, ის ამ სანქციებით უკან არ დაიხევს, ამიტომ ვითარება გამწვავდება. ამ ფონზე საქართველოს მოუწევს არსებული საგარეო გამოწვევების შემცირებისათვის წინწასწარი მუშაობა.

მიმაჩნია. რომ ბიუჯეტი უნდა დაიგეგმოს თავდაცვის ხარჯების ზრდის მიმართულებით. შეიქმნას სახელმწიფო კვლევითი ინსტიტუტები, რომლებიც პრევენციის მიმართულებით პროგრამებს შეიმუშავებენ და წარმოადგენენ”, - აღნიშნა რატი აბულაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან” საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×