წლის 3 კვარტალი ნავთობპროდუქტების იმპორტისთვის წარმატებული აღმოჩნდა, თითქმის ყველა კატეგორიის საწავავის იმპორტი და მოხმარება გაზრდილია. მართალია, სექტემბერში საგზაო ბიტუმის, თხევადი აირისა და საავიაციო ნავთის იმპორტი შემცირდა, მაგრამ მთლიანად პირველი 9 თვის განმავლობაში იმპორტი აღმავალი ტრენდით ხასიათდება. გარდა ამისა, ზეთების იმპორტის მაჩვენებელი წინა თვეშიც გაზრდილია, რაც ავტოპარკის მატებას უკავშირდება.
კერძოდ, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით,
2019 წლის სექტემბერში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,8 ათასი ტონა, რაც 0,2 ათასი ტონით მეტია აგვისტოს მაჩვენებელთან შედარებით.
ქვეყნების მიხედვით, 2019 წლის სექტემბრის თვეში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა ირანიდან - 0,41 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 22,8%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: თურქეთი - 0,38 ათასი ტონა (21,1%), რუსეთი - 0,25 ათასი ტონა (13,9%), გერმანია - 0,20 ათასი ტონა (11,1%) და სხვ.
რაც შეეხება 9 თვის სტატისტიკას, საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 14,7 ათასი ტონა, რაც 0,8 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
საგულისხმოა, რომ სექტემბერში საავიაციო ნავთის იმპორტში კლებაა, რაც რუსეთის მიერ საქართველოსთვის დაწესებულ ტურისტულ ემბარგოს უკავშირდება. წინა თვეში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 5,4 ათასი ტონა, რაც 7,4 ათასი ტონით ნაკლებია აგვისტოს მომაცემთან შედარებით.
როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის სტატისტიკური მონაცემიდან ირკჯვევა, ქვეყნების მიხედვით, 2019 წლის სექტემბრის თვეში საავიაციო ნავთის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქმენეთიდან - 3,1 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 57,4%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ეგვიპტე - 1,7 ათასი ტონა (31,5%), თურქეთი - 0,6 ათასი ტონა (11,1%).
მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 80,8 ათასი ტონა, რაც 5,5 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (75,3 ათასი ტონა).
2019 წლის სექტემბრის თვეში საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 20,0 ათასი ტონა, რაც 7,5 ათასი ტონით ნაკლებია აგვისტოს თვის მაჩვენებელთან შედარებით. აქედან იმპორტის 73,0% (14,6 ათასი ტონა) მოდის ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე. შემდეგ მოდიან: ერაყი - 3,0 ათასი ტონა (15,0%), აზერბაიჯანი - 1,9 ათასი ტონა (9,5%), თურქეთი - 0,3 ათასი ტონა (1,5%), რუსეთი - 0,2 ათასი ტონა (0,1%).
მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 130,5 ათასი ტონა, რაც 62,8 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (67,7 ათასი ტონა).
2019 წლის სექტემბერში საქართველოში გათხევადებული აირების იმპორტმა შეადგინა 1,6 ათასი ტონა, რაც აგვისტოს მაჩვენებელს 0,5 ათასი ტონით ჩამორჩება. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის თვეების განმავლობაში კი გათხევადებული აირების იმპორტმა შეადგინა 12,7 ათასი ტონა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (10,8 ათასი ტონა) 1,9 ათასი ტონით აღემატება.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის ვანო მთვრალაშვილის შეფასებით, განსაკუთრებით საგზაო ბიტუმის იმპორტი და მოხმარებაა გაზრდილი, რაც გზების მშენებლობას უკავშირდება. ,,წელს საგზაო სამუშაოები ძალიან დიდი ტემპით მიმდინარეობდა. ფაქტობრივად, ის მოცულობა, რაც პირველ 9 თვეში შემოვიდა, ბოლო წლების განმავლობაში არასდროს ყოფილა. თხევადი აირს რაც შეეხება, მისი მოხმარება, იზრდება იმის ხარჯზე, რომ სატრანსპორტო საშუალებები აქტიურად იყენებენ. ამ ტიპის საწვავი ბენზინის ალტერნატივაა და ფასის გამო მომხმარებელი არჩევანს სწორედ ამ საწვავზე აკეთებს.
წლების წინ თხევადი აირი გამოყენებოდა საყოფაცხოვრებო დანიშნულებით, მაგრამ ბოლო წლებში, ძირითადად, საავტომობილო დანიშნულებით იყიდება და მოთხოვნა მომავალში კიდევ გაიზრდება. რაც შეეხება საავიაციო ნავთს, ავიარეისები რუსეთთან არ ხორციელდება და ეს რაოდენობა იმპორტს მოაკლდა. ემბარგომ ამ თვალსაზრისით გარკვეული გავლენა მოახდინა", - განუცხადა ვანო მთვრალაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსს".
საგულისხმოა, რომ საკმაოდ მათალი მაჩვენებლით გაიზარდა საავტომობილო ზეთის იმპორტი და მოხმარება.
,,საავტომობილო პარკი ფართოვდება და ეს სავტომობილო ზეთის იმპორტზე პირდაპირ აისახება. გარდა ამისა, საქართველოზე ტრანზიტად გამავალი სატვირთო საშუალებების რაოდენობა გაზრდილია, რაც ზეთის იმპორტზეც გავლენას ახდენს. რაც შეეხება მომწოდებელ ქვეყნებს, ირანი ლიდერ პოზიციაზეა. ამ ქვეყნის ნაწარმის მიმართ ინტერესი მხოლოდ და მხოლოდ ფასს უკავშირდება და ქართველმა მომხმარებელმა არჩევანი სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით გააკეთა", - ამბობს ვანო მთვრალაშვილი და დასძენს, რომ იმპორტის სტრუქტურაში დადებითი მოვლენა არ არის ის, რომ ყველაზე მსხვილი მომწოდებელი გახდა ირანის ისლამური რესპუბლიკა, რომელიც 2017 წელს მესამე პოზიციაზე იყო.
,,იმპორტის ზრდა თავისთავად კარგია, რადგან მოხმარება გაზრდილია და კომპანიებს შესაბამისად მეტი ბრუნვა ჰქონდათ, თუმცა 2017 წელს ყველაზე დიდი მომწოდებელი იყო რუსეთი, მერე თურქეთი და პირველ ოთხეულს ამთავრებდა გერმანია. აღსანიშნავია, რომ ირანი არ ითვლება ზეთების მწარმოებელ ტრადიციულ ქვეყნად, მათ შორის საავტომობილო ზეთების და ვერც ერთ მსოფლიოში ცნობილ კომპანიას ის ვერ უწევს კონკურენციას. ამიტომ ცნობადობის გამო კი არ აკეთებს მომხმარებელი, არამედ მისაღები ფასის გამო და მის მიმართაც მოთხოვნა იზრდება", - ამბობს ვანო მთვრალაშვილი.