"პირველ ეტაპზე შეიძლება ოფისიდან გავყიდოთ, მაგრამ შეიძლება მცირე აფთიაქიც გავხსნათ"
ირაკლი ლომიძე
14.10.2019

 როდის დაიწყება თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტების `თავის ფასში~ გაყოდვა, ჯერ უცნობია. აქციის ორგანიზატორი, პარტია  "თავისუფალი საქართველო" ერთი მხრივ, ლიცენზიის მოპოვებასა და  აფთიაქის გახსნაზე მუშაობს, მეორე მხრივ კი მოლაპარაკებას აწარმოებს არაბრენდირებულ ფარმაცევტულ ობიექტებთან, რომ წამლები მინიმალურ ფასად გაიყიდოს. როგორც კახა კუკავა აცხადებს, მოსახლეობიდან ინტერესი დიდია და ყოველდღე უამრავი ადამიანი რეკავს.

,,წამლის ფასი 500%-იანი ნამატით", - ასეთია პარტია ,,თავისუფალი დემოკრატების" პოლიტიკური აქციით ფარმეცევტულ ბიზნესში გამოვლენილი ფაქტი. შეიძლება, ეს პარტიის მხრიდან პოპულისტური სვლაა, მაგრამ ნათლად ასახავს იმ ვითარებას, რაც დღეს სააფთიაქო ქსელებშია. როგორც პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, მათი მცდელობა იყო, სააფთიქო ქსელებში არსებული ვითარება და მათი საფასო პოლიტიკა გაეშიშვლებინათ. მართალია, ამაზე მოსახლეობამ ისედაც იცის, თუმცა პოლიტიკური პარტიის მცდელობაა, დაანახოს ხალხს, როგორია წამლის ფასი მეზობელ რეგიონში და რა მოგების მარჟაზე გადიან ქართული კომპანიები გაღარიბებული მოსახლეობის ხარჯზე.

ამ მიზნით „თავისუფალი საქართველომ“ მედიკამენტები თურქეთიდან იმაზე დაბალ ფასად შემოიტანა, ვიდრე საქართველოში იყიდება. როგორც პარტიის წევრები აცხადებენ, ეს წამლები ჯერჯერობით არ იყიდება, რადგან ლიცენზია არ აქვთ.

პარტიის ლიდერი კახა კუკავა ფიქრობს, რომ მათ მიერ დაწყებული კამპანია შედეგს მოიტანს, თუკი წამლების რეალიზაციას მცირე აფთიაქების საშუალებით მოახდენენ, რადგან სხვა დიდი კომპანიებიც იძულებულები გახდებიან, ფასები დააკლონ.

,,ლიცენზია ჯერჯერობით არ გვაქვს, მაგრამ რამდენიმე პრეპარატი, ერთეულის სახით რამდენიმე ოჯახს გადავეცით. პირველ ეტაპზე შეიძლება ოფისიდან გავყიდოთ, მაგრამ შეიძლება მცირე აფთიაქიც გავხსნათ, რომელიც ფუნქციონირებას ოფისშიც დაიწყებს. შემოტანასთან დაკავშირებით განაცხადი წამლის სააგენტოში შეტანილი გვაქვს. როდესაც ამის ნებართვას მივიღებთ, იმპორტსაც მარტივად დავიწყებთ. ბუნებრივია, მოთხოვნა ძალიან დიდია და ყოველდღე უამრავი ადამიანი რეკავს. არანაირი მოგება არ გვაქვს, პოლიტიკური აქციაა, არაკომერციული პროცესია, რადგან მედიკამენტებს გავყიდით ზუსტად იმ ფასებში, რაც ღირს თურქეთში“, - განუცხადა "ბიზნეს-რეზონასს" კუკავამ.

პარტიაში ამბობენ, რომ აქციამ თავისი ,,სათქმელი  თქვა", აჩვენა სიმართლე და ახლა უკვე ჯერი ბიზნესზეა - გააგრძელებენ მოსახლეობის ყვლეფას თუ ფასს შეამცირებენ. 

,,საქართველოში სიღარიბე ყველა ზღვარს გასცდა, ხალხი მასიურად დაავადებულია. მთელ ქუთაისში 8 აფთიაქი და 250 ათასი მცხოვრები იყო, ახლა, ალბათ, 800 აფთიაქია და 110 ათასი მოსახლე, კატასტროფული ვითარებაა. თანაც, აფთიქებში მუდმივად რიგია, წამლების ბიზნესი ზემომგებიანი გახდა, რადგან მოხმარება მატულობს და ამით არაკეთისლინდიეიერი ადამიანები სარგებლობენ. რასაც დღეს აფთიაქებში ვუყურებთ, არანორმალური მოვლენაა. 

აუცილებლობა იყო, გვეჩვენებინა რა ზემოგებებზე მუშაობს ეს ბიზნესი, სხვა მიზანი არ გვქონია. პოლიტიკური კამპანიაა, რომელმაც თავისი დანიშნულება შეასრულა და ხალხს სიმართლე ვაჩვენეთ. ჩვენი ამოცანა არ არის წამლების შემოტანა, მაგრამ ხელისუფლებას, ადამიანებს დავანახეთ, რომ არ შეიძლება აფთიაქებმა კატასტროფული ზემოგებით იმუშაონ. ხელმისაწვდომი უნდა იყოს წამალი მოსახლეობისთვის, მაგრამ ესენი 200-300%-იან მოგებაზე გადიან. მეტიც, როცა 5 ლარიანი წამალი 25 ლარად იყიდება, უკვე 400%-იანი მოგებაა და ბევრია ასეთი ფაქტი. 

ჩვენ ვაცხადებთ, რომ ფასის დაწევა შესაძლებელია, მაგრამ ატყავებენ ხალხს სანამ გაუვათ! ლიცენზიის მოპოვება გვინდა. არაბრენდირებულ აფთიაქებთან უკვე გვაქვს საუბარი. ახლა ჩვენს მიერ შემოტანილი წამლები არ იყიდება, მაგრამ ვცდილობთ, რომ რეალზიაცია დავაკანონოთ", - განუცხადა "თავისუფალი საქართველოს" ლიდერმა გოგი წულაიამ ,,ბიზნეს-რეზონანსს". 

ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებს წამლის ფასთან დაკავშირებით საკმაოდ მწვავე დამოკდიებულება აქვთ, თუმცა ამბობენ იმასაც, რომ ეს საკითხი პოპულიზმის დონეზე არ უნდა წყდებოდეს. ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტის სერგო ჩიხლაძის თქმით, აუცილებელია ექსპერტების და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების ჩართვა, რომ კონკრეტული მექანიზმი შემუშავდეს, რითაც პრობლემა გადაიჭრება.

,,აფთიაქები მაღალ მოგებაზე მუშაობენ, ეს ცნობილი ფაქტია, მაგრამ როგორმე უნდა მოხერხდეს, რომ გამოსავალი მოიძებნოს. კომერციული ინეტერესები იმდენად დიდია, რომ მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები შეღავათზე არ წამოვლენ. აქ სხვა მექანიზმია შესამუშავებელი. არის ყველა რესურსი, რომ მედიკამენტები შედარებით ნაკლები მოგებით გაიყიდოს.

რაც შეეხება პოლიტიკური პარტიის ინიციატივას, ამის შეფასება გამიჭირდება. ერთია ნება - განაცხადო, რომ ფასი შესამცირებელია, მაგრამ მეორეა კონკრეტული გზა. წამალი რომ 300%-იანი მოგებით იყიდება, 20 წელია ისედაც ყველამ ვიცით. მნიშვნელოვანია სპეციალისტების ჩართვა და ძალიან აქტიური მუშაობა. პოლიტიკური პოპულიზმი ამ საკითხს ვერ მოაგვარებს", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას სერგო ჩიხლაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×