თამარ მუკბანიანი
15.10.2019

 მკვეთრად შემცირებული მავნებელი და სამჯერ გაზრდილი მოსავალი. ეს ფაროსანასთან ბრძოლის შედეგია. სურსათის ეროვნული სააგენტოს ტექნიკით მავნებელთა ბრძოლა არაერთი მეთოდით ხდება და შედეგად, მწერი, რომლიც საქართველოში 2016 წელს გამოჩნდა და უზარმაზარი ზიანი მიაყენა ფერმერებს, განეიტრალებულია. 

დღეის მდგომარეობით, დასავლეთ საქართველოში - სამეგრელოს, გურიის, იმერეთისა და აჭარის რეგიონებში თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავებულია 258 ათასი ჰა საკარმიდამო ტერიტორია, ცივი შესხურების მეთოდით - 136 851,40 ჰა, მათ შორის, 44 144,55 ჰა სოფლის პერიმეტრი და 11 700,25 ჰა ტყის პერიმეტრი,  73 006,60 ჰა სიმინდის მასივი. ფაროსანას მონიტორინგის მიზნით, სოფლის ტერიტორიებზე განთავსებულია 4 346 ფერომონი, ხოლო ტყის პერიმეტრებზე 92 000 „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური.

შეწამვლითი სამუშაოები სურსათის ეროვნული სააგენტოს ტექნიკით მიმდინარეობს საყანე ფართობებში, თერმული ნისლის ტექნოლოგიით მუშავდება სოფლების ტერიტორიები, მონტაჟდება „მოიზიდე და გაანადგურე სადგურები“.

ღონისძიებები მიმდინარეობს სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონებსა და აჭარაში. მათი ეფექტიანად დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით, აბაშის მუნიციპალიტეტში მოქმედებს მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი. მოსახლეობის ინფორმირებულობის  მიზნით, შექმნილია გზავნილების სისტემა და სპეციალური ვებ-გვერდი. ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში ჩართულნი არიან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულები.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, აჭარაში, სოფელ ციხისძირში, მედიასემინარი გაიმართა, სადაც სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლებს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის 2019 წლის შედეგები გააცნეს. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მიერ განხორციელებული  ღონისძიებების შედეგად წელს ფაროსანას რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად კვლავ მიმდინარეობს და გაგრძელდება, ვიდრე მავნებელი კონტროლს არ დაექვემდებარება.

 მსოფლიოს წამყვანმა ენტომოლოგებმა, რომლებიც მიმდინარე წელს რამდენჯერმე იმყოფებოდნენ საქართველოში, მაღალი შეფასება მისცეს  გატარებულ ღონისძიებებს და მავნებელთან ბრძოლის ინტეგრირებულ მიდგომას, რომელიც ბევრი ქვეყნისთვის სამაგალითოა.

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის უფროსი ლაშა შალამბერიძე, ,,რეზონანსთან” ამბობს, რომ სახელმწიფოს მთავარ ამოცანად მოსახლეობის ინფორმირება რჩება. გატარებული ღონისძიებების შედეგი კი მოსავალია, რომელიც ფერმერება მიიღეს. 

,,სახელმწიფოს მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა შედეგი გამოიღო. მკვეთრად შემცირებულია მავნებლის რიცხოვნობა. ბუნებრივია, ჩვენ არც გვქონია ილუზია, რომ მთლიანად გავანადგურებდით, ბრძოლა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. მნიშვნელოვანია, რომ წელს საქართველო ელოდება 45 ათას ტონა თხილს, რაც შარშანდელთან შედარებით გასამმაგებულია. კარგი მდგომარეობა სიმინდის მასივებში და ციტრუსის მხრივაც. 

ჩვენ შევდიოდით ოჯახებში და ვუხსნიდით როგორ ებრძოლათ მავნებელთან. სიახლე იყო ასევე ლაბორატორია მანქანები, რომლებიც დადიოდნენ სოფლებში და დეტალურად აცნობდნენ მოსახლეობას მათ მიერ მოტანილ მცენარეს რა დაავადება ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ ძირითად შემთხვევებში ეს არ იყო ფაროსანა. 

მნიშვნელოვანია, რომ მოსახლოებამ თუნდაც იმ აგროკალენდრის მიხედვით სწორ დროს და სწორად დაამუშავოს ფართობები. სახემწიფო, რასაკვირველია განაგრძობს ღონისძიებებს, მაგრამ უმთავრესი მაინც ფერმერის მიერ, საკუთარ მოსავალზე სწორი ზრუნვა და ჩვენი მხრიდან ამაში დახმარებაა”, - ამბობს შალამბერიძე. 

2017 წელს, დასავლეთ საქართველოში მთავარი პრობლემა სწორედ, მავნებლის მიერ თხილის მოსავლის განადგურება იყო. თხილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორი, გიორგი თოდუა ამბობს, რომ შედეგი თვალსაჩინოა. იმ ფერმერებმა, რომლებიც სახელმწიფოს მიერ შემშავებული წესით და სესის დახმარებით უვლიდნენ ბაღებს,  გასამმაგებული მოსავალი მიიღეს. 

,,ფაქტია, ჩვენ, ფერმერებმა ყველაფერი გავაკეთეთ, რომ თხილის კარგი მოსავალი გვქონოდა. სურსათის უვნებლობის სააგენტოს, ფაროსანასთან ბრძოლის შტაბის დახმარებით კი მოხერხდა მოსავლის მიღება და დღეს, კილოგრამის ფასი 5-7 ლარია. სასურველია, რაც მეტი ფერმერი ჩაერთვება ამ პროექტებში. ფაქტია, ვინც უვლის, შედეგიც აქვს, ყოველ შემთხვევაში მართვა და დაბალანსება შესაძლებელია. 

ველოდებით რომ მომავალ წელს პროექტებში სამჯერ მეტი ფერმერი ჩაერთვება. დღეს ასოაციაციაში 15 000 ფერმერია და მათი უმრავლესობა, სწორედ სახელმწიფოს დახმარებით და ინფორმირებით უვლის საკუთარ ბაღებს. ამის შედეგია 45 000 ტონამდე მოსავალი, რაც შარშან წარმოუდგენელ შედეგად მიიჩნეოდა” - ამბობს თოდუა. 

ექიმი ტოქსიკოლოგები, ალერგოლოგები, ჰიგიენისტები, ეპიდემიოლოგები, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მონიტორინგის ჯგუფში გააერთიანა, რათა ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველი შხამ-ქიმიკატების ზეგავლენა გამოევლინათ და ემართათ. სამედიცინო უნვერსიტეტის პროფესორი, მარინა გიორგობიანი მონიტორინგის ჯგუფის ერთ-ერთი წევრია და აცხადებს, რომ სახელმწიფოს მიერ გაცემული რეკომენდაციების სწორად დაცვის შემთხვევაში, უარყოფითი გვალენა გამორიცხულია. 

,,ზოგიერთი კვლავ მიიჩნევს, რომ ეს შხამები დიდხანს რჩება გარემოში, სინამდვილეში კი თერმული ნისლით დამუშავება სწორედ იმიტომაა რეკომენდირებული, რომ ის სწრაფად ნეიტრალდება და არ ტოვებს თავის კვალს გარემოში. 18-თვიანი მუშაობის შედეგად, დასავლეთ საქართველოს იმ რეგიონებში, სადაც აზიური ფაროსანას საწინააღდეგოდ გამოიყენება ზემოთ აღნიშნული შხამები, არც ერთი შემთხვევა არ გვქონია მოწამვლის, არც დასაქმებულთა და არც მოსახლეობას შორის. იყო რამდენიმე შემთხვევა გასულ წელს, თუმცა გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს არ იყო ამ პრეპარატების ზემოქმედება. ზოგიერთ შემთხვევაში კი კონკრეტულ ტერიტორიებზე საერთოდ არ მომხდარა შეწამვლა. ამიტომაც მნიშვნელოვანია სწორი ინფორმირება და კოორდინაცია”, - ამბობს მარინა გიორგობიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×