თამთა ჩაჩანიძე
15.10.2019

 „ეს რომ მსხვერპლს ეთხოვა, მაშინაც არ იქნებოდა გამართლებული, რომ ადვოკატი დათანხმებულიყო ამაზე და ადვოკატის ინიციატივით ამისი გაკეთება, ჩემი აზრით, სწორი არაა. რა თქმა უნდა არაეთიკურია", - ასე ეხმიანება „რეზონანსთან" იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია, სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ „ქართული ოცნების" დეპუტატ ილია ჯიშკარიანის ადვოკატის მარიამ კუბლაშვილის მიერ, დეპუტატის სავარაუდო მსხვერპლი თამთა თოდაძე სატელევიზიო დებატებში გამოწვევას.

ჯიშკარიანის ადვოკატმა კუბლაშილმა თოდაძის დებატებში მიწვევის შესახებ საკუთარ „ფეისბუქზე" დაწერა. მან ეთერის დათმობის თხოვნით „მთავარი არხის" ხელმძღვანელ ნიკა გვარამიას მიმართა.

მუხაშავრია ამბობს, რომ სავარაუდო მსხვერპლების დაკითხვას განსაკუთრებული სიფრთხილის აუცილებლობა აქვს და დებატებში გამოწვევა ადვოკატის მხრიდან კი არაეთიკურია.

„არაა ეს ეთიკური საქციელი. ჯერ ერთი, ასეთი ტიპის სავარაუდო მსხვერპლების დაკითხვას აქვს განსაკუთრებული სიფრთხილის აუცილებლობა. თუ ეს ადამიანი მსხვერპლია, გამომძიებელიც ვალდებულია, რომ მას ზედმეტი დაკითხვებით გული არ შეუწუხოს.

„ეს არანაირად არაა გამართლებული. თუ მტკიცებულებები და არგუმენტები აქვს, სასამართლოში დაამტკიცოს ადვოკატმა. ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემი კოლეგის მიმართ ამისი თქმა მიწევს, მაგრამ ადვოკატი, რომელიც ნეიტრალური და მეტ-ნაკლებად კვალიფიციური ადამიანია და სავარაუდო მსხვერპლი, რომელსაც ასეთი უხერხული, მძიმე და ტაბიურებული თემის გამო მოუწევს საჯარო გამოსვლა...

„ეს არანაირად არაა გამართლებული, მით უფრო, რომ ადვოკატს შესანიშნავი შესაძლებლობა აქვს, რომ თუკი მას მტკიცებულებები, დოკუმენტაცია და არგუმენტები აქვს, გამოძიებაში, სასამართლოში წარმატებით დაიცვას თავისი კლიენტი. ესაა მისი ფუნქცია და ამოცანა და არა ის, რომ შოუ მოაწყოს.

„ეს რომ მსხვერპლს ეთხოვა, მაშინაც არ იქნებოდა გამართლებული, რომ ადვოკატი დათანხმებულიყო ამაზე და ადვოკატის ინიციატივით ამისი გაკეთება, ჩემი აზრით, სწორი არაა. რა თქმა უნდა არაეთიკურია", - აცხადებს მუხაშავრია.

მისივე თქმით, მგავსი ტიპის შემთხვევების დროს, საერთაშორისო კონვენციის თანახმად,პროცესის მონაწილე ყველა პირი იმავე სქესის უნდა იყოს, რა სქესისაც მსხვერპლია.

„არსებობს საერთაშორიოსო დადგენილი წესები და კონვენციები, რომელიც ადგენს, რომ სექსუალური ხასიათის დანაშაულის გამოძიებას აქვს განსაკუთრებული სპეციფიკა, რომელიც საქართველოში დამკვიდრებული და კანონის დონეზე აღიარებული არაა. ეს გულისხმობს იმას, რომ მსხვერპლის სქესის მიხედვით უნდა იყოს შერჩეული გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე, ექსპერტი, პროცესის მონაწილე ყველა მხარე და პირი უნდა იყოს იმავე სქესის, რა სქესისაც მსხვერპლია, რომ მსხვერპლს მათთან არ გაურთულდეს და გაუძნელდეს შემთხვევაზე და დანაშაულზე საუბარი.

„როდესაც ამას ეძლევა უკვე საჯარო ხასიათი და ასეთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანი ხდება, ძალიან რთულია იქ ზღვარი დაიცვა და ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა იყო ასეთ თემებზე საუბრითაც და დებატებში გამოწვევა და მსგავსი რამ არანაირად გამართლებული არაა", - განაცხადა მუხაშავრიამ.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს დეპუტატს, ისნის მაჟორიტარ ილია ჯიშკარიანს, რომელსაც ბრალი მისი თანაშემწე, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის ქმედებისა და ცემის ფაქტზე წარუდგინეს, აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×