რეზონანსი
15.10.2019

 (რეზონანსი) საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, საპატრიარქოს მისამართით ისმის მუქარა, რომ თუ მსჯავრდებულ გიორგი მამალაძეს არ გამოუშვებენ, მათ წინააღმდეგ გარკვეული მასალები გამოქვეყნდება.

მისივე თქმით, შანტაჟის ენა საპატრიარქოს მამალაძის გამოშვებაში ხელს უშლის.

„საქმე ისაა, რომ ბოლო პერიოდში კვლავ წამოწიეს საპატრიარქოს მისამართით ბრალდებები. მე პირადად გულწრფელად ვცდილოდი, რომ ამ კვანძის გახსნა მომეხერხებინა. მამა გიორგიმ თავად მთხოვა, როდესაც პირველად მე მის სანახავად საავადმყოფოში მივედი, რომ გარკვეულად მედიატორი ვყოფილიყავი და დავხმარებოდი. ჩემი სურვილიც იყო ეს. ვცადე, მაგრამ როგორც მერე გაირკვა, ამბობდნენ, რომ საპატრიარქო ვაჭრობს.

საპატრიარქოს ეუბნებიან, რომ თუ არ გამოუშვებ, გამოვაქვეყნებთ მასალებს. თუ საპატრიარქოს ეშინია, რომ რამე არ გამოუქვეყნდეს, მაშინ უნდა დაიწყოს შრომა, რომ გამოიყვანოს. თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ თუ არ გამოუშვებთ, მე გამოვაქვეყნებ მასალებს. დააანონსა კიდეც ეს.

ეს შანტაჟის ენა საპატრიარქოს უკრავს ხელს, რომ გამოუშვას. მე მომხრე ვარ დღესაც, რომ მოხდეს შეწყალება და გამოუშვან. ვთქვათ, ავდექი დღეს და იმ ფონზე, როდესაც ისმის მუქარა, რომ თუ არ გამოუშვებთ, დავდებთ იმისთანა მასალებს, რომ ქვეყანაში აღარ დაგედგომებათ. მაგალითად, მე ხვალვე დავფაცურდი და გამოვუშვი, მერე მე მოსახლეობას როგორ ავუხსნა - შემეშინდა თუ მოწყალე ვარ და იმიტომ გამოვუშვი?

ერთი პერიოდი, როდესაც მე ჩართული ვიყავი ამ საქმეში, თითქმის მივიდა საკითხი იქამდე, შესაძლებელია გახსნილიყო ამ ყველაფრის დამაბრკოლებელი კვანძი, მაგრამ ბოლო მომენტში ჩემს ურთიერთობას მათ მხარესთან უწოდეს გარიგება, მე შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი, ამიტომ შევეშვი ყველაფერს, საერთოდ არ ვიყურები ამ საკითხში", - განაცხადა დეკანოზმა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 2016 წლის 10 თებერვალს დააკავეს. მას თავისუფლების 9 წლით აღკვეთა აქვს მისჯილი. ოჯახი მსჯავრდებული დეკანოზის შეწყალების საკითხში ჩარევას საპატრიარქოსგან ითხოვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×