ელზა პაპოშვილი
15.10.2019

 „ქართული ოცნების“ წევრისა და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ მათემატიკურ გათვლებს ოპოზიციასა და ანალიტიკურ წრეებში სერიოზული განხილვა მოჰყვა. რა შემთხვევაში ჩავარდება არჩევნების შემდეგ მმართველი კოალიციის ფორმირების მცდელობა, რის შედეგადაც ხელახალი არჩევნების ჩატარება გახდება საჭირო?

კობახიძემ 14 ოქტომბერს გადაცემა „360 გრადუსში“ სტუმრობისას განაცხადა, რომ თუ „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წელს ხმების 45% მაინც ვერ მიიღო, კოალიციის შექმნა შეიძლება ვერ მოხერხდეს. მისივე თქმით, აქედან გამომდინარე, მაღალი იქნება ხელახალი არჩევნების ჩატარების ალბათობაც.

ოპოზიციის შეფასებით კი, თუ 2020 წელს „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 45% დააგროვა, ეს ნიშნავს, რომ დანარჩენი პარტიები 55%-ს დააგროვებენ, შესაბამისად, ადგილების უმრავლესობა პარლამენტშI მათი იქნება და მთავრობასაც სწორედ გაერთიანებული ოპოზიციური ძალები დააკომპლექტებენ. ამიტომაც, მათი შეაფსებით, კობახიძის პოლიტიკური მათემატიკა გაუგებარი და აბსურდულია. 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ შესაძლოა „ოცნებას“ იმედი აქვს, რომ 45%-ს თავად აიღებენ, ხოლო 6 პროცენტს - მათი სატელიტი „პატრიოტთა ალიანსი“, თუმცა, ამის იმედი ნაკლებად უნდა ჰქონდეთ. 

ასეთი გამოხმაურების შემმდეგ კობახიძემ უკვე 15 ოქტომბერს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია „ქართული ოცნება“ იქნება და იგი ხმების დაახლოებით 60%-ს მიიღებს.

„ეს არის მარტივი არითმეტიკა, საუბარია მარტივ კალკულაციაზე, რომელიც ჩვენ იმის პროგნოზირების საშუალებას გვაძლევს, თუ რა შემთხვევაში გახდება შესაძლებელი კოალიციის ფორმირება. რეალურად, გამარჯვებულმა პარტიამ უნდა მიიღოს დაახლოებით მინიმუმ 45% იმისთვის, რომ შედგეს კოალიცია.

„გამარჯვებულ პარტიას რაც შეეხება, ეჭვი არავის ეპარება, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ეს იქნება „ქართული ოცნება“. თუმცა, 45% არ არის ჩვენი მიზანი და ჩვენი ამოცანა. მე ვფიქრობ, რეალური სურათი, რაც ალბათ შეიქმნება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, არის დაახლოებით შემდეგი: 60% „ქართული ოცნება“, 20% „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი „ევროპული საქართველოთი“ და 20% დანარჩენი ოპოზიცია. ეს არის რეალურად მიღწევადი შედეგი „ქართული ოცნებისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ კოალიციის შექმნა წარმოუდგენელია ანტიდასავლური ორიენტაციის მქონე პარტიებთან.

„ქართული ოცნების“ წევრი და დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე კი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ მათი ვალია საპარლამენტო არჩევნებში 50%-ზე მეტი აიღონ. მისივე თქმით, მათ საზოგადოებასთან ურთიერთობა აქვთ და ამის წინაპირობას ხედავენ..

„რა თქმა უნდა, ამომრჩეველი თანდათან იხვეწება და საზოგადოებამ თავისი ხმის დაფასება დაიწყო. თუმცა, საბოლო ნიშანს მოსახლეობა არჩევნებზე დაწერს. ჩვენი მიზანია, რომ „ოცნებამ“ უმრავლესობა აიღოს. საკონსტიტუციო უმრავლესობის ამბიცია არ გვაქვს, თუმცა, ჩვენი უმრავლესობა ქვყანაში სტაბილურობის წინაპირობა იქნება. 

„კობახიძემ თეორიული დაშვება გააკეთა - რომ შესაძლოა კოალიციური მთავრობა შეიქმნას და ამით ქვეყანაში სტაბილურობა იქნება. თეორიულ დაშვებაზე ჟურნალსიტმა რაც ჰკითხა, კობახიძემაც ამის მიხედვით უპასუხა. 

„ჩვენთვის კოალიციური მთავრობის შექმნის შემთხვევაში წითელი ხაზი იქნება, რომ მოძალადეებთან პოლიტიკური ერთობის ჩამოყალიბება არ მოხდება. ასევე დაუშვებელია, რომ „ოცნება“ მოქცეული იყოს რუსეთის ფრთის ქვეშ და ჩვენს საგარეო პოლიტიკურ კურს არ გადავუხვევთ“, - განაცხადა ხუნდაძემ „რეზონანსთან“.

იურისტი ანა დოლიძის განცხადებით კი, „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთს ასულდგმულებს და მათ ახალი პოლიტკური ძალების გამოჩენის ეშინიათ. დოლიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ისინი საქართველოს მოსახლეობას აშანტაჟებენ. მისი თქმით, ირაკლი კობახიძემ კარგად იცის ევროპაში კოალიციის ფორმირება როგორ ხდება, ამიტომ მოსახლეობის ტერორში ყოფნა დიდხანს აღარ გაგრძელდება. 

„ჯერ კონსტიტუციური ცვლილება დაწერილიც არ არის და რა პროცენტებს ინაწილებენ?! ოკუპაციაზე პასუხი არ აქვთ, გარეჯზე პასხუხი არა აქვთ, ამიტომაც კობახიძეს რისი იმედი აქვს, ნამდვილად არ ვიცი. საიდან მოაქვს, რომ ამხელა პროცენტებს აიღებს? 

„ამ ჩაკეტილი წრის გარღვევა შესაძლებელია და ამისთვის გეგმა უნდა წარმოვადგინოთ. კობახიძის და სააკაშვილის მოსმენა საერთოდ არავის აინტერესებს. ყველა უნდა გავერთიანდეთ, რომ ეს ორი ძალა ერთხელ და სამუდამოდ მოვიშოროთ“, - აცხადებს ანა დოლიძე „რეზონანსთან“. 

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის თქმით, გაუგებარია საიდან აქვს კობახიძეს იმედი, რომ 45%-ს აიღებს, ხოლო უფრო გაუგებარია 60%-ის იმედი საერთოდ საიდან აქვს. ხუხაშვილი ამბობს, რომ კობახიძის განცხადებებს ის უკვე დიდი ხანია ადეკვატურად ვერ აღიქვამს - მან საარჩევნო არითმეტიკა ისე დაალაგა, როგორც თავად ხედავს, თუმცა რაც გამოვიდა, მერე კი მიხვდა. 

ხუხაშვილის თქმით, არასერიოზულია იმაზე საუბარი, რომ თუ „ოცნებამ“ 45% არ აიღო, მაშინ კოალიციური მთავრობა ვერ შეიქმნება. მთავრობას მაშინ ოპოზიცია შექმნის და სულაც არ არის აუცილებელი, რომ რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს. 

„თეორიულად შესაძლებელიაკოალიცია „ქართული ოცნების“ გარეშე შედგეს. საიდან მოაქვს, რომ რიგგარეშე არჩევნები აუცილებელი გახდება, გაუგებარია. შეიძლება ფიქრობენ, რომ, ვთქვათ, თავად 45%-ს აიღებენ და 6%-ს „პატრიოტთა ალიანსი“, მაგრამ, აი, თავად ამდენის აღების იმედი საიდან აქვთ, მაგას ვერ ვხვდები. მეორე დღეს კიდევ უფრო ახალი სასწაული თქვა - რომ 60%-ის აღების იმედი აქვთ, როგორც ჩანს, ისევ „ანტი-მიშას“ გათამაშების იმედით. 

„რა თქმა უნდა, ორპოლუსიანობის მამაძაღლობით კვლავ გაძრომის სურვილი აქვთ, იძულებითი არჩევანის გაკეთებით და იმით, რომ ალტერნატიული პოლიტიკური ძალები არ შეიქმნება. პროცესის წაყვანა აქეთ უნდათ. ეს თამაში დიდი ხანია ნანახი გვაქვს, მაგრამ ამის დეგრადაცია როგორ მოხდა დროთა განმავლობაში, ესეც ვნახეთ. გამორიცხულია ამ თამაშით ისევ გავიდნენ, რადგანაც „ოცნების“ მდგომარეობა ახლა უფრო უარესია და კიდევ გაუარესდება“, - აცხადებს ხუხაშვილი „რეზონანსთან“.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×