"არცერთი პოლიტიკური პარტია საარჩევნო პერიოდში გულწრფელად არ იტყვის ვისთან შევა ალიანსში და ვისთან შექმნის კოალიციას, ეს საკითხი გადაწყდება არჩევნების შედეგების მიხედვით. ამიტომ წინასწარ განცხადებებს, რომ მთავრობა ვერ შეიქმნება და ახალი არჩევნები დაინიშნება, სერიოზულად არ აღვიქვამ" - ასე ეხმაურება "თავისფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კოალიციის შექმნის ჩავარდნასა და ახალი არჩევნების დანიშვნას არ გამორიცხავს.
"ნაციონალებიც ამბობენ, რომ ხმათა 60%-ს აიღებენ, ნათელაშვილიც ამბობს, რომ 60%-ს აიღებს, მაგრამ ამისთვის არ ვაკრიტიკებთ. ასეთი განცხადებები კეთდება საკუთარი ამომრჩევლის გასამხნევებლად, თუცმა ეს ციფრები რეალობას არის მოკლებული, რადგან წინასაწარ არავინ იცის, რა შედეგი დადგება. ამიტომ არც კობახიძის განცხადება აღმიქვამს სერიოზულად.
"მე არ ვიცი, რა პროცესები მიდის "ოცნებაში", მაგრამ დღეის მონაცემებით, მომავალ არჩევნებში "ოცნება" ხმათა 45%-ს ვერ აიღებს, მაქსიმუმ 30% აიღოს. ამიტომ "ოცნება" უნდა შეეგუოს, რომ ის 2020 წლის არჩევნების შემდეგ ვეღარ იქნება მმართველი ძალა და მოუწევს სხვა პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობა და შეთანხმება სხვადასხვა საკითხებზე. ვფიქრობ, მისთვის ეს კარგიც იქნება, თვითონაც მიხვდება, რომ ხელისუფლება უფრო ტვირთია ვიდრე კომფორტი.
"ასევე "ოცნებამ" უნდა გაიაზროს ისიც, რომ თუ გადაუხვევს იმ კურსს და იმ კონცეფციას, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს 20 ივნისის შემდეგ შესთავაზა, ანუ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, დარწმუნებული უნდა იყოს, რომ პროცესები ისევ რუსთაველზე გადავა.
"რაც შეეხება კოალიციების შექმნას, "ოცნებამ" უკვე განაცხადა, რომ კოალიციაში არ შევა "ნაციონალებთან", "ევროპულ საქართველოსთან" და "პატრიოტთა ალინასთან". "გაერთიანებულმა ოპოზიციამ" თავადაც არ იცის, რა უნდა, ვისთან აპირებს კოალიციის შექმნას. რაც შეეხება ხაზარაძის ახალ მოძრაობას თუ პარტიას, რომელსაც ახლა ქმნის, დღეს აცხადებს, რომ "ოცნებასთან" არ შევა კოალიციაში, მაგრამ დიდი მიხვედრა არ სჭირდება, რომ თუ იგი თავის ბიზნეს დავას მოაგვარებს ხელისუფლებასთან, მასთან ალიანსში შევა.
"ხაზარაძისთვის პარტიის შექმნა პოლიტიკური პროექტი არ არის, ეს არის მისი ბიზნეს პროექტი. თუ ხელისუფლებასთან მოაგვარებს ურთიერთობას, პარტია საერთოდ არ სჭირდება, ამიტომაც დიდ ინვეტსიციებს ამ პარტიაში არ დებს. ამით იმის თქმა მინდა, რომ კოლიციის შექმნის თემა ნათელი გახდება არჩევნების შედეგების მიხედვით და არცერთი პოლიტიკური პარტია საარჩევნო პერიოდში გულწრფელად არ იტყვის, ვისთან აპირებს ალიანსში შესვლას და კოალიციის შექმნას.
"ვნახოთ, როგორ განვითარდება მივლენები, როგორ დასრულდება არჩევნები და მერე გაირკვევა, ვინ 5% აიღო, ვინ 20% და ვინ 45%. კარგია თუ ამომრჩეველი მიხვდება, რომ "ოცნება" არის უძრაობა, ხოლო "ნაციონალური მოძრაობა" რევანში. აღარ დაელოდება ცხენზე ამხედრებულ პრინცს ან მილიარდელს და მხარს დაუჭერს ისეთ პარტიებს, რომლებიც არასდრო მონაწილეობდნენ სამთავრობო კორუფციაში," - განაცხადა "რეზონანსთან" პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერმა კახა კუკავამ.