
რას ცვლის ანაკლიის პროექტის გადავადება და ელის თუ არა პორტის მშენებლობის ჩავარდნა? ახლა მთავარი კითხვაა, გააგრძელებს თუ არა მთავრობა მოლაპარაკებებს მხარესთან, რომელმაც ის საბოტაჟში ღიად დაადანაშუალა და რამდენად შედეგიანი შეიძლება იყოს ასეთ ფონზე წარმართული მოლაპარაკებები? მითუმეტეს, როდესაც მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პორტის ჩავარდნას პირდაპირ ბიძინა ივანიშვილს აბრალებს. ხაზარაძემ „მთავარ არხთან“ თქვა, რომ ივანიშვილმა ის 2017 წელს თავის რეზიდენციაში დაიბარა და უთხრა, რა უნდა შავ ზღვაში ამერიკასო.
„რეზონანსთან“ ანალიტიკოსები და პოლიტიკსოები ანაკლიის პორტის მშენებლობის ნაკლებ შანსებზე საუბრობენ. მათი თქმით, „თიბისი ჯგუფის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სამართლებრივი დევნის დაწყებისას, თავიდანვე ცნობილი იყო, რომ ხელისუფლება ანაკლიის კონსორციუმს გზიდან ჩამოიშორებდა - დაუფრთხობდა ინვესტორებს და შემდეგ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულებას გაუწყვეტდა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრაქტრუქტურის სამინისტრომ ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით 16 ოქტომებრს განცხადება გაავრცელა: „მიუხედავად იმისა, რომ კონსორციუმმა კაპიტალის შევსების ვალდებულება ნაწილობრივ, ხოლო ბანკებთან მიღწეული შეთანხმების წარმოდგენის ვალდებულება საერთოდ ვერ შეასრულა, რაც საქართველოს მთავრობას ანიჭებს უფლებას დაუყოვნებლივ მოშალოს ხელშეკრულება, საქართველოს მთავრობა ითვალისწინებს ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის მნიშვნელობას და ამ ეტაპზე უარს ამბობს ხელშეკრულების მოშლის უფლების გამოყენებაზე.“
ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა გადავადებასთან დაკავშირებით ჟურნალსიტებს უთხრა, რომ ანაკლიის კონსორციუმისთვის დოკუმენტების წარდგენისთვის ვადის წლის ბოლომდე გადაწევა „ბოლო შანსი უნდა იყოს". მინისტრი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, მთავრობას ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება აქვს, ის ამას წლის ბოლომდე არ გამოიყენებს.
ხელშეკრულების გაგრძელებაზე გადაწყვეტილება „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა ბრიფინგზე შეაფასა. მისი თქმით, მთავრობის გადაწყვეტილება მისასალმებელია, მაგრამ ახლა საჭიროა, რომ ორივე მხარე და, მათ შორის, მთავრობაც ერთობლივი ძალისხმევით მოლაპარაკების მაგიდის გარშემო დასხდნენ და ყველა საკითხი გადაჭრან, რომელიც პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის საჭიროა.
მამუკა ხაზარაძე კი პროექტის ჩაშლის მცდელობაში ხელს პირდაპირ ბიძინა ივანიშვილს ადებს და „მთავარ არხთან“ შემდეგ ამბავს იხსენებს. მისი თქმით, 2017 წელს ივანიშვილმა პირადად შეხვედრისას უთხრა, "რა უნდოდათ ამერიკელებს შავ ზღვაში"–ო. ამბობს, რომ ეს ძალიან ცუდი საუბარი არასდროს დაავიწყდება.
„ბიძინა ივანიშვილს მის რეზიდენციაში შევხვდი. საუბარი ძალიან მძიმედ დაიწყო და მითხრა, რომ შევეშვათ ანაკლიას. მეუბნება, შენ ეტყობა გეოპოლიტიკაში ვერ ერკვევი, რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაშიო.
„თავიდან მეგონა, რაღაც შაყირთან გვქონდა საქმე. თუმცა მერე მითხრა, ამ პროექტს მხარი იმიტომ დავუჭირე, გიორგი კვირიკაშვილი პრემიერად რომ დავნიშნე გამაგრებულიყოვო, რაღაც სალაპარაკო ხალხთან უნდა გვქონოდაო. ახლა ვერ ვხედავ ამის პერსპექტივასო. ვკითხე, ხალხს რა ვუთხრათ-მეთქი, მიპასუხა, ინტერვიუს მივცემ და ყველაფერი კარგად იქნებაო", - განაცხადა ხაზარაძემ.
ამბობს, რომ საქართველო არა დასავლეთისკენ, არამედ ჩრდილოეთისკენ მიექანება. მისივე განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი გუნდი და საზოგადოება მოატყუა, როდესაც მოგვიანებით თქვა, რომ ანაკლიის პროექტი მნიშვნელოვანია.
ხაზარაძე რომ ამ პროექტს განახორციელებს, ქალაქის მერს კახა კლაძეს ამაში უკვე ეჭვი ეპარება. ფიქრობს, რომ მას ამის არც ფინანსური რესურსი და არც გონებრივი შესაძლებლობები აქვს. თუმცა მიუხედავად ამისა, ჟურნალისტებთან საუბარში კალაძე ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით ვადის გახანგრძლივებას მიესალმება. მერი ფიქრობს, რომ ხაზარაძე სიცრუისა და ჭორაობის გზას დაადგა.
„სამარცხვინოა, სირცხვილია ასეთი განცხადებები, მე შემრცხვებოდა მამუკა ხაზარაძის ადგილზე, მაგრამ როგორ უნდა შერცხვეს ადამიანს, რომელსაც არც ნამუსი და არც ზნეობა გააჩნია“, - აცხადებს კალაძე.
ანალიტიკოსი გი ხუხაშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ მამუკა ხაზარაძის განცხადება ივანიშვილზე პირდაპირ და ცალსახად არ ნიშნავს იმას, რომ მას ანაკლიის პორტის მშენებლობის ჩაშლა სურს და ამაზე გადაწყვეტილება მიღებული აქვს. მისი აზრით, ივანიშვილს უნდა, რომ პროექტს კონსორციუმი ჩამოაშოროს და პორტის მშენებლობაზე კონტროლი თავად აიღოს. ამის მიზეზი კი ეჭვიანობაა, რომელიც მან ამერიკასთან დაკავშირებით დაიწყო. ხუხაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილმა, როგორც კი ჩათვალა, რომ შესაძლოა ამერიკა ანაკლიის პორტის მშენებლობით მის ჩამოშორებას შეეცდება, მან მათი და ხაზარაძის ამ პროექტიდან ჩამოშორება თავად სცადა.
„მგონია, რომ ივანიშვილს ანაკლიის პორტის მშენებლობაზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არა აქვს. მისი მთავარი მიზანი ახლა ისაა, რომ გზიდან კონსორციუმი და მამუკა ხაზარაძე ჩამოიშოროს. მას სურს, რომ ამ პროექტზე მთელი თავისი გავლენები განახორციელოს და ის ხელში ჩაიგდოს. ამის მიზეზი კი მისი ეჭვიანობაა, რომელიც მან ამერიკაზე დაიწყო. ივანიშვილს გაუჩნდა შიში, რომ თუ ანაკლიის პორტის მშენებლობას ხაზარაძე და ამერიკა განახორციელებს, მაშინ მისი ხელისუფლებიდან ჩამოშორება გაადვილდება. პროექტის წლის ბოლომდე გადავადება უკვე კატა-თაგვობანას ჰგავს. იატაკქვეშ ხელისუფლება და ივანიშვილი ყველაფერს იზამენ იმისთვის, რომ კონსორციუმს ინვესტორების მოზიდვაზე ხელი შეუშალონ. ეს არის ფარსი და მოსაჩვენებელი თამაში, რომლის გამოცნობაც ძალიან მარტივია“, - აცახდებს ხუხაშვილი „რეზონანსთან“.
საერთაშორისო საკითხების ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან“ ასევე ემხრობა იმ მოსაზრებას, რომ ივანიშვილი, სავარაუდოდ, ჯერჯერობით ანაკლიის პროექტის მშენებლობიდან მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ჩამოშორებას ცდილობს. აბობს, რომ ივანიშვილი ათვითცნობიერებს ანაკლიის პროექტის მნიშვნელობას და მის ასე ხელაღებით ჩაშლას ვერ გაბედავს, თუმცა ისეთ კომპანიებს ააშენებინებს, რომელთა კონტროლს ადვილად შეძლებს.
„პორტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, არ მგონია, რომ ივანიშვილმა მისი საერთოდ ჩაშლა გადაწყვიტოს. ერთ-ერთი ვერსიით, ივანიშვილმა რუსეთის ზეწოლას ვერ გაუძლო და მის მშენებლობას ჯერჯერობით აფერხებს. თუმცა ყველაზე მისაღები ვერსია მაინც ის მგონია, რომ ივანიშვილს აღარ სურს ხაზარაძესთან და კვირიკაშვილთან დაახლოვებულ კომპანიებით ამ პროტის მშენებლობა. ამიტომ ის ახლა დაინტერესებულია, რომ მშენებლობაში ხელისუფლებასთან დაინტერესებული პირები ჩაერთვნენ. არც ის ვერსიაა გამორიცხული, რომ რუსეთის და ჩინეთის დახმარებით აშენდეს. თუმცა მათი შემოსვლა ასე ღიად არ მოხდება“, - აცხადებს ჩიტაძე „რეზონანსთან“.