"თუ ქართველი ხალხი სწორად მოზომავს და ერთ პარტიას არ ჩაუგდებს ხელში მთელ ძალაუფლებას, მაშინ 2020 წლისთვის არჩევნების იდეალური შედეგები იქნება, არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ექნება 25-30%-ზე მეტი. ეს არის საუკეთესო შედეგი, რადგან ჩვენ გვჭირდება დაბალანსებული, ერთმანეთის გამაკონტროლებელი და შემაკავებელი კოალიციური ხელისუფლება" - აცხადებს ექსპერტი და ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით.
"პოლიტიკური თვალსაზრისით ერთი წელი არის უზარმაზარი დრო და არანაირი პროგნოზის გაკეთება გამართლებული არ არის, იმიტომ, რომ ქართული სინამდვილიდან გამომდინარე ხალხის განწყობა მომენტალურად იცვლება და საბაბი ამისა შეიძლება იყოს სრულიად მოულოდნელი. რაც შეეხება შიშებს კოალიციის ფორმირების ჩავარდანსთან და ახალი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით, ყველაფერი დამოკიდებულია არჩევნების შედეგებზე. თუ ქართველი ხალხი სწორად მოზომავს და ერთ პარტიას არ ჩაუგდებს ხელში მთელს ძალაუფლებას, რაც 30 წელი ხდება, მაშინ 2020 წლისთვის არჩევნების იდეალური შედეგი იქნება, არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ექნება 25-30%-ზე მეტი. ერთი პარტია ვერ შეძლებს მთავრობის კოალიციის შექმნას, სხვა პარტია შეძლებს, ვისკენაც უფრო მეტად იქნება იმის ნდობა, რომ დაბალანსებული მთავრობა შეიქმნება. თუ ისეთი პარტიები მოხვდებიან პარლამენტში, რომლებმაც მოლაპარაკება არ იციან ერთმანეთში, დაინიშნება ახალი არჩევნები, ამაში ტრაგედია არ არის.
რაც შეეხება საფრთხეებს კოალიციის ჩავარდნის შემთხვევაში. დღევანდელი გადასახედიდან, მიუხედავად დაბალი ტემპებისა, ეკონომიკა ვითარდება, მაგრამ ხელისუფლების გადაწყვტილებები ეკონომიკური ეფექტის თვალსაზრისით ძალიან დაბალია. კოალიციური მთავრობის დროს გაცილებით უკეთესი სიტუაცია იქნება, ვიდრე დღეს. ახლა მთავრობას აქვს კონსტიტუციური უმრავლესობა, ფლობს ყველას და ყველაფერს, ხალხის გარკვეული ნაწილი, მიუხედავად შედეგებისა, მაინც მხარს უჭერს, რადგან მათი დამოკიდებულება არ არის მიბმული მთავრობის შედეგებთან, უბრალოდ უყვართ ერთი კაცი და მისდევენ მას, ვიდრე არ შეძულდებათ. ამიტომ, რატომ გააუმჯობებსებს საქმიანობას ხელისუფლება?
კოალიციური მთავრობა პრინციპში გატეხს ასეთ სიტუაციას, რადგან პირველ პლანზე გამოვა კოალიციის შედეგები და ეს შედეგები თუ მისაღები არ არის, კოალიცია დაიშლება. მთავრობა იქნება ის, რომელიც არის, განსაკუთრებულ შემთხვევებს არეგულირებს კანონი. არანაირი საფრთხე არ ემუქრება, არც სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირებს და არც საზოგადოებას, არც ბიუჯეტს, იმიტომ, რომ თუ ახალი ბიუჯეტი ვერ დამკიცდება, დამტკიცებამდე მოქმედებს წინა წლების ნორმები. ამიტომ ეს არის მხოლოდ ახალი კომკავშირლების შიშები, რომლებიც ხელისუფლებაში სხვისი წყალობით მოვიდნენ და გაუტკბათ იქ ყოფნა. მთავარია ამ არჩევნბზეც არ განმეორდეს ის, რაც 30 წელია მეორდება, მიამიტური გადაწყვეტილებით ერთი პოლიტიკური ლიდერის სიყვარულით მთელი ხმები რომ მიდის, მერე მეორე მოდის და ა.შ. ამას ბოლო უნდა მოეღოს, რადგან ჩვენ გვჭირდება დაბალანსებული, ერთმანეთის გამაკონტროლებელი და შემაკავებელი კოალიციური ხელისუფლება" - განაცხადა "რეზონანსთან" დემურ გიორხელიძემ.