გლდანში ახმეტელის თეატრთან გამვლელის მიერ დაჭრილი 15 წლის მოზარდი გიორგი ფალელაშვილი ამ დრომდე მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. მისი მკურნალი ექიმის ქეთევან კუპატაძის ინფორმაციით, მოზარდს ხვალ კიდევ ერთ ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდება. კუპატაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ამ ეტაპისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მოზარდს ღრმა ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული და ბევრი სისხლი აქვს დაკარგული.
„პაციენტი კლინიკაში შემოყვანილია მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთ-ნაფლეთი ჭრილობით, დაზიანებული იყო კუჭი და პანკრეასი, ჩატარებულია ქირურგიული ოპერაცია, რის შემდგომაც პაციენტი მკურნალობას განაგრძობს რეანიმაციულ განყოფილებაში. პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ დადებითი დინამიკით. სამომავლოდ, შესაძლოა, კიდევ გახდეს ქირურგიული ჩარევა საჭირო. ეს ქირურგებთან შეთანხმებით გადაწყდება. ჯერჯერობით, პაციენტის კლინიკიდან გაწერაზე საუბარი ძალიან ნაადრევია“, – აცხადებს ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალის რეანიმატოლოგი ქეთი კუპატაძე.
ახმეტელის თეატრთან მომხდარი დაჭრის ფაქტზე კი მოზარდის ახლობლები „რეზონანსთან“ ყვებიან. მათი ინფორმაციით, 15 წლის ბიჭს ჭრილობები ნასვამმა მამაკაცმა შაურმის საჭრელი დანით მიაყენა და მას არ იცნობდა. შემთხვევა კი მაშინ მოხდა, როდესაც გიორგი ფალელაშვილი მამასთან ერთად ახმეტელის თეატრის მიმდებარედ იყო და მოჩხუბარი ახალგაზრდების გაშველებას ცდილობდა. მამაკაცი კი, რომელიც მოზარდის დაჭრაშია ბრალდებული საშაურმედან დანა გამოიტანა და მოზარდს მუცლის არეში ღრმა ჭრილობები მიაყენა. ბრალდებული მრავალჯერ ნასამართლევია და მან საპყრობილე აღნიშნულ შეხვედრამდე, სავარაუდოდ, რამდენიმე დღით ადრე დატოვა.
„მამასთან ერთად ახმეტელის მეტროს მიმდებარედ არსებულ რესტორანთან იმყოფებოდა, სადაც მოულოდნელად ჩხუბი ატყდა. საერთოდ უცნობი ახალგაზრდები ჩხუბობდნენ და მამა-შვილი მათ გაშველება სცადა. ამის შემდეგ კი ბავშვს ჭრის მისთვის სრულიად უცნობი ადამიანი. საშაურმეში შევარდნილა, დანა აუღია და ბავშვი მუცელში დაჭრა. როგორც გავიგეთ მერე ადრეც ნასამართლევი ყოფილა და საპყრობილე ახლა დაუტოვებია. გიორგის მდგომარეობა მძიმეა და შესაძლოა კიდევ ერთი ოპერაცია დასჭირდეს“,-აცხადებს ახლობელი.
შსს-ს პრესსამსახურის ცნობით კი დაკავებულია ერთი პირი და გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.