"პოლიტიკაში ყველაფერი მოდის, ამიტომ ვინ ვისთან იქნება ალიანსში ძნელი სათქმელია, მაგრამ არა მგონია, რომ "ოცნებას" მაშველი რგოლი დასჭირდეს, ის კოალიციას შექმნის იმ პარტიებთან, ვისთანაც კომფორტულად იქნება" - აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, ვისაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.
"რეზონანსი": რა შანსები აქვს "ოცნებას", იმ განცხადების ფონზე, რომელიც არჩევნებამდე ერთი წლით ადრე პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გააკეთა, რომელიც არ გამორიცხავს, რომ "ქართული ოცნება" 2020 წლის არჩევნებში 45%-ს ვერ მიიღებს, კოალიცია ვერ შეიქმნება და საჭირო გახდეს ხელახალი არჩევნები.
რამაზ საყვარელიძე: მეეჭვება, რომ კობახიძის ეს განცხადება ვინმესთან იყო შეთანხმებული, ან "ოცნების" ერთგვარი ხრიკია. უფრო მგონია, რომ მან საკუთარი პოზიცია გამოხატა, თანაც მოაყოლა ისრაელის მაგალითი, რომ ვერ მოხერხდა ცალსახად მთავრობის შემოყალიბებაო.
ანუ, ამით უნდოდა ეთქვა, რომ ამ სისტემით საპარლამენტო რესპუბლიკაში ეს საფრთხე არის, ოღონდ ეს თქვა ისე მოუხერხებლად, რომ მარცხიანი განცხადება გამოუვიდა.
რასაც მოჰყვა ოპოზიციის რეაქცია, რომ კობახიძემ აღიარებითი ჩვენება მისცა "ოცნება" შეიძლება დამარცხდესო.
არა მგონია, რომ "ოცნებას" მაშველი რგოლი დასჭირდეს და თუ ხმების ყველაზე დიდი რაოდენობა ექნება, კოალიციას შექმნის, კონსტიტუციით ამის უფლება აქვს და შექმნის იმ პარტიებთან, ვისათანაც უფრო კომფორტულად იქნება.
"რ": სწორედ ამაზე მიუთითებს ოპოზიცია, რომ "ოცნებას" პოლიტიკური პარტინორები არ ჰყავს, რადგან მასთან ალიანსში შესვლაზე ყველა უარს აცხადებსო...
რ.ს: პოლიტიკაში ყველაფერი მოდის, ამიტომ, ვინ ვისთან იქნება ალიანსში, ძნელი სათქმელია, ამიტომ ჯობია ყურადღება შანსებზე შევაჩეროთ.
"რ": ოპოზიცია დარწმუნებლია, რომ "ოცნება" დასრულებულია და ახლა მთავარია, რა განლაგება იქნება ოპოზიციურ ფლანგზე. თქვენი აზრით, იმ დაპირისპირების ფონზე, რომელიც "ევროპულ საქართველოსა" და "გაერთიანებულ ოპოზიციას" შორის გაჩნდა, მართლაც როგორ შეიძლება განლაგდეს ოპოზიციური ფლანგი.
რ.ს: რაც შეეხება ოპოზიციის განაცხადებას, რომ "ოცნება" დასრულდა, ეს უფრო ოპოზიციის "ოცნებაა", ვიდრე რეალობა. მგონია, რომ მათ რეალობის გრძნობა შიგადაშიგ ღალატობთ, რადგან ყველა არჩევნები წააგეს და ხარვეზები, რომელიც აქვთ, ამ ხარვეზებზე არ ფიქრობენ.
ამიტომ, ძნელი დასაჯერებელია, რომ ოპოზიციურ ფლანგზე ყველაფერი კარგად არის. რაც შეეხება "ევრონაცებისა" და "ნაცების" დაპირისპირებას, ერთი თვე თუ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა აქვთ გამოცხადებული, მეორე თვეს ერთმანეთს ჩაეხუტებიან, თუმცა, დღეს მათი დაპირისპირების მიზეზი არის ერთმანეთის ამომრჩევლის გადმობირება, ანუ ამომრჩეველი არის მთავარი სამიზნე.
"რ": ამ პოლიტიკურ პალიტრაში რამდენად ჯდება ხაზარაძე, რომელიც ოქტომბრის ბოლს ახალი პარტიის შექმნას აანონსებს?
რ.ს: ხაზარაძეს ჰქონდა კარგი შანსი ყოფილიყო მესამე ძალა, მაგრამ მე მგონი, რომ მან არასწორად ააგო საარჩევნო კამპანია. არც "ოცნების" პოზიციაზე უნდა ყოფილიყო და არც "ნაციონალების", მაგრამ რაც დრო გადის ხაზარაძე უფრო მკაფიოდ იკავებს "ნაციონალების" პოზიციას, რაც მისთვის წამგებიანია.
მას ჰქონდა ეს სურვილი, რომ ოპოზიციური ფლანგი აეღო, მაგრამ ეს ფლანგი ისე უნდა აეღო, რომ გამეორება არ ყოფილიყო. ამიტომ მგონია, რომ ხაზარაძის მდგომარეობა რთულია და მოგების შანსები არც ისე ბევრი.