(რეზონანსი) ბათუმის ბულვარში ახალგაზრდა გოგონა და მამაკაცი ბზიკებმა დაკბინეს. შემთხვევა დღეს დილით, საზაფხულო თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, ორივე მოქალაქე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს, დაშავებულის დედა უყვება, რომ გოგოს ნაკბენები თავის არეში აქვს, ის ამ წუთებშიც კლინიკაშია და პირველადი დახმარება უტარდება. მშობლის განმარტებით, ამ ეტაპზე 24 წლის გოგო მდგომარეობა სტაბილურია.
რაც შეეხება მამაკაცს, ის ბულვარში ახალგაზრდა ქალს მიეშველა, ბზიკები მასაც დაესხნენ თავს.
მაუწყებელი ბულვარის ადმინისტრაციას დაუკავშირდა, უწყებაში გვითხრეს, რომ ეს ბზიკების მიერ მოქალაქის დაკბენის პირველი შემთხვევაა. მსგავსი ფაქტი ბულვარში არ დაფიქსირებულა.
მათივე განმარტებით, ზღვისპირა პარკი ორ კვირაში ერთხელ სპეციალური ხსნარებით იწამლება. ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ საჭირო ღონისძიებებს დღესვე გაატარებენ.
აჭარის ტელევიზია