შეწყალების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში პრეზიდენტი ჯერ კიდევ დაკითხული არ არის. რატომ არ ჩქარობს პროკურატურა და შეცვლის თუ არა საქმის სურათს არსებითად მისი დაკითხვა, ამაზე სხვადასხვა მოსაზრება არსებობს.
14 ოქტომბერს, ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, ხომ არ იმყოფებოდა პროკურატურაში, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა: „არა, რატომ უნდა ვიყო?“ უფრო მოგვიანებით ჟურნალისტებს უთხრა, რომ შეწყალების თემაზე „მომკალით და არ გიპასუხებთ“–ო.
„რეზონანსთან“ იურისტები ამბობენ, რომ პროკურატურაში დაბარებას ზურაბიშვილი არც კი უნდა ელოდებოდეს და საკუთარი სურვილით აქამდეც უნდა მისულიყო. მათი აზრით, სწორედ პრეზიდენტია საქმის მთავარი ფიგურანტი, რომელმაც გამოძიებას იმ პირების ვინაობა უნდა დაუსახელოს, ვინც მას სკანდალური სია მოუმზადა.
თუმცა აქ პრეზიდენტის პასუხისმგებლობაც იკვეთება და ისმის კითხვა, რატომ არ გადაამოწმა ზურაბიშვილმა შესაწყალებელი პირების საქმეები. მათი აზრით, ეს არის ან შეგნებულად ან დაუდევრობით მიღებული გადაწყვეტილება. ან კიდევ სერიოზული კორუფციის ნიშნები, რომელზეც პრეზიდენტს პასუხის გაცემა არ სურს.
იურისტების ნაწილი კი ფიქრობს, რომ შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა და პროკურატურაში მისი დაკითხვა რომც მოხდეს, მას შეუძლია არაფერი თქვას, თუკი გამოძიება ამ საქმეში კრიმინალის ნიშნებს არ იპოვის. ხოლო თუ გამოძიება იმ გზას დაადგება, რომ საქმეში კორუფციის ნიშნები იკვეთება, მაშინ ამ მიმართულებით პრეზიდენტმა კითხვებს პასუხები უნდა გასცეს. ამ ეტაპზე ის ვალდებულია, ახსნა–განმარტებები მხოლოდ ამომრჩევლის და საზოგადოების წინაშე გააკეთოს.
პრეზიდენტის დაკითხვაზე გენპროკურორ შალვა თადუმაძის პასუხი ასეთია: „მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. საჭიროების შემთხვევაში პროკურატურა იმოქმედებს კანონის შესაბამისად. ამ ეტაპზე პრეზიდენტის გამოკითხვაზე დაბარების აუცილებლობა არ არის. ვნახოთ, გამოძიება მიდის. გამოძიების ფარგლებში ჯერჯერობით იმ პირების დაკითხვა მიმდინარეობს, რომელთა აუცილებლობაც არის.“
იუსტიციის მინისტრის თეა წაულუკიანის პოზიცია კი გენერალური პროკურორისგან განსხავავდება. „მე რომ პრეზიტენტი ვიყო, პროკურატურას აქამდე ვესტუმრებოდი,“-ამბობს მინისტრი და აქვე ამატებს, რომ ხუმრობს.
თეა წულუკიანის თქმით, როცა გამომძიებელ პროკურორს აქვს შეკითხვები, კანონით ყველას ვალია, რომ პასუხი გასცეს: „ეს ჩემი, როგორც იუსტიციის მინისტრის პოზიციაა და იმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრი მოქალაქე ამ პოზიციას ამ ქვეყანაში იზიარებს".
გამოძიებასთან დაკავშირებით კი საპარლამენტო ოპოზიციის აზრი ორად იყოფა. „ევროპული საქართველო“ ფიქრობს, რომ შეწაყალების საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას. „ნაციონალური მოძრაობა“ კი ამბობს, რომ თუ პრეზიდენტი არ დაიკითხება, მაშინ მისი იმპიჩმენტის პროცედურას დაიწყებენ.
როგორც იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია „რეზონანსთან“ აცხადებს, წარმოუდგენელი ფაქტია, რომ შეწყალების საკნადალთან დაწყებული გამოძიების პროცესში პრეზიდენტი ჯერ არ დაკითხულა.
მისთვის გაუგებარია, გამოძიება ჯერ ისეთ რომელ პასუხისმგებელ პირებს კითხავს, რომლებსაც ამ საქმეში პრეზიდენტზე მეტი უფლებამოსილება აქვთ. ფიქრობს, რომ სწორედ პრეზიდენტმა უნდა დაასახელოს და გამოავლინოს მის აპარატში მყოფი პირი ან პირები, რომლებამც ეს სია შეადგინეს. მისივე თქმით, გაუგონარი ამბავია, როდესაც პრეზიდენტის პასუხისმგებლობა გამოძიების მიმდინარეობისას ასეთი უმნიშვნელოა, რადგანაც ზურაბიშვილი ვალდებული იყო, რა სიაც არ უნდა შეეტანათ, წაეკითხა და მსჯავრდებულების შესახებ ინფორმაცია მოეპოვებინა.
„ძალიან უცნაური ამბავია, როდესაც პროკურატურას პრეზიდენტი აქამდე დაკითხული არ ჰყავს. ეს ეჭვებს კიდევ უფრო აღრმავებს. გამოდის, რომ მაშინ ზურაბიშვილი ან საკუთარი აპარატის თანამშრომლებს აფარებს ხელს ან უფრო უარესი, ეშინია იმ პასუხისმგებლობის, რომელიც მას შეწყლებაზე ეკისრება.
„საერთოდ ზურაბიშვილს ინტერესში უნდა იყოს, რომ ამ საქმეზე საუბარი მალე დასრულდეს და ის პროკურატურას კი არ უნდა ელოდებოდეს, როდის დაიბარებენ, არამედ თავად უნდა მისულიყო აქამდე. რადგან დაბალ რგოლზეც კი არ გადატყდა ჯოხი, ჩნდება ლეგიტიმური ეჭვი, რომ ზურაბიშვილი ამ საქმეში სრულიად გარეულია.
„მგონია, რომ თავად „ოცნებაშიც“ მის მიმართ ბევრი კითხვა გაჩნდა. ამიტომაც პრეზიდენტსა და „ოცნებას“ შორის შეწყალების თემაზე დაპირისპირება გარდაუვალი იქნება. წარმოგიდგენიათ გამოძიება მთავარი მოწმის დაკითხვის გარეშე მიდიოდეს? ზურაბიშვილმა ხომ იცის, ეს სია ვინ შეადგინა, აქამდე ვის კითხავენ? რას იძიებენ. ეს არის ჩვეულებრივი ფარსი, რომელსაც მგონია, რომ ზურაბიშვილის იმპიჩმენტით კი არა, საქმე უფრო ცუდადაც დასრულდება“, - აცხადებს მუხაშავრია „რეზონანსთან“.
იურისტი და კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი კი არ ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილის დაკითხვით გამოძიებაში რამე მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდება. ამბობს, გამომდინარე იქიდან, რომ პრეზიდენტის შეწყალება მისი დისკრეციული უფლებამოსილებაა, ამიტომ საგმოძიებო კუთხით მისი დაკითხვა ნაკლებად საინტერესო იქნება, ამიტომ გამოძიებაზე მეტად მნიშვნელოვანია, პირდაპირი წესით არჩეულმა პრეზიდენტმა ამომჩეველს პასუხი გასცეს და მათ წინაშე თავი ანგარიშვალდებულად იგრძნოს.
„ჯერჯერობით რასაც ვუყურებ, ამ საქმეზე მას არც პასუხი და არც რაიმე დასაბუთება არ აქვს. საკუთარ ამომრჩეველს პატივს არ სცემს. ყველა კითხვაზე, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, პასუხი გაცემული უნდა იყო. დემოკრატიის საფუძველი ეს არის, როდესაც პრეზიდენტი ამომჩევლის წინაშე ვალდებულია, რომ მისი გადწყვეტილებები მოქალაქეების წინაშე ახსნადი იყოს. სხვა შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ მოცემულებას, რომ ყველა ჩინოვნიკი საკუთარი პირადი თუ ვიწრო პარტიული შეხედულებებით იხელმძღვანელებს და არა სახელმწიფოებრივად.
„იმის გათვალისწინებით, რომ ზურაბიშვილი ხალხს პასუხს არ სცემს და ამბობს „მომკალით“ და არ გიპასუხებთო, რა თქმა უნდა, რეალური სურათის დადგენა გაჭირდება. ხოლო იმის გათვალსიწინებით, რომ შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციაა, ზურაბიშვილი რომც მივიდეს პროკურატურაში ამისთვის პასუხს ვერ მოსთხოვენ, გარდა კრიმინალისა. თუკი გამოძიება კორუფციის ნიშნებს დაადგენს. მხოლოდ პრეზიდენტის დაკითხვა საქმეში არსებულ სურათს ვერ ცვლის. რომ მივიდეს და თქვას, უნდოდა და შეიწყალა, გამოძიება პასუხს ვერ მოსთხოვს. სხვა დანარჩენი პირების შესახებ პროკურატრას ინფორმაცია უკვე ექნება. რა თქმა უნდა, მათი დაკითხვაც მიდის. სააკაშვილის შემთხვევა გავიხსენოთ, მას ბრალი დაუსწრებადაც კი წარუდგინეს,“ -აცახდებს ალაფიშვილი „რეზონანსთან“.
პრეზიდენტმა 28 აგვისტოს შეიწყალა 34 პატიმარი, მათ შორის განზრახ მკვლელობის და სხვა მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულები. ამ ფაქტით საზოგადოებაში გამოწვეული პროტესტის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა 18 სექტემბერს განაცხადა, რომ შეწყალებაზე მორატორიუმს აწესებს.
19 სექტემბერს, პარლამენტის დეპუტატმა „ევროპული საქართველოდან“ ირმა ნადირაშვილმა გენერალურ პროკურატურაში შეიტანა განცხადება, პატიმართა შეწყალებასთან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას შესაძლო კორუფციული კავშირის გამოსაძიებლად.
გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება 20 სექტემბერს დაიწყო. უკვე გამოკითხულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის არაერთი თანამშრომელი, მათ შორის დიმიტრი გაბუნია და ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილი.