თამთა ჩაჩანიძე
18.10.2019

 თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი და მერობის ყოფილი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ თბილისის მერის კახი კალაძის დებატებში მიწვევის მთავარი მიზეზი, დედაქალაქში არასწორი სატრანსპორტო პოლიტიკის შედეგით გამოწვეული კოლაფსია.

„კახი კალაძესთან დებატების გადაწყვეტილება იმიტომ კი არ მივიღე, რომ ძალიან მიხარია, ან მასთან ლაპარაკი მომენატრა, უბრალოდ ვხედავ, რომ ამ ორი წლის განმავლობაში სატრანსპორტო თვალსაზრისით რაც კეთდება, ძალიან არათანამიმდევრული და არაკვალიფიციურია, ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ ასეთი შედეგი დადგებოდა და მივიღებდით სატრანსპორტო კოლაფსს.

„როდესაც არ გესმის თანამიმდევრობა, არ გესმის, რა არის შედეგი, არ გესმის, რა არის მიზეზი, პიარზე და გარეგნულ ეფექტზე ორიენტირებულ ნაბიჯებს დგამ, მაშინ მიიღებ იმას, რაც ახლა მივიღეთ.

„როგორც ყოფილი მერობის კანდიდატი, ისე კი არ ვსაუბრობ, უბრალოდ მე თვითონ ვიტანჯები ამ სატრანსპორტო სისტემით. მერიის და საკრებულოს ჩინოვნიკებისგან განსხვავებით ფეხით დავდივარ და, სიმართლე გითხრათ, დავიტანჯე, ჩემი საყვარელი ტრანსპორტი მეტროა და რაღა ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატი და რაღა დილით და საღამოთ მეტროში შესვლა. პარკინგისა და ქაოსის გამო ტროტუარებზე ფეხით გადაადგილებაც გართულდა, მანქანით გამოხვალ და საცობია, ტაქსი კი ფიზიკურად არაა.

„მერის გარემოცვაში სატრანსპორტო პოლიტიკის ელემენტარული საფუძვლებიც კი არ ესმით და ამიტომ მინდა, რომ კალაძე დაჯდეს დებატებში, დაველაპარაკები, ავუხსნი და მივახვედრებ, რა იყო გასაკეთებელი და რომ ეს ორი წელი ფეისბუქლაივებში და კეკლუცობაში ტყუილად დახარჯა,

„კოლაფსი არათანმიმდევრულობამ და არაკვალიფიციურობამ გამოიწვია, ყველაფერს აქვს თავისი რიგითობა, არ შეიძლება სახლი სახურავიდან ააშენო, სახურავიც საჭიროა, მაგრამ თუ სახლს აშენებ, უნდა დაიწყო საძირკვლიდან. ზუსტად ასევეა სატრანსპორტო პოლიტიკაშიც იმიტომ, რომ ბრძოლა დაიწყო შედეგთან და არა მიზეზთან, როდესაც თბილისში ბევრი ტაქსი იყო, ეს იყო შედეგი ცუდი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემისა.

„იმის მაგივრად, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გააჯანსაღო და ბევრი მეტრო შემადგენლობა, ავტობუსი იყოს, რამდენიმე ადგილას მაინც ტრამვაი გაიყვანო და ამის ნაცვლად, რომ იწყებ ტაქსების რეგულაციას და შემცირებას, რა თქმა უნდა მგზავრთა ნაკადი რჩება ქუჩაში და მოხდება ის, რაც ახლა ხდება, როგორც ჩანს მას ეს ელემენტარული რამ არ ესმის," - თქვა მან,

ელისაშვილი ამბობს, რომ თბილისის მერს, ჯერ კიდევ 2017 წელს პროფესიონალების მიერ შემუშავებულ სატრანსპორტო პოლიტიკის გეგმას სთავაზობდა.

„2017 წლის მერობის არჩევნების შემდეგ კალაძეს ღიად ვეუბნებოდი, წაიღე ჩემი სატრანსპორტო პოლიტიკა-მეთქი,ტრანსპორტის პოლიტიკის ძალიან კარგი გეგმა მქონდა იმიტომ, რომ ჭკუა ძალიან ჭკვიან ხალხს ვკითხე და მათთან ერთად დავწერე ეს გეგმა.

„კოლაფსიდან გამოსავალი არის ის, რომ კალაძე დებატებში დამიჯდეს, ყური დამიგდოს და რასაც ვეტყვი, კალამი მოიმარჯვოს და ჩაიწეროს. მიხვდება, რომ აბსოლუტურად მართალ და ლოგიკურ რამეს ვამბობ, იმიტომ კი არა, რომ ძალიან ჭკვიანი ვარ, არამედ იმიტომ, რომ ამაზე აზრი დარგის პროფესიონალებს ვკითხე.

„სასაუბროდ კიდევ ბევრია სხვა პოლიტიკური საკითხები, მაგრამ მას ზოგად პოლიტიკურ თემებზე საშაიროდ არ ვპატიჟებ, მოვიდეს, დაჯდეს და ტრანსპორტზე ვილაპარაკოთ. ესაა კონკრეტული თემა იმიტომ, რომ მასაც და ქალაქსაც თავზე დაემხო სატრანსპორტო სისტემა.

„ფეხბურთს ვთამაშობ საშუალოზე ცუდად და, მე ფეხბურთელობაზე პრეტენზია არ მაქვს, რომ მილანის ყოფილ მოთამაშეს ფეხბურთში შევეჯიბრო. თუ ასე ძალიან უნდა, შევეჯიბრები კიდეც, მაგრამ წინასწარ ვამბობ, რომ წავაგებ, მაგრამ სამაგიეროდ მე პრეტენზია მაქვს იმაზე, რომ ქალაქის პრობლემებზე საკითხები მეტ-ნაკლებად ვიცი, თვითონ აქვს პრეტენზია, რომ სასწაული მენეჯერია და ქალაქის პრობლემები ზეპირად იცის, საქმით და შედეგით ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი პირიქითაა, გადაჭარბებული, პრეტენზიები და წარმოდგენები, რომ აქვს იმის შედეგებს ახლა ჩვენ ვიმკით," - აცხადებს ელისაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×