ია აბულაშვილი
18.10.2019

 "არჩევნების მთავარი ინტრიგა იქნება ის, მოასწრებს და მოახერხებს თუ არა "ოცნება" ისეთი ახალი პოლიტიკური იდიოტობების ჩადენას, რაც აქამდე არაეთრხელ ჩაუდენია და რითაც ყველა შემთხვევებში ისარგებლეს "ნაცებმა" თავისი პროვოკაციების მოწყობით. თუ ასეთ იდიოტობებს არ ჩაიდენს, რისი გარანტიაც არ გვაქვს, მაშინ "ოცნების" დამაჯარებელი გამარჯვების შანსი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დიდი იქნება" - აცხადებს ექსპერტი პეტრე მამრაძე, რომელსაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.

"რეზონანსი": დასასრულს უახლოვდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი. თქვენი აზრით, ამ მოწვევის პარლამენტი 20-ივე მოსამართლეს დაამტკიცებს, თუ გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციას. ასევე რა შანსები აქვს შალვა თადუმაძეს გახდეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, იმ ფონზე, როცა ოპოზიცია აცხადებს, რომ თუ "ოცნება" ასეთ "პოლიტიკურ უტიფრობას" ჩაიდენს ძალიან ძვირი დაუჯდება.

პეტრე მამარაძე: მოცემულ ვითარებაში არ გამიკვირდება, რომ "ოცნება" ეცადოს ყველა მოსამართლე გაიყვანოს და უგულვებელყოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. რაც შეეხება თადუმაძეს, იგი აშკარად აღჭურვილია ხაზეინის, ანუ ივანიშვილის სრული ნდობით, რომელიც მისი ნებით გახდა განერალური პროკურორი და მისი ნების გარეშე ვერ გაბედავდა მოსამართლეთა კონკურსში მონაწილეობის მიღებას.

ივანიშვილი ამ თანამდებობაზე თადუმაძის კანდიდატურაზე უარს მაშინ იტყვის და უბრძანებს მოხსნას თავისი კანდიდატურა (რასაც თადუმაძე მაშინვე შეასრულებს) თუ მოხდება რაიმე სკანდალი და ივანიშვილს დაარწმუნებენ, რომ თადუმაძის გაყვანით უფრო მეტი იქნება ზარალი ვიდრე მოგება. მაგრამ თუ თადუმაძის შემთხვევაში ტრაექტორია იგივე დარჩება, რაც იყო გახარიას შემთხვევაში, ანუ ჩაიფუშება პროცესები რადიკალური მოთხოვნებით და გახარია არა მარტო დარჩა შსს მინისტრად, არამედ პრემიერ-მინისტრიც გახდა, თადაუმაძეც გახდება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

"რ": ერთი წელი რჩება საპარალმენტო არჩევნებმდე, როგორ შეაფასებდით წინასაარჩევნო გარემოს და რა პროცესები მიმდინარეობს, როგორც სახელისუფლებო, ისე ოპოზიციურ ფლანგზე?

პ.მ: საარჩევნო პროცესი სწორად რომ გავიგოთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველოში პოლიტიკური პარტიები, ამ სიტყვის ჩვეულებრივი გაგებით, ნამდვილად არ არსებობს და მათი ჩამოყალიბების პროცესი დაწყებულიც არ არის. ეს უკავშირდება ჩვენი ქვეყნის სოციალ-ეკონომიკურ მდგომარეობას და თვით მოსახლეობისა და საზოგადოების სტრუქტურას. ჩვენთან არსებობს ლიდერები, მეტნაკლებად ცნობილი და პოლიტიკურად ტელეგენური ადამიანები, რომელთა გაშემოც იკრიბებიან ჯგუფები, მათ აკავშირებთ ნაცნობ-მეგობრობა და, რაც მთავარია, სურვილი მოვიდნენ ხელისუფლებაში, პარლამენტში, მთავრობაში, სასამართლოში, თავისი პირადი ეკონომიკური ინტერესებისა და სტატუსისი განსამტკიცებლად. აქედან გამომდინარე არ უნდა გაგვიკვირდეს იმ მოზაიკური ცვლილებების, რაც ხშირად ხდება საქართველოში კოალიციების-ბლოკების თუ სხვადასვხა გაერთიანებების შექმნის კუთხით, სადაც თავს იყრიან ადამიანები ვინც მანამდე ცნობილი იყო ერთმანეთისადმი მტრული დამოკიდებულებით, საპირისპირო ლოზუნგების გაკეთებით და ა.შ.

"რ": ამ ფონზე, მაინც რა შანსები აქვს უკვე მოქმედ პარტიებს, კერძოდ "ოცნებას", რომელსაც მისმა ყოფილმა პარალმენტის თავმჯდომარემაც, არჩევნებმდე ერთი წლით ადრე, 45%-ზე მეტი ხმის აღება ვერ უწინასწარმეტყველა.

პ.მ: დღეს ივანიშვილი რჩება "ოცნების" დაჯგუფების აბსოლუტურ ლიდერად, პარტიის თავმჯდომარეც არის და ის თავის ნდობით აღჭურვილ პირებს ავალებს მოიკრიბონ ახალი კადრები და უზრუნველყონ ყველა იმ ნაბიჯის გადაგმა და შესრულება, რომ "ოცნება" კვლავ დარჩეს ხელისუფლებაში და რაც შეიძლება მეტი ხმა მიიღოს მომავალი წლის არჩევნებში. პოტენციურად "ოცნების" ლიდერებს, ანუ ივანიშვილს და მისი ნდობით აღჭურვილ პირებს, ეს შეუძლიათ. მათ ხელთაა ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსი, რომელიც ბევრად აღემატება ყველა სხვა პოლიტიკური დაჯგუფების რესურსს ერთად აღებულს.

გარდა ამისა, ხალხში არ არის ჯერ კიდევ მმართველი დაჯგუფების მიმართ პროტესტის ის მუხტი, რომლის დროსაც მმართფველ დაჯგუფებას აღარც ფინანსური და არც ადამინისტრაციული რესურსი არ შველის (როგორც ეს იყო 2003 წელს, ვარდების რევოლუციის დროს და 2012 წელს ციხის სკანდალური ვიდეობის შემდეგ).

"რ": ოპოზიცია უკვე შემდგარ ფაქტად მიიჩნევს "ოცნების" დამარცხებას ამ არჩევნებში და აცხადებს, რომ "ოცნებას" პოლიტიკური პარტნიორებიც არ ჰყავს, რადგან მასთან კოალიციის შექმნაზე ყველა უარს აცხადებს.

პ.მ: ოპოზიციურ დაჯგუფებებს ისეთი ლიდერი არ ჰყავთ, რომელიც თავისი ქარიზმატულობით, დემაგოგიით, პოპულიზმით შეძლებდა "ოცნებსთან" კონკურენციულ დაპირისპირებას. გავრილოვის შემდეგ, ყველა რჯულის "ნაციონალების" ერთობლივმა მცდელობა, დაეწყოთ მასშტაბური პროტესტები, უცებ ჩაიფუშა.

"რ": თქვენი აზრით, მაინც რა იქნება ამ არჩევნების მთავარი ინტრიგა?

პ.მ: ამ არჩევნების მთავარი ინტრიგა იქნება ის, მოასწრებს და მოახერხებს თუ არა "ოცნება" ისეთი ახალი პოლიტიკური იდიოტობების ჩადენას, რაც აქამდე არაერთხელ ჩაუდენია და რითაც ყველა შემთხვევაში ისარგებლეს "ნაცებმა" თავისი პროვოკაციების მოწყობით. თუ ასეთ იდიოტობებს არ ჩაიდენს, რისი გარანტიაც არ გვაქვს, მაშინ "ოცნების" დამაჯერებელი გამარჯვების შანსი, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დიდი იქნება. ვფიქრობ, შეძლებს დამოუკიდებლად მთავრობის შექმნას, ვინაიდან დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, აბსოლუტური უმრავლესობაც რომ არ ჰყავდეს "ოცნება" მოახერხებს გარიგებას მორჩილ "ოპოზიციონერებთან" და მათთვის მცირე ფინანსური რესურსის, პარლამენტში და მთავრობაში მცირე ადგილების მიცემით, ისევ სრული კონტროლის მიღწევას, ვინაიდან ასეთი ადამიანები კიდევ უფრო მორჩილები იქნებიან "ოცნების" ლიდერების, ვიდრე ზოგიერთი "ოცნების" ვეტერანი წევრი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×