ია აბულაშვილი
18.10.2019

 "პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დარღვევია, შეწყალება პრეზიდენტის ექსკლუზიური ვალდებულებაა და მის ქმედებაშიც დანაშაულის ნიშნებს ვერ ვხედავ. ეს არის პოლიტიკური აქცია და გაფრთხილება იქნება პრეზიდენტის" - ასე ეხმაურება კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი ოპოზიციის განცხადებას პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებასთან დაკავშირებით.

ფრაქცია "ნაცონალური მოძრაობის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ შეწყალების საქმე ჩაფარცხვისკენ წავა, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს დაიწყებენ, რადგან შეწყალების საქმეში აშკარად იკვეთება დანაშაულის ნიშნები.

ცნობისთვის, პრეზიდენტის მიერ მარიამობის დღესასწაულისთვის განხოციელებულ შეწყალებასთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

"საკითხი იმპიჩმენტის შესახებ სრულად არის განმარტებული ორგანულ კანონში "იმპიჩმენტის შესახებ". ამ კანონის მიხედვით პარლამენტის წევრთა არანაკლებ 1/3-ს, ანუ 50 დეპუტატს, შეუძლია აღძრას იმპიჩმენტის პროცედურა. რამდენადაც მახსოვს "ნაციონალურ მოძრაობას" 50 დეპუტატი არ ჰყავს. იმპიჩმენტის საფუძველი არის კონსტიტუციის დარღვევა, ან დანაშაულის ნიშნები. მოთხოვნა იმპიჩმენტის აღძვრის შესახებ გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელმაც ერთი თვის ვადაში უნდა მოამზადოს დასკვნა, სადაც აღნიშნული უნდა იყოს, პრეზიდენტმა დაარღვია თუ არა კონსტიტუცია და მის ქმედებაში არის თუ არა დანაშაულის ნიშნები. თუ ასეთი დასკვნა იქნება, ეს დასკვნა გადაეცემა პარლამენტს, რომელიც 2 კვირის ვადაში განიხილავს ამ დავას.

"თუ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3 მხარს დაუჭერს, ანუ 101 დეპუტატი, მაშინ პრეზიდენტი თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება. თუ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არ აღმოჩნდა კონსტიტუციის დარღვევა ან დანაშულის ნიშნები, პარლამენტი ამ საკითხს არც განიხილავს.

"ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, რაც არ უნდა არ მოგწონდეს პრეზიდენტი, მას დანაშაული არ ჩაუდენია, შეწყალება მისი ექსკლუზიური ვალდებულებაა და მის ქმედებაშიც ვერ ვხედავ დანაშაულის ნიშნებს. ეს არის პოლიტიკური აქცია და კარგი გაფრთხილება იქნება პრეზიდენტისთვის," - განაცხადა "რეზონანსთან" ავთანდილ დემეტრაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×