ელზა პაპოშვილი
18.10.2019

 აშშ-თურქეთის 5–დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, ჩრდილოეთ სირიის ზოგიერთ რაიონში  შეტაკებები ქურთთა თავდაცვით  ნაწილებსა და პრო-თურქულ დაჯგუფებებს შორის გრძელდება. აშშ და თურქეთი კი შეთანხმდნენ (თუნდაც მცირე დროით), მაგრამ ფაქტია ჯერ უცნობია, რას მოიმოქმედებენ რუსეთი და ირანი. ნაწილობრივ  საბრძოლო მოქმედებები კვლავ გრძელდება და  ახლო აღმოსავლეთის საკითხების სპეციალისტები  „რეზონანსთან“  ამბობენ, რომ დეირ აზ-ზორის მიმართულებით შეინიშნება ირანის გააქტიურება, რომელმაც ასობით პრო-შიიტური მებრძოლი გაგზავნა.     

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეს რეგიონში კონფლიქტის გამწვავებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.  

ასევე 22 ოქტომბერს სოჭში იგეგმება ერდოღანის და პუტინის შეხვედრა, სადაც საბოლოოდ გაირკვევა სირიაში მოვლენები როგორ შეიძლება განვითარდეს. 

ექსპერტები ამბობენ, რომ სწორედ ამის გამო ერდოღანმა 5 დღე ითხოვა. რაც შეეხება საქართველოს, როგორ შეიძლება ჩვენს ქვეყანაზე რეგიონში მიმდინარე მოვლენები აისახოს, ანალიტიკოსები ჯერჯერობით ლტოლვილების  საფრთხეს ვერ ხედავენ, თუმცა ყველაფერი სირიაში მოვლენების განვითარებაზე იქნება დამოკიდებული. მათი აზრით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ციხეებიდან ტერორისტული ორგანიზაცია აისისის მებრძოლების გაქცევაა, რომელთა შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან. ისინი შესაძლოა სამშობლოში დაბრუნდნენ. 

აშშ-ი და თურქეთი შეთანხმდნენ, რომ სირიაში სამხედრო ოპერაცია შეწყდება. სადემარკაციო ხაზი, რომლის მიღმაც ქურთების შეიარაღებული ძალები გადაიწევენ, თურქეთ-სირიის საზღვრიდან 30 კილომეტრით, სამხრეთით იქნება გავლებული, ისე, როგორც ამას თურქული მხარე ე.წ. უსაფრთხო ზონის შესაქმნელად მოითხოვდა.

ამასთან, აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის მაიკ პენსის თქმით, ვაშინგტონი არ აპირებს სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით სამხედრო მოქმედებებში ჩართვას და მხოლოდ დიპლომატიით შემოიფარგლება.

ასევე ცნობილი ხდება, რომ ამერიკა თურქეთს დამატებით სანქციებს აღარ დაუწესებს. პენსის განცხადებით, დონალდ ტრამპი მზადაა, უკან გაიწვიოს ანკარისთვის დაწესებული სანქციები, როგორც კი სირიაში ცეცხლი შეწყდება.  

ახლო აღმოსავლეთის საკითხების ექსპერტი ვასილ პაპავა „რეზონანსთან“ ამბობს, რომ თურქეთ-ამერიკის შეთანხმების მოქმედების პერიოდში ქურთების  რაზმებს საშუალება  მიეცემა, რომ უკან დაიხიონ და ის ბუფერული ზონა, რაც თურქეთს ჰქონდა გასათავისუფლებლად  მონიშნული ამ ვადაში დატოვონ.  პაპავა ამბობს, რომ საინტერესო გარემოება ის არის, რომ ზუსტად ხუთი დღის გასვლის შემდეგ, ერდოღანი პუტინს სოჭში ხვდება. ამიტომაც თურქეთის ლიდერმა მცირე დრო ითხოვა და  თავი დაიზღვია, რადგანაც ჯერ არ იცის, რუსეთის პრეზიდენტი რა პირობებს წაუყენებს ან თანახმაა თუ არა ამერიკა-თურქეთის ამ შეთანხმებაზე.  

„შეთანხმების მეორე პუნქტი კი ქურთთა რაზმების განიარაღება იყო, თუმცა ეს რამდენად შესაძლებელია დღევანდელ მოცემულობაში, ჯერჯერობით გაურკვეველია. მეორე ფაქტორი ამ კონფლიქტში რუსეთია. რამდენიმე დღის წინ ქურთთა ლიდერები ბაშარ ასადის ხალხს რუსეთის სამხედრო ბაზაზე შეხვდნენ. იქ კი გადაწყდა, რომ ქურთთა რაზმები იარაღს დაყრიან და რუსეთის  მე-5 ბაზას შეუერთდებიან. 

„ამ კონფლიქტში მესამე ფაქტორი ირანია. თურქეთის სამხედრო კამპანიის დაწყებიდან თავდაპირველად არ ჩანდა. თუმცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ დეირ აზ-ზორის მიმართულებით ირანული შიიტური მებრძოლები გადაისროლეს. ფაქტია, რომ ირანმაც უკვე დაიწყო აქტიურობა და ცდილობს, ამ ვაკუუმის ფონზე, რასაც ამერიკის ჯარების გაყვანა და მშვიდობიან ზონაში გადაადგილება ჰქვია, ხეირი ნახოს. მოკლედ ამ ეტაპზე სირიაში სიტუაცია დასწრებაზეა“, - აცხადებს „რეზონანსთან“ პაპავა. 

ახლო აღმოსავლეთის საკითხების ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ შეთანხმება თურქეთას და ამერიკას შორის  კი დაიდო, მაგრამ კონფლიქტის დანარჩენი მონაწილეები, რუსეთი, სირია, ირანი და პრო- ქურთული ძალები შეთანხმების ყველა პუნქტს არ იზიარებენ. ასადის რეჟიმი საერთოდ კატეგორიულად ამბობს, რომ მისთვის სირიაში თურქული სამხედრო ძალების ყოფნა საერთოდ მიუღებელია და არანაირი შეთანხმების მომხრე არ არის.  

ბატიაშვილის თქმით, პრო-ქურთული ძალები აცხადებენ, რომ ისინი მებრძოლების გაყვანის მხოლოდ ზოგ რეგიონიდან არიან თანახმა. ოფიციალურად რუსეთის პოზიცია ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თუმცა არაოფიციალურად გარკვეულია, რომ ამ შეთანხმების მომხრეები არ არიან. ანალიტიკოსი ამბობს, რომ 22 ოქტომებრს ბევრი რამ ერდოღანის და პუტინის შეხვედრაზე იქნება დამოკიდებული. 

ბატიაშვილი ამ კონფლიქტში საქართველოს როლზეც საუბრობს და ამბობს, რომ ამ ეტაპზე ლტოლვილების საფრთხე არ არის, თუმცა უსაფრთხოების საკითხი დგას, რადგანაც დაბომბვის შედეგად ციხეებიდან ე.წ. „ისლმური სახელმწიფოს“ მებრძოლები გაიქცნენ და ზოგი მათგანი ქართველიც არის, რომლებიც სამშობლოში დაბრუნებას მოისურვებენ. 

„22 ოქტომებრს სოჭში შეხვედრა ბევრ რამეს გადაწყვეტს. პუტინის და ერდოღანის შეხვედრაზე გამოჩნდება, მოვლენები სირიაში როგორ შეიძლება განვითარდეს. რაც შეეხება ირანის გააქტიურებას, მოგეხსენებათ, რეგიონებში, სადაც ამერიკელი სამხედროები იყვნენ და გავიდნენ, იმ ნაწილში რუსები და ასადის რეჟიმის მებრძოლები შევიდნენ, ამიტომაც ირანელებსაც სურთ, ამ კონფლიქტიდან თავისი წილი შეხვდეთ. ახლა იქ ყველა დასწრებაზეა და ყველას თავისი კონკრეტული ინტერესი ამოძრავებს. 

„ახლა პუტინი ერდოღანთან შეხვედრისას საკუთარი ინტერესების  მაქსიმალურად დაკმაყოფილებას შეეცდება.  ეცდება, თავისი მარიონეტის, ასადის რეჟიმისთვის მომგებიანი პირობები მიიღოს და მეორე მხრივ მშვიდობის მანტიას მოისხამს  და მომრიგებლის როლში წარმოგვიდგება. თუმცა მისი მშვიდობისმყოფელობა მსოფლიოს კარგად მოეხსენება. ის 4 წლის განმავლობაში სირიის სოფლებს და ქალაქებს ბომბავს, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოქალაქეები, ბავშვები და ქალები იხოცებიან. 

„რაც შეეხება საქართველოში ლტოლვილების  შემოსვლის საფრთხეს, ჯერჯერობით არ დგას. ლტოლვილები სამხრეთისკენ და აღმოსავლეთისკენ გაიქცნენ. ამაზე მეტად ახლა საქართველოსთვის უფრო უსაფრთხოების თემაა მნიშვნელოვანი, რადგანაც დაბომბვის შედეგად, აისისის მებრძოლებმა ისარგებლეს და ციხიდან გაქცევა შეძლეს. ისინი სხვადასხვა ქვეყნების მიმართულებით დაიძრნენ. ვფიქრობ,  მათ  შორის შესაძლოა საქართველოს მოქალაქეები იყვნენ, რომლებმაც გეზი სამშობლოსკენ აიღონ“, - აცახდებს ბატიაშვილი „რეზონანსთან“. 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×