„ჟენევის კონვენციიდან გასვლით. რუსეთი ყველანაირად ცდილობს, რომ პასუხისმგებლობა თავიდან აიცილოს და თუნდაც ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინოს საერთაშორისო საზოგადოებაზე, რომ კიდევ აპირებს ომს", - ასე ეხმიანება „რეზონანსთან" ექსპერტი ნიკა ჩიტაძე რუსეთის ხელისუფლების მიერ ჟენევის პროტოკოლიდან გასვლის გადაწყვეტილებას.
გასულ კვირას პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთის სახელმწიფო დუმას წარუდგინა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც რუსეთი ჟენევის პროტოკოლიდან გადის. ოფიციალურად ამის მიზეზი ისაა, რომ „არსებობს არაკეთილსინდისიერი სახელმწიფოების მიერ კომისიის ძალაუფლების ბოროტად გამოყენების რისკი პოლიტიკური მიზნებისთვის".
საუბარია ჟენევის მეოთხე კონვენციაზე, რომელიც 1949 წელს არის მიღებული. ამ კონვენციის ხელმომწერები გარკვეულ ვალდებულებებს იღებენ როგორც უშუალოდ ომის დროს, ასევე, შეიარაღებული დაპირისპირებისას, როდესაც ომი გამოცხადებული არ არის, და სხვა ქვეყნის ოკუპაციის შემთხვევაში.
კერძოდ, ოკუპირებულ ტერიტორიებს შეეხება კონვენციის 47-ე და 48-ე მუხლები, რომლებიც სამხედრო ოკუპაციის განმახორციელებელ ძალას არსებით ვალდებულებებს აკისრებს. მაგალითად, პროტოკოლით, ოკუპანტ ძალას არ აქვს უფლება, ძალისმიერად მოახდინოს პროტოკოლით დაცული მოსახლეობის დეპორტირება, ან საკუთარი მოსახლეობა ჩაასახლოს ამ ტერიტორიაზე და ა.შ.
„რუსეთმა მრავალჯერ დაარღვია ჟენევის კონვენციით გათვალისწინებული პრინციპები. ის ერთ-ერთია, რომელიც საერთაშორისო ჰუმანიტარული მართვის ფარგლებში იყო მიღებული და ითვალისწინებს სამოქალაქო მოსახლეობის და სამოქალაქო ობიექტების დაცვას საომარი კონფლიქტების დროს,
„მაგალითად, ჩეჩნეთში წარმოებული სამხედრო ოპერაციების ორი ომის შედეგად დაახლოებით 200 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ბუნებრივია, ძირითადად ისინი მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ. რუსეთმა ასევე ქალაქი გროზნო მიწასთან გაასწორა, საქართველოში წარმოებული სამხედრო ოპერაციის დროს, როდესაც საქართველოს საჰაერო სივრცე დაირღვა დაახლოებით 200 ჯერ, ასევე მოხდა მშვიდობიანი მოსახლეობის გამოდევნა საცხოვრებელი ადგილებიდან, აქ ნათლად გამოჩნდა, რომ რუსეთი არანაირად არ იცავს ჟენევის კონვენციით გათვალისწინებულ პრინციპებს. აქედან გამომდინარე, რუსეთი კიდევ ერთხელ იხსნის პასუხისმგებლობას და კიდევ ერთხელ ავლენს საკუთარ აგრესიულ ზრახვებს."-აცხადებს ნიკა ჩიტაძე.
მისივე განმარტებით, ჟენევის პროტოკოლიდან გასვლით რუსეთი პასუხისმგებლობის აცილებას ცდილობს.
„იყო პრეცენდენტი როდესაც, 2007 წლის 14 დეკემბერს რუსეთი ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების შესახებ ხელშეკრულებიდან გავიდა, საბჭოთა კავშირმა ამ ხელშეკრულებას 1990 წლის ნოემბერში მოაწერა ხელი, შემდგომში კი რუსეთი გახდა ამ ხელშეკრულების მონაწილე, როგორც საბჭოთა იმპერიის სამართალმემკვიდრე. ამ ხელშეკრულების მიხედვით, რუსეთი ვალდებული იყო თავისი კონტინგენტი შეემცირებინა, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში, თუმცა მეორე წელს განახორციელა სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ და დღეს თუ თითოეულ ოკუპირებულ რეგიონში 5-5 ათასამდე რუსი სამხედრო მოსამსახურეა უკანონოდ განთავსებული, რუსეთი ამას ხსნის იმით, რომ იგი არაა ხელშეკრულების წევრი.
„ჟენევის კონვენციიდან გასვლით, რუსეთი ყველანაირად ცდილობს, რომ პასუხისმგებლობა თვაიდან აიცილოს და თუნდაც ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინოს საერთაშორისო საზოგადოებაზე, რომ, მაგალითად, კიდევ აპირებს ომს", - აცხადებს ჩიტაძე.