„ეს ამბავი დიდი ხანია ცნობილია. გერმანიას აქვს თავისი ინტერესები, რომელიც არ ემთხვევა ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებს. საკითხის მოსაგვარებლად, გერმანიაში მუშაობის გააქტიურებაა საჭირო. სერიოზული დიპლომატი უნდა დაინიშნოს ელჩად და არა ისეთი, როგორიც ბოლო 15 წელია გვყავს - ეს გერმანიისთვის შეურაცხმყოფელია", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას პოლიტიკური ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე ამერიკელი დიპლომატის, მეთიუ ბრაიზას განცხადებას, რომ ნატო-ს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე საქართველოს მაპ-ი გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის წინააღმდეგობის გამო არ მისცეს.
„გერმანელები ნატო-ს წევრ ქვეყნებს შორის ყოველთვის ყველაზე მეტად ცდილობდნენ კონფრონტაციაში არ შესულიყვნენ რუსეთთან. ეს გასაგებია ქვეყნის დრამატული ისტორიიდან გამომდინარე. გერმანიის პრეზიდენტი შტაინმაიერი, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, ცდილობდა არ გატარებულიყო ისეთი პოლიტიკა, რასაც დაპირისპირება მოჰყვებოდა რუსეთთან", - აღნიშნა მეთიუ ბრაიზამ და დაამატა, რომ მსგავსი რამ შესაძლოა, მომავალშიც მოხდეს.
თორნიკე შარაშენიძე ამბობს, რომ ანგელა მერკელი მიერ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭების საკითხის დაბლოკვა ახალი არაა და არც გასაკვირი, რადგან რუსეთის გერმანიას საკუთარი ინტერესები გააჩნია ამ საკითხში:
„ეს მართლა მოხდა და ბრაიზას ამ სიტყვებით ამერიკა ნამდვილად არ აღმოგვიჩენია. ეს ამბავი დიდი ხანია ცნობილია. გერმანიას აქვს თავისი ინტერესები, რომელიც არ ემთხვევა ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებს.
„ამ საკითხის მოგვარება გაცილებით გართულებული იქნება 2008 წლის ომის შემდეგ. თუ რაიმე უნდა გაკეთდეს, პირველ ყოვლისა, გერმანიაში მუშაობის გააქტიურებაა საჭირო. გერმანიაში სერიოზული დიპლომატი უნდა დაინიშნოს ელჩად და არა ისეთი, როგორიც ბოლო 15 წელია გვყავს - ბოლო 15 წლის განმავლობაში საქართველოს გერმანიაში ელჩად დიპლომატი არ ჰყოლია.
„ასეთ სიტუაციაში და ასეთი მუშაობით, ბუნებრივია, გერმანიასთან საქართველო ვერაფერს ვერ გახდება. საჭიროა, რომ დიპლომატმა, როელიც გერმანიაში უნდა დაინიშნოს ელჩად, დაიცვას და გაატაროს თავისი ქვეყნის ეროვნული ინტერესები.
„როდესაც ქვეყანას გერმანიაში ელჩად სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი ჰყავს, მანამდე მოსამართლე, ავსტრიის მოქალაქე არისტოკრატი და ა.შ. ჰყავდა გაგზავნილი ელჩად, ეს გერმანიისთვის შეურაცხმყოფელია. შესაბამისად, არ მესმის, რატომ უკვირთ, რომ გერმანიამ არ მოინდომა საქართველოსთვის მაპ-ის მიცემა.
„ახლა რატომ ვთხოვთ გერმანიას იმას, რაც მას არ უნდა, მაშინ, როდესაც მას პატივს არ ვცემთ?! ეს გამოიხატება იმაში, რომ დიპლომატს არ ვგზავნით ელჩად", - განაცხადა შარაშენიძემ.