წავკისში მომხდარი უმძიმესი ორმაგი მკვლელობა ქსნის კოლონიაში გარჩევის მიზეზი გახდა? - ვისგან ან რისგან მიიღო დაზიანებები პატიმარმა ყურაშვილმა?
ქსნის დაწესებულებაში მყოფი პატიმარი, ანრი ყურაშვილი სხვადასხვა სახის დაზიანებებით ღუდუშაურის კლინიკაში მოხვდა. მას სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა და ექიმებმა ასევე ტვინის შერყევის დიაგნოზიც დაუსვეს. ღუდუშაურის კლინიკაში იგი ორი დღე იწვა. ჩვენი ინფორმაციით, მსჯავრდადებული უკვე ციხეში დააბრუნეს. კლინიკაში პაციენტის მდგომარეობაზე კომენტარს არ აკეთებენ. არსებული ინფორმაციით, დაზიანებები პატიმარმა ქსნის კოლონიაში მიიღო, როგორც ამბობენ, პატიმრებს შორის სერიოზული დაპირისპირება მოხდა, სწორედ კრიმინალური გარჩევის დროს ჯგუფურად გაუსწორდნენ ყურაშვილს სხვა პატიმრები. ამ ჩხუბის დროს ისე დაშავდა ანრი
ყურაშვილი, რომ კლინიკაში მისი გადაყვანა გახდა საჭირო. ამ საქმეზე გამოძიება უკვე დაწყებულია. დაიკითხა კიდეც დაშავებული პატიმარი. ის არ ადასტურებს ციხეში მისი ცემის ფაქტს, თავის ჩვენებაში ამბობს, რომ ორსართულიანი საწოლის მეორე სართულიდან გადმოვარდა და დაზიანებები მაშინ მიიღო.
როგორც ამბობენ, დაშავებული პატიმარი მომხდარ ინციდენტს მალავს. თავად უწყებაშიც იგივე ვერსიაზე საუბრობენ. პატიმრის ოჯახში ამბობენ, რომ ინფორმაცია მიაწოდეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან, რომ გადმოვარდა საწოლიდან იგი და მსუბუქად დაშავდა.
ანრი ყურაშვილს 3 წელი აქვს მისჯილი. ის დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით გაასამართლეს და ფიგურირებს წავკისში მომხდარ უმძიმეს დანაშაულში. მაშინ ანრი ყურაშვილის მეგობარმა გიორგი აბულაძემ ლექსო ფეიქრიშვილი და მისი ბიძაშვილი დათო ფეიქრიშვილი მოკლა. სწორედ ამ ბიჭების მკვლელობის საქმის გარჩევა მოხდა საკანში, რა დროსაც ყურაშვილს სასტიკად სცემეს.
შეგახსენებთ, უმძიმესი დანაშაული წავკისში 2018 წლის დეკმბერში მოხდა. მაშინ უმნიშვნელო საბაბით დაწყებული კამათი ორი ადამიანის მკვლელობით და ორის დაჭრით დამთავრდა.
კვირის პალიტრა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე