„როგორც ვიცი, მას შესთავაზეს ადგილი დიდ დარბაზში აივანზე, სადაც მან უარი განაცხადა, ეს იყო და ეს, თორემ კომიტეტზე დასწრების აკრძალვა არავის არავისთვის არ უთქვამს", - ასე ეხმიანება „რეზონანსთან" „ქართული ოცნებისა" და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი გოგა გულორდავა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის განცხადებას.
ანა დოლიძემ იურიდიული საკითხთა კომიტეტის სხდომა დატოვა, სადაც მოსამართლეობის კანდიდატ გიორგი მიქაუტაძეს უსმენენ, დოლიძის განცხადებით, მას მანდატურის სამსახურმა განუმარტა, რომ დარბაზში ადგილი არ იყო და შესაბამისად, მას სხდომაზე დასწრება დარბაზში არსებულ ე.წ. აივანზე შესთავაზა. ანა დოლიძის თქმით, აღნიშნულით ქმედებით ცდილობენ, რომ გიორგი მიქაუტაძეს კომფორტი შეუქმნან და „ცივი ნიავი არ მიაკარონ".
გულორდავა ამბობს, რომ დოლიძე გარკვული ადგილი შესთავაზეს, რაზედაც მან უარი განაცხადა.
„იურიდიული კომიტეტის დარბაზი არ არის ისეთი, რომ განუსაზღვრელი რაოდენობის ადამიანი დაეტიოს, ადგილი წინასწარ განსაზღვრულია, პირველ რიგში დეპუტატებისთვის, არასამთავრობო სექტორისთვის, მედიისთვის, სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებისთვის.
„კომიტეტის სხდომა ყველასთვის ღიაა. უბრალოდ,ს იმ ქვედა დარბაზში, სადაც ეს კონკრეტული ადგილები უკვე გადანაწილებული იყო იმ ადამიანებისთვის, ვისაც კითხვის დასმის საშუალება აქვთ, ეს ადგილები უკვე შევსებული იყო.
„მე როგორც ვიცი, მას შესთავაზეს ადგილი დიდ დარბაზში აივანზე, სადაც მან უარი განაცხადა. ეს იყო და ეს, თორემ კომიტეტზე დასწრებაზე უარი არავის არავისთვის არ უთქვამს. ამის ნათელი მაგალითი იყო, რომ შაქარიშვილი შემობრძანდა იურიდიული კომიტეტის სხდომაზე და ახლა ზის.
„დოლიძემ უარი განაცხადა ადგილზე, სადაც ჩვეულებრივ რიგითი მოქალაქეები სხდომას ესწრებოდნენ. უარი თქვა, რომ თვალყური იქიდან მიედევნებინა. მე ასეთ ინფორმაციას ვფლობ", - აცხადებს გულორდავა.