თამთა ჩაჩანიძე
22.10.2019

 „მე საერთოდ არ მომწონს მოსამართლეობის კანდიდატების თემის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულება. თვითონ შერჩევის პროცესიც დამაჯერებლად არ მიმაჩნია სწორედ იმიტომ, რომ ამ პროცესში პარლამენტის ბევრი წევრის ემოციები მეტისმეტად ჩართულია და კანდიდატების შეფასება საჭირო ცივი გონებით არ ხდება", - ასე ეხმიანება „რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესს.

„რეზონანსი": სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნები თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოკითხეს. როგორ ფიქრობთ, რატომ არ მოხდა ეს პროცესი უფრო ადრე?

რამაზ საყვარელიძე: საქმის კურსში არ ვარ, თუმცა, ადამიანმა შესაძლებელია იფიქრო, რომ ხელმოწერების შეგროვებამ გავლენა იქონია და თანამდებობის პირებზე გადავიდნენ.

„რ": როგორ განიხილავთ პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესს?

რ.ს.: მე საერთოდ არ მომწონს მოსამართლეობის კანდიდატების თემის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულება. თვითონ შერჩევის პროცესიც დამაჯერებლად არ მიმაჩნია, სწორედ იმიტომ, რომ ამ პროცესში პარლამენტის ბევრი წევრის ემოციები მეტისმეტად ჩართულია და კანდიდატების შეფასება საჭირო ცივი გონებით არ ხდება, ბევრ ფრაგმენტს ფაქტიურად ბრძოლის იერი აქვს და არა ის, რომ ქვეყანა იუსტიციის უმაღლესი რანგის პირებს უვადოდ ირჩევს და რომ ქვეყნის ბედი წყდება და არა თითოეული ჯგუფის ინტერესებისა.

რადგან შეჩევის პროცესში ჯგუფების ინტერესები მკაფიოდ იხატება, ესე იგი პროცესი კარგად აწყობილი არაა.

„რ":ოპოზიციის პროგნოზით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება" ამომრჩეველთა 35%-ზე მეტის ხმას ვერ აიღებს. როგორ ფიქრობთ, გაუჭირდება თუ არა „ქართულ ოცნებას" პარლამენტში უმრავლესობის შექმნა?

რ.ს.: მგონია, რომ „ქართული ოცნება" უმრავლესობას მაინც შექმნის შემდეგი მოსაზრებების გამო - „ენ-დი-აის" ბოლო კვლევის მიხედვით, მას ჰქონდა 20%, ეს პროცენტი კი გაიზრდება იმის პოპორციულად, თუ რამდენად დააკლდება ამომრჩეველი არჩევნებს. შესაბამისად, პირობითად, თუ ამომრჩეველთა ნახევარი არჩევნებს არ დაესწრო, უკვე იმ მონაცემებით, რაც მაშინ „ენ-დი-აის" კვლევებმა ჩაატარა, ამ ლოგიკით 40% უკვე აქვს.

ამას ემატება ისიც, რომ პარტია გაჩერებული არაა, აქტიურობს ახლა, იაქტიურებს მომავალშიც და ბუნებრივია, ეს პროცენტი გაიზრდება და ამას ემატება ადმინისტრაციული რესურსი, რაც სოციოლოგიურ გამოკვლევებში საერთოდ არ ჩანს. ადმინისტრაციულ სისტემებში მყოფი ადამიანები, ამ სისტემების სასარგებლოდ ხმას იძლევიან ხოლმე დაახლოებით 10%-ის ოდენობით და ამით წესით გამოვიდა 50%-იც და მეტიც.

„რ" ექს-პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილს დაცვის მოსხნის გარდა, არაოფიციალური ინფორმაციით, შესაძლოა მას პრეზიდენტის პენსიაც მოუხსნან. ამას როგორ აფასებთ?

რ.ს.: არვიცი აქ შურისძიების მომენტი არის თუ არა, მაგრამ ქვეყნის სირცხვილი რომაა ყოფილი პრეზიდენტების მიმართ ამ ნაბიჯების გადადგმა, ეს ფაქტია.

„რ": ბიძინა ივანიშვილმა დაახლოებით ერთი წლის წინ საქართველოს მოსახლეობას არსებული პრობლემების მოსაგვარებლად ერთი წელიც სთხოვა. როგორ ფიქრობთ, ივანიშვილმა დაპირებებიდან რა შეასრულა?

რ.ს.: მისი ერთ-ერთი დაპირება ის იყო, რომ საკადრო პოლიტიკა გამოსწორდებაო და ამის შემდეგ წინ წამოიწია და გამწვავდა მოსამართლეების თემა, რაც სწორედ საკადრო პოლიტიკის ხარჯით მოხდა.

ივანიშვილი საკადრო პოლიტიკის გამოსწორებას საზოგადოებას ჰპირდებოდა იმ მხრივადაც, რომ „ნაციონალების" აღზევებას შეაჩერებდა. ეს მოსამართლეებიც „ნაციონალების" დროს აღზევებული მოსამართლეები არიან. ამდენად, ამ ხაზით მისი პირობა არათუ შესრულდა, არამედ პირიქით.

ამ მოღვაწეობის განმავლობაში პოზიტივად რაც შეიძლება ჩაითვალოს, ესაა საარჩევნო სისტემის თემა, მაგრამ მოხდებოდა თუ არა ხალხის ინტერესის ასეთი გათვალისწინება, რომ არ ყოფილიყო ივნისის მოვლენები, ეს უცნობია. რაღაცა ზეწოლის გარეშე ესეც არ მომხდარა და ამიტომ ძნელი სათქმელია, ამ პირობის შესრულება იმას ეკუთვნის, ვინც ქუჩაში იდგა თუ, ივანიშვილს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×