„პრეზიდენტს შეწყალების ექსკლუზიური უფლება უნდა დარჩეს, მაგრამ უნდა შეიქმნას კომისია, რომელიც ძირფესვიანად შეისწავლის შეწყალების საქმეებს, ვიდრე პრეზიდენტთან ხელმოსაწერად შევა. მაშინ ასეთი ლაფსუსები აღარ მოხდება“, - ასე ეხმაურება კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ შეწყალების საქმეებთან დაკავშირებით ახალი კრიტერიუმები უნდა შემუშავდეს.
„არ მგონია, რომ რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტს იმდენი დრო ჰქონდეს, რომ თითოეულ შეწყალების საქმეს გაეცნოს. ამ საქმეებს ზოგადად სწავლობს შეწყალების კომისია, ვიდრე პრეზტიდენტთან შევა ხელმოსაწერად. როგორც მახსოვს, მაგრველაშვილის დროსაც მუშაობდა შეწყალების კომისია და ეს ხალხი საქმეს თავს ართმევდა. მაგრამ დღეს მოქმედი პრეზიდენტის პირობებში შეწყალების კომისია გაუქმებულია და რას ელოდებიან, არ ვიცი.
„თუ შეიქმნება კომისია, ეს იქნება კარგი მექანიზმი. კომისია უნდა დაკომპლექტდეს მაღალკვალიფიციური კადრებით და იმ ადამიანებით, ვისაც საზოგადოება ენდობა. გარდა მობილურობისა, კომისიის წევრები ძირფესვიანად შეიწავლიან საქმეებს და უკვე გაფილტრული სახით შევა პრეზიდენტთან ხელმოსაწერად.
„მეორე მექანიზმი არის შიდა რეგულაციების დაწესება, ანუ შეთანხმება, რომ მძიმე დანაშაულებზე შეწყალება არ გავრცელდება. მაგალითად, ნარკოტიკების გამავრცელებელებზე, განასაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე, მეორედ ან მესამედ თუ იხდის სასჯელს... რამდენად სახიფათო იქნება ეს ადამიანი საზოგადოებისთვის.
„თუ მაინცდამაინც პრეზიდენტმა თვალდახუჭულმა უნდა მოაწეროს ხელი შეწყალების საქმებს, ჯობს ეს საქმე გააკეთოს კომისიამ, მაშინ ასეთი ლაფსუსები აღარ იქნება“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ვახტანგ ძაბირაძემ.