ელზა პაპოშვილი
22.10.2019

 პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან უკვე 12-ის მოსმენა ჩატარდა, თუმცა სამშაბათს გამართულიმოსამართლე გიორგი მიქაუტაძის მოსმენა ყველაზე სკანდალური, დაძაბული და ემოციური გამოდგა. მიქაუტაძეს მმართველი პარტიის წარმომადგენლებიც კი დაუპირისპირდნენ.

ანალიტიკოსების აზრით, იმის ილუზია, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის ფორმირება შესაძლებელია, საბოლოოდ დასამარდა. მათი შეფასებით, მმართველმა პარტიამ მოსამართლეობის შერჩევისას პიარის მიზნით შესაძლებელია რამდენიმე ოდიოზური კანდიდატურა ჩააგდოს, თუმცა, საბოლოო საბოლოო უარყოფით შედეგს ვერ გადაწონის - ამ მოსამართლეებისგან „ოცნებაც“ იგივეს მიიღებს, რაც „ნაციონალებმა“ მიიღეს ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ.

არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციური პარტიები გიორგი მიქაუტაძეს სასამართლოში არსებული „კლანის“ ერთ-ერთ ლიდერად მიიჩნევენ და კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ მის არჩევას. 

თავად მიქაუტაძე კი ამბობს, რომ სასამართლოში არანაირი კლანი არ არსებობს. 

სამშაბათის გასაუბრებისას მიქაუტაძეს დეპუტატებმა საკმაოდ მწავავე კითხვები დაუსვეს და სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. 

„არ არსებობს სასამართლოში არანაირი გავლენიანი ჯგუფი, რომელიც იღებს გარკვეული სახის გადაწყვეტილებას. სასამართლოში არსებობს გუნდი, რომელიც ზრუნავს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე, მიუკერძოებლობაზე და სასამართლო სისტემის განვითარებაზე“, - ასე უპასუხა გიორგი მიქაუტაძემ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, „ქართული ოცნების“ წევრის, სოფიო კილაძის კითხვას, რომლის მიხედვითაც, ნაციონალურმა მოძრაობამ“ საზოგადოებაში ჩამოაყალიბა აზრი, რომ სასამართლო სისტემაში არსებობს მოსამართლეების გავლენიანი ჯგუფი, რომლებიც კონტროლს ახორციელებენ მთელ სასამართლო სისტემაზე.

გიორგი მიქაუტაძის თქმით, ის გადაწყვეტილებები, რომლებსაც დღეს მოსამართლეები იღებენ,  მაქსიმალურად გამჭვირვალეა . 

მანამდე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 23 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 11 კანდიდატს მოუსმინა. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს სულ 20 კანდიდატი წარუდგინა. აქედან ცხრა მოსამართლე კიდევ გამოსაკითხია. 

დაპირისპირება და სკანდალი სამშაბათის სხდომის დაწყებამდე დაიწყო, როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ანა დოლიძე ადგილების არქონის მოტივით დარბაზში არ შეუშვეს. მას მანდატურის სამსახურმა შესათავაზა, რომ მიქაუტაძისთვის აივნიდან მოესმინა. ამაზე დოლიძემ უარი განაცხადა და თქვა, რომ მიქაუტაძეს ყველანაირ კომფორტს უქმნიან, რათა მისი გასაუბრება მშვიდ ვითარებაში წარიმართოს.

ამის შემდეგ იყო გიორგი მიქაუტაძის მოსმენა. პირველი დაპირისპირება „ოცნების“ ყოფილი წევრის, გედევან ფოფხაძის სიტყვებით დაიწყო: „თქვენ ხართ ადამიანი, რომლის ადგილიც უნდა იყოს ციხეში და არა სასამართლოში“.

მისივე თქმით, მიქაუტაძე და სხვა მოსამართლეებიც სააკაშვილის რეჟიმის შანტაჟისტები იყვნენ. მათ თანამდდებობების გარდა არაფერი აინტერესებდათ.  

გიორგი მიქაუტაძემ კი ფოფხაძეს შემდეგი სიტყვებით უპასუხა: „ მოსამართლე 2012 წლიდან ვარ, მანამდე კი პროკურორის თანამდებობაზე ვმუშაობდი“.    

„თქვენი გადაწყვეტილებით სახლი გამიყიდეს, თქვენ არ გახსოვთ, მაგრამ მე და ჩემს ოჯახს კარგად გვახსოვს“, - ამ სიტყვებით მიქაუტაძეს უკვე უმრავლესობის დეპუტატმა გიგა ბუკიამ მიმართა.    

მან აღნიშნა, რომ უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატ გიორგი მიქაუტაძეს მხარს არ დაუჭერს. 

„ბრალმდებელი ბრალს მიყენებდა მე, გიგა ბუკიას, რომ თანხა გადავურიცხე „ქართულ ოცნებას“ და შემოწირულობა გავაკეთე. იმ დროს ოპოზიციაში ვიყავი, 35 000 ლარი გადავრიცხე და თქვენ მოგიტანეთ დოკუმენტი. მიუხედავად იმისა, რომ შაბათ-კვირას ჩანიშნეთ სასამართლო, წინასწარ მზად ვიყავი ამისთვის, წინასწარ მქონდა საბანკო ამონაწერი გამზადებული, მოგიტანეთ და განახეთ, რომ მქონდა სადღაც 60 000 დოლარზე მეტი საბანკო ანგარიშზე და იქიდან გადაირიცხა ეს თანხა. 

„თქვენ მე დამაჯარიმეთ 177 000 ლარით. რით იხელმძღვანელეთ ამ შემთხვევაში, ჩემი მტკიცებულება რატომ არ მიიღეთ მტკიცებულებად?“ - მიმართა გიგა ბუკიამ გიორგი მიქაუტაძეს.

საპასუხოდ გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა, რომ დეპუტატი მას ეკითხებოდა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც მას აქვს მიღებული 17 პირის მიმართ, თუმცა კონკრეტული პირები არ ახსენდება. მისივე თქმით, ყველა გადაწყვეტილებაში მისი დასაბუთება მითითებულია. ამას არ დაეთანხმა ბუკია.

„არ არის მითითებული. თქვენ არ საუბრობთ, რომ საბანკო ამონაწერები განიხილეთ. საქალაქოს თავმჯდომარედ რომ დაინიშნეთ, მოვიდნენ ჩემთან ჟურნალისტები. არსად მიხსენებიხართ და არ მითქვამს, ვინაიდან ვთვლიდი, რომ ეს სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხია, შიგნით რა ხდება, მაგრამ თქვენ მოხვედით პარლამენტში და უკვე ჩვენგან ითხოვთ ხმას და მხარდაჭერას. მე არ ვითხოვდი თქვენგან მხარდაჭერას, თქვენგან უბრალოდ მარტივ რაღაცას ვითხოვდით, რომ თუნდაც პატარა ნათელი გამოჩენილიყო იმ რეჟიმის დროს“, - განაცხადა ბუკიამ.

ამას გიორგი მიქაუტაძემ მოკლე კომენტარით უპასუხა: „ეს თქვენი შეფასება არის და გაქვთ ამის უფლება“. 

„გარიგების გამო ზიხართ აქ. ანუ, პატივს კი არ გცემენ, ვიღაცას სჭირდებით, როგორც ყოფილი შემსრულებელი“,- ეს კი დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებაა, რომლითაც მან მიქაუტაძეს მიმართა.  

მისი თქმით, გიორგი მიქაუტაძე 2006-2010 წლებში პროკურატურაში მუშაობდა, რომელიც, მისი თქმით, „პირდაპირ იყო ადამიანების გაუბედურების კონვეირი, ყველაზე ბინძური უწყება, სადაც იყო ქონების წართმევა, დაშანტაჟება, თვალთვალი, ადამიანების გაუბედურება“.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით პროცესები შემდეგნაირად გაგრძელდება - ჩაყვებიან სიას ბოლომდე, იქნება კენჭისყრა და აარჩევენ ათ კაცს. 

ანალიტიკოსი ამბობს, რომ „ოცნება“ არაორდინალურ გადაწყვეტილებას არ მიიღებს და  მოსამართლეების დანიშვნაზე უარს არ იტყვის; ამ გასაუბრებებმა კარგად აჩვენა საბოლოოდ როგორი მოსამარლეები გვეყოლება და რა კატეგორიის სასამარლოს მივიღებთ. 

ძაბირაძის აზრით, თუ ადრე ვინმეს იმის ილუზია მაინც ჰქონდა, რომ მოსამართლეების ამ ფორმით დანიშვნა რამეს შეცვლიდა, მწარედ შეცდა.  

„თუ ადრე ვინმეს რამე მცირე რწმენა მაინც ჰქონდა დარჩენილი, რომ სასამართლო შესაძლოა დამოუკიდებელი ყოფილიყო, მწარედ შეცდა. მივიღეთ სასამართლო, რომლის მიმართ ნდობა, არა მარტო საზოგადოებას და ოპოზიციას არა აქვს, არამედ თავად ხელისუფლებასაც. ამ მოსამართლეების მხრიდან „ოცნებაც“ იგივეს მიიღებს, რაც „ნაციონალებმა“ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ მიიღეს. ეს არიან მოსამართლეები, რომლებიც ბატონის მსახურებას არიან შეჩვეული და მათთვის  ქვეყანა და სამართალი მეორეხარისხოვანია. 

„შესაძლოა „ოცნებამ“ რამდენიმე ოდიოზური და გამოკვეთილი მოსამართლეების კანდიდატურა ჩააგდონ და ამაზე შემდეგ მთელი პიარი ააგონ. ეს გამორიცხული არ არის. სასამართლოსადმი ნდობა მაინც არ იქნება და ამაშიც დარწმუნებული არ ვარ, რომ საკმაოდ სკანდალური საქმის მოსამართლეებიც საერთოდ არ გაიყვანონ. 

„აქ არა მხოლოდ პერსონალური პრობლემაა, ეს არის საერთოდ  სისტემური პრობლემა. საერთო ჯამში ამ მოსამართლეებს არავინ ენდობა და საერთოდ სასამართლო სისტემის მიმართ არანაირი ნდობა არ არსებობს. ამიტომაც ერთ კაცს ჩააგდებენ თუ ორს, ამით არსებითად მაინც არაფერი შეიცვლება“, - აცხადებს ძაბირაძე „რეზონანსთან“ საუბრისას.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×