პარიზში, ლუქსემბურგის სასახლეში გამართულ საზეიმო ცერემონიაზე ფილმს ,,საქართველო - ღვინის სამშობლო“ სპეციალური პრიზი გადაეცა. ამ დიდი აღიარებით საქართველომ აჩვენა, რომ ის არა მხოლოდ ღვინის უძველესი მწარმოებელი, არამედ დიდი ცივილიზაციის მქონე ქვეყანაც არის, სადაც 8000-წლოვანი ტრადიცია არ წყდება და მეღვინეობა განვითარებას აგრძელებს.
უნდა ითქვას, რომ ევროპის და ხმელთაშუა ზღვის ცივილიზაციის მუზეუმში რიგით 26-ე ფესტივალი საქართველოსთვის განსაკუთრებით იღბლიანი აღმოჩნდა - ქართულმა სამეცნიერო მხატვრულ-დოკუმენტურმა ფილმმა „საქართველო ღვინის სამშობლო“ საფრანგეთში ქალაქ მარსელში მიმდინარე წლის 13-16 ივნისს გამართულ ფოტოგრაფიისა და კინემატოგრაფიის ფესტივალზე „Oenovideo“ - ფესტივალის პარტნიორთა და ჟიურის მიერ - მეცნიერებისა და კულტურის სპეციალური პრიზი მიიღო. წელს, ფესტივალის შესარჩევ ეტაპზე, 144 ფილმი მონაწილეობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და ჯილდო სულ რამდენიმემ დაიმსახურა.
14 ოქტომბერს პარიზში გამართულ დაჯილდოების ცერემონიას ფილმის იდეის ავტორი და შემეცნებითი მიმართულების პროდიუსერი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ტყემალაძე და საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში და „იუნესკოში“ საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი გოჩა ჯავახიშვილი დაესწრნენ.
როგორც დავით ტყემალაძემ ,,რეზონანსთან“ საუბრისას აღნიშნა, ფილმი „საქართველო ღვინის სამშობლო“ იმ საერთაშორისო სამეცნიერო კვლევას ეძღვნება, რომლითაც მეცნიერულად დასაბუთდა, რომ სწორედ საქართველოა ღვინის სამშობლო და 8000 წლის წინ სწორედ ჩვენს ტერეტორიაზე დაიწყო ველური ვაზის მოშინაურება და ღვინის წარმოება, რაც უწყვეტად გაგრძელდა დღემდე.
თუმცა ამ დიდ აღიარებამდე იყო ქალაქ ბორდოში ქართული ღვინის გამოფენა ,,საქართველო მეღვინეობის აკვანი“, სადაც ჩვენი ქვეყანა მასპინძლის სტატუსით წარსდგა და ქართული ღვინის ისტორია და კულტურა მსოფლიო საზოგადოებას ამ დიდი ტრიბუნიდან გააცნო.
,,ეს გამოფენა იყო მკაფიო მესიჯი დამთვალიერებლებისთვის, საშუალება მოგვეცა, რომ მსოფლიოს გავცნობოდით, როგორც ღვინის კულტურის საუკეთესო მაგალითი – არა მარტო მეღვინეობის ისტორიის, არამედ დღევანდელი მეღვინეობის გამოც. სხვა მნიშვნელოვან მოვლენებთან ერთად, ფილმში ასახულია მეღვინოების დედაქალაქად წოდებულ, საფრანგეთის ქალაქ ბორდოში 2017 წელს გამართულ პროექტზე „საქართველო მეღვინეობის აკვანი“, სადაც ახლადგახსნილ ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრში - La Cité du Vin საქართველო, როგორც პირველი მიწვეული ქვეყანა იყო წარდგენილი. ამდენად, ბორდოში ჩვენი ქვეყნის მიერ ამ რამდენიმე წლის წინ მოპოვებულმა წარმატებამ ფილმში თვალსაჩინო ადგილი დაიკავა.
რაც შეეხება „Oenovideo“ -ს, მთლიანობაში, ფესტივალზე ძალიან საინტერესო და შინაარსიანი ფილმები იქნა ნაჩვენები. ბევრი მონაწილე იყო და ძალიან ვღელავდით. პრიზი სამეცნიერო-კულტურული ნამუშევრისთვის მოვიპოვეთ. ეს ერთი მიმართულებაა. საქართველო, როგორც უძველესი მეღვინეობის ქვეანა წარმოვაჩინეთ. ფილმში მეცნიერულად არის დასაბუთებული, ნამდვილად ვართ თუ არა მეღვინეობის აკვანი. ამისთვის არაერთი კვლევა ჩატარდა და მეცნიერულად დადასტურდა, რომ მეღვინეობის სამშობლო ვართ.
მეორე ნაწილი იყო ეთნოკულტურული მიმართულება - რა როლი ჰქონდა ღვინოს ქვეყნის ისტორიაში ადრექრისტიანულ და შემდეგ უკვე ქრისტიანულ ეპოქაში. საქართველომ მეცნიერული კვლევების საფუძველზე მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ ღვინის ცივილიზაციის საწყისი წერტილია, რაც ქვეყნის ისტორიისთვისაც მნიშვნელოვანი მოვლენაა.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალს ყოველწლიურად სხვადასხვა ქალაქი მასპინძლობს, მაგრამ დაჯილდოება ყოველთვის პარიზშია. გაისად ვერ მოვახერხებთ, თუმცა 2021 წელს უკვე საქართველო უმასპინძლებს ფესტივალს, ამ მიმართულებით მუშაობა მიდის“, - განაცხადა დავით ტყემალაძემ.
მისი თქმით, პარიზში მოპოვებული აღიარებით დიდი ნაბიჯი გადაიდგა, რომ მომავალში ქართული ღვინის ცნობადობა უფრო მეტად გაიზარდოს.
,,ალბათ, წლების წინ წარმოუდგენელი იყო, რომ ჩვენს მეღვინეობის სფეროში, მით უმეტეს, საფრანგეთში ამხელა აღიარებას მივაღწევდით. ამ მხრივ ფესტივალზე გამარჯვება დიდი შანსი მოგვცა სამომავლოდაც, რომ უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდეს ღვინის ტურიზმით, დააგემოვნოს ქართული ღვინო და ქვეყნის კულტურას გაცნოს. ეს საბოლოოდ ხელს შეუწყობს, რომ ქართული ღვინო ევროპაში კიდევ უფრო წარმატებით გაიყიდოს და ასევე, მეტი ვიზიტორი შემოვიდეს“, - აცხადებს დავით ტყემალაძე.
სამეცნიერო-მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი ,,საქართველო ღვინის სამშობლო“ გადაღებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების სააგენტოს „საქპატენტის“ მხარდაჭერით. ორმოცწუთიანი ფილმის რეჟისორია ალექსანდრე გაბუნია.
გადაღებები სხვადასხვა დროს საქართველოსა და აშშ-ში, ასევე იტალიასა და საფრანგეთში მიმდინარეობდა. ფილმი გადაღებულია სტუდია „სინემანი ფილმს“-ის ბაზაზე.