ლისის მამათა მონასტრის იღუმენი ლუკა ფალავანდიშვილი სოციალურ ქსელში ახალგაზრდების შესახებ ვრცელ პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ახალგაზრდობის მოსაზიდად ეკლესიაში საეკლესიო პირებმა უფრო მეტად უნდა იზრუნონ.
გთავაზობთ სტატუსს სრულად:
"ძებნაში დაკარ-გულები
სილამაზის და სიმშვიდის ძებნაში გათანგულან ჩვენი ახალგაზრდები, ულამაზესი გოგო-ბიჭები, ახალი გენერაცია. დახეული ჯინსებით, პირსინგებით, ლამაზი ტატუებით, დადიან და ცხოვრების საზრისს ეძებენ, ეძებენ იმას, რაც მათთვისაც ამოუცნობია, ვერ ხვდებიან რა შიათ, რა სწყურიათ, რა უნდათ, არა და ეძებენ ნამდვილად იციან რომ რაღაც აკლიათ, რაღაცით უნდა შეივსონ სიცარიელე.
ბევრს არც კი გაუვლია აზრად, რომ აქ ჩვენთან, ეკლესიაში რამე ესაქმებათ, რომ აქ შეიძლება, რამე მსგავსი სივრცე იპოვონ სადაც მათი თავისუფლება არ შეიზღუდება. თუმცა ამის საბაბს, ხშირად ჩვენვე ვაძლევთ, რადგან, ხან გარეგნობა, ხან მათი ცხოვრების წესი, ხშირად მათი ორიენტაცია და საერთოდ მათი საქციელები, ჩვენთვის უცხო და მიუღებელია და ამის გამო ფაქტიურად ვდევნით, არ ვიკარებთ, არ ვეკარებით.
ღამის კლუბებში, მიმზიდველი რითმები, "ტრეკები", თვალის მომჭრელი წყვდიადი, რომელიც სხეულს თავად აცეკვებს, მთელს ახალგაზრდულ სიმხნევეს უკმაყოფილებს, მეტად თავისუფლების ფერებად ეჩვენებათ ყველაფერი. ჩვენ კი ვერ ვუხსნით მათ, თუ რა სჭირდებათ, ჩვენი ენა მათთვის ჯერ უცხოა და ჩვენც არ ვცდილობთ, ვისწავლოთ ის ენა, რომელიც სისავსეს და სიხარულს მიჰგვრის მათ, რითაც შეგვეძლება, უბრალო კონტაქტი შევძლოთ ჩვენს შვილებთან, დებთან და ძმებთან.
დღეს მოხმობის დრო არაა, ჩვენ თავად უნდა მივიდეთ, ჩვენ უნდა ჩამოვუჯდეთ გვერდში და ავუხსნათ, ვინ არის ქრისტე და რას გვაძლევს ის, რომ მათ ყველა ის ხელოვნური ბედნიერება, ლამაზი ფერები, შექმნილი სამყარო, დროებით განცდილი სიხარული, რომელიც შეიძლება ადამიანმა წამიერად, ხელოვნურად მოიპოვოს არ არის ცხოვრების გამხალისებელი და სწორედაც რომ ის რასაც ეძებენ ქრისტეა და არა სხვა რამ.
და მაინც როგორ მიგახვედროთ, როგორ გითხრათ, ჩემო საყვარლებო რას ეძებთ, რა გჭირდებათ და რა შეგვიძლია ჩვენ შემოგთავაზოთ, დაგანახვოთ, გახაროთ? ქრისტეში როდესაც შენ თავს იპოვნი, როცა შენ საყვარელ ადამიანში ქრისტეს აღმოაჩენ, როცა შეძლებ და სინამდვილეს განასხვავებ ამაოებისგან, "Ecstacy"-ის ბედნიერება, "LSD" ფერები, ალკოჰოლის გაბედულება, კლუბებში თავისუფლება, ტატუების სილამაზე, და ყველაფერი წამიერი და მიწიერი, არაფრად მოგეჩვენებათ, არაფრის მომცემი გახდება ეს ყველაფერი თქვენთვის, ქრისტე შეგივსებთ ყველა იმ სიცარიელეს, რასაც ამ ყველაფრით ცდილობთ, რომ შეივსოთ, შეგივსებთ ხილულად და მიხვდებით, რომ ნამდვილ ბედნიერებასა და სილამაზეს ეზიარებით, ნამდვილ სიყვარულს და არა ჭკნობად ურთიერთობებს ისწავლით, ამის ყველაზე დიდი გამოცდილება და საშუალებები მხოლოდ ღმერთშია, ქრისტეს სიყვარულში და მინდა, ყველამ იგემოს ეს ტკბილი, სიცოცხლის ნაყოფი".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე