ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა საქართველოს მხარდამჭერი აქტი გამოსცა. წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი, რომლის ინიციატორები დემოკრატი კონგრესმენი ჯერი კონოლი და რესპუბლიკელი ადამ კინზინგერი არიან. მათ მიერ შემუშავებული დოკუმენტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს მიმართ ამერიკის მტკიცე, ორპარტიულ მხარდაჭერას, გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დამრღვევი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის.
წარმომადგენელთა პალატაში მიღებული კანონპროექტის, „საქართველოს მხარდაჭერის აქტის“ მიზანია საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.
დოკუმენტის თანახმად, შეერთებული შტატების პოლიტიკა საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების განვითარების მხარდაჭერაა, რაც მოიცავს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, საჯარო სექტორის გამჭვირვალობას, ანგარიშვალდებულებას, კანონის უზენაესობასა და ანტიკორუფციულ ძალისხმევას.
საქართველოს მხარდაჭერის აქტი ხაზს უსვამს, რომ აშშ განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და საქართველოს უფლებას, თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი. კონგრესი მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ევროატლანტიკურ და ევროპულ მისწრაფებებს.
დოკუმენტის თანახმად, აშშ-ის პოლიტიკაა, არ აღიაროს რუსეთის ფედერაციის მიერ ძალის გამოყენებით ტერიტორიული ცვლილება, მათ შორის, არაკანონიერი შეჭრა და საქართველოს რეგიონების, აფხაზეთის და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია. ასევე, ამერიკის პოლიტიკაა დაგმოს მიმდინარე დაკავებები, გატაცებები და ადამიანის უფლებების სხვა დარღვევები, რომლებიც ჩადენილია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში. მათ შორის, საქართველოს მოქალაქეების არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის მკვლელობა.
საქართველოს მხარდაჭერის აქტი აშშ-ის პრეზიდენტს ავალდებულებს, სანქციები დაუწესოს ყველას, ვინც რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების დარღვევასა და საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფაში მონაწილეობს.
ამერიკელი კონგრესმენების მიერ მიღებული აქტით, შეერთებული შტატები მხარს უჭერს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას და რუსეთის მთავრობას მოუწოდებს, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.
ორპარტიულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2018 წელს შეერთებული შტატების კონგრესმა საქართველოს უსაფრთხოების მიმართულებით გამოუყო 37,2 მილიონი დოლარი, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო ნატოს ასპირანტია და მსოფლიოს უსაფრთხოებაში საკუთარი წვლილი შეაქვს. კონგრესი საქართველოსთვის ამერიკის დახმარების გაზრდას ითხოვს.
წარმომადგენელთა პალატაში დამტკიცებული „საქართველოს მხარდაჭერის აქტი“ სენატს გაეგზავნება. სენატის თანხმობის შემთხვევაში, კანონპროექტს ხელი პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უნდა მოაწეროს.
ამ აქტის გამოცემას შეფასებები საქართველოში უკვე მოჰყვა. ოპოზიციის წარმომადგეენლები „რეზონანსთან“ აცხადებენ, რომ ეს არის ერთი მხრივ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მიმართ სიკეთე და მხარდაჭერა, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოს ვალდებულება, შეასრულოს პირობები, რაც აშშ-ის მხარდაჭერას უზრუნველყოფს.
მათი აზრით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მიმართ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც მრავალ პრაქტიკულ ნაწილს შეიცავს.
პოლიტიკოსები ამბობენ, რომ სამი წლის წინ, ამერიკის კონგრესმა ქვეყნის მთავრობას აუკრძალა დახმარების გაწევა ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს აღიარებდა. ამის შემდეგ, მეორე ასეთი აქტი მიიღება, სადაც პრაქტიკულად ჩადებულია სანქციების ელემენტები, მისასალმაბელია და შემდგომში ეს სხვა ქვეყნების მიერ უნდა იყოს გამოყენებული.
„ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ჩვენი სუვერენიტეტის დაცვა ჩვენი პარტნიორების მტკიცე და ურყევ მხარდაჭერაზეა დამოკიდებული, რადგან ჩვენ ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავს. ამიტომ მოკავშირე, ამერიკის შეერთებული შტატები არის და უნდა იყოს იმის გარანტი, რომ ჩვენი უსაფრთხოება დაცული იქნება. მისი თქმით, საქართველომ მაქსიმალურად უნდა გააღრმავოს აშშ-სთან თანამშრომლობა.
„ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავაღრმავოთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენი თანამშრომლობა. ის, რომ მხარდამჭერი დოკუმენტი ორპარტიულია, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების არა რომელიმე კონკრეტული ხელისუფლების მხარდაჭერა აქვს, არამედ მთლიანად მთელი პოლიტიკური კლასის. ეს ნიშნავს, რომ მხარდაჭერა მდგრადი იქნება და ჩვენ დასავლური ინტეგრაციის გზაზე ურყევად უნდა ვიაროთ და ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა რაც შეიძლება მტკიცე უნდა გავხადოთ. მე ვისურვებდი, რომ ჩვენი ხელისუფლება ამ მიმართულებით უფრო აქტიურად მუშაობდეს და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ამ კავშირებს აღრმავებდეს“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.
დეპუტატი გიორგი კანდელაკი კი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია, რადგან ეს აჩვენებს, ჩვენი მეგობარი ვინ არის და ვინ – არა. ასევე, საქართველოს ვინ უდგას გვერდში, ვინ – არა, და ამერიკის რაოდენ მადლობელი უნდა ვიყოთ. დეპუტატის თქმით, მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ მომავალში იმუშაოს, რომ ეს დოკუმენტი რეალურ პოლიტიკურ პრობლემაში გადაიზარდოს ოკუპანტისთვის.
„როცა საოკუპაციო ხაზის გადმოწევა ან ადამიანის უფლებების დარღვევა მოხდება, ეს ყველაფერი რეალურ პრობლემად უნდა გადაიზარდოს ოკუპანტისთვის. რუსეთის მიმართ სანქციების თაობაზე „ევროპული საქართველოს“ რეზოლუციას ხელისუფლებამ ჯვაროსნული ომი გამოუცხადა, მაგრამ ჩვენი დოკუმენტი სანქციების ნაწილში საქართველოს მხარდამჭერი აქტის სულისკვეთებას მთლიანად იზიარებს. პრინციპული ტესტია, საქართველოს მთავრობა ამერიკასთან იმუშავებს თუ არა, რომ აქტის სულისკვეთება გადაიზარდოს რუსეთის მიმართ პრობლემაში. სანქციები დაწესდეს და ქაღალდზე არ დარჩეს“, – განაცხადა კანდელაკმა.