მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება შეამცირებს წნეხს ლარის კურსზე, ოღონდ 1 ან 2 კვარტლის შემდეგ
თამარ მუკბანიანი
23.10.2019

 ბოლო თვენახევრის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა, რეფინანსირების განაკვეთი ერთბაშად 2%-ით, 8.5%-მდე გაზარდა. მიზეზად, ლარის კურსზე და ინფლაციაზე წნეხის შემცირება სახელდება. ნახტომისებურად მომატებული განაკვეთი კი ეკონომიკურ ზრდასაც რომ შეანელებს, ეს უკვე თქვა ქვეყნის პრემიერმა. სფეროს სპეციალისტები კი მიიჩნევენ, რომ სებ-მა ცუდსა და უარესს შორის, ცუდი ვარიანტი არჩია. რადგან ეკონომიკური ზრდა საარჩევნო წელს, პირდაპირ არ აისახება მოსახლეობაზე, ლარის კურსისაგან განსხვავებით, ამიტომ არჩევანი კურსის გამყარებაზე შეჩერდა. 

გუშინ ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი დამატებით 1 პროცენტული პუნქტით - 8.5%-მდე გაზარდა. ბოლო თვენახევრის განმავლობაში, ეს მესამე ცვლილებაა და ჯამურად მატებამ 2% შეადგინა. მიზეზად უკვე ოფიციალურად სახელდება ლარის კურსის წნეხი ინფლაციურ პროცესზე და მისი შემსუბუქების აუცილებლობა. 

საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით, ინფლაცია წელს მიზნობრივი დონის ზემოთ დარჩება, მომავალი წლის მარტიდან კი შემცირებას დაიწყებს, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდება. 

„მიზნობრივზე მაღალ ინფლაციას, დროებით ფაქტორებთან ერთად,  ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურების ინფლაციაზე გადმოცემა განაპირობებს. პროგნოზის მიხედვით, ინფლაცია მომავალი წლის მარტიდან დაიწყებს შემცირებას, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდება“, - აცხადებენ სებ-ში. 

მოკლევადიან პერიოდში ლარის გაუფასურება ვერც რეზერვების გაყიდვამ და ვერც მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებამ რომ ვერ შეაჩერა, ეს ფაქტია. ახლა, მთავარია როგორი იქნება ეროვნულ ვალუტაზე გრძელ და საშუალოვადიან პერიოდში სებ-ის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილების გავლენა და რა გვერდითი ეფექტები შეიძლება მოჰყვეს მას. 

ერთ-ერთ ნეგატიურ მომენტზე გადაწყვეტილების მიღებიდან სულ რამდენიმე საათში ქვეყნის პრემიერმაც ისაუბრა. 

„რა თქმა უნდა, ასეთი ნაბიჯები უახლოესი 6 თვის განმავლობაში შეაფერხებს ეკონომიკის ზრდას, თუმცა ინფლაციაც არის გამოწვევა ჩვენი ეკონომიკისთვის. შესაბამისად, ეროვნულ ბანკს აქვს თავისი მანდატი, რომლის ფარგლებშიც უნდა იმოქმედოს. ვფიქრობ, ჩვენი პოზიცია როგორც მთავრობის, არის მაქსიმალური ეკონომიკური ზრდა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და რა თქმა უნდა, ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება“, - განაცხადა გახარიამ.

ეკონომიკური ზრდა, ლარის კურსისაგან განსხვავებით ნაკლებად შესამჩნევია, მით უფრო საარჩევნო წელს. ამიტომ მთავრობა და ეროვნული ბანკი კურსის გამყარების გზას დაადგნენ. 

,არასამთავრობო ორგანიზაცია, ,,საზოგადოება და ბანკების” დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე ამბობს, რომ 2019 წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 102 700 სესხია გაცემული, რაც ბოლო ორი თვის განმავლობაში, კიდევ მეტად გაიზრდება. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული და შესაბამისად, მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი 1 პროცენტული პუნქტით, 8.5 პროცენტამდე გაეზარდათ. 

`სხვა საკითხია რა შედეგებს მოიტანს სებ-ის ნაბიჯები. რეფინანსირების განაკვეთი 8.5% არ ყოფილა ბოლო 10 წელია. 9% იყო ბოლოს 2008 წლის დეკემბერში, ანუ აგვისტოს ომის შემდეგ და ყველას ახსოვს, მაშინ რა ეკონომიკური კრიზისი იყო მსოფლიოშიც. ასეთი ნაბიჯები მიუთითებს, რომ ეკონომიკური  მდგომარეობა ქვეყნაში არის უმძიმესი და უარესის მოლოდინი აქვს ხელისუფლებას და სებ-ს, ამიტომ წინასწარ იჭერენ თადარიგს. 

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ეს შეამცირებს წნეხს ლარის კურსზე, ოღონდ 1 ან 2 კვარტლის შემდეგ, მაგრამ საკმაოდ უარყოფითი მხარეც აქვს. როგორც ჩანს, სებ-ს არჩევანის გაკეთება ცუდსა და უარესს შორის მოუწია. მოგეხსენებათ, 2020 წელი საარჩევნოა. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი კი არ არის იმდენად ხელშესახები მოსახლეობისათვის, რამდენადაც ლარის კურსი. გადაწყვეტილება აშკარად ამ პრინციპითაა მიღებული”, - განუცხადა "რეზონანსს" კეპულაძემ. 

გვერდითი ეფექტების გარდა, ეროვნული ბანკის არათანმიმდევრულ პოლიტიკაზე აკეთებს აქცენტს, ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი და არაერთ გადაწყვეტილებას იხსენებს, რომელის გამოსწორებასაც ცენტრალური ბანკი ახლა ცდილობს. 

"სავარაუდოდ, ინფლაციის კიდევ მატებაა მოსალოდნელი და ამიტომაც გაზარდეს განაკვეთი. აქ მთავარი ისაა, რამდენად თანმიმდევრულია სებ-ი. არ უნდა სჭირდებოდეს, ცენტრალურ ბანკს, ძირითადი საპროცენტო განაკვეთის ასეთი მკვეთრი ცვლილება, გამომდინარე იქედან, რომ ბოლო ორი წელი ლარი უფასურდება და ყველა უკიჟინებს, რომ ნაბიჯებია აუცილებელი. ყურიც კი არ შეიბერტყეს. ბოლო თვენახევარში კი განაკვეთი ზედიზედ 3-ჯერ, 2%-ით გაიზარდა. ეს ძალიან ცუდია და არათანმიმდევრულობაზე მიანიშნებს. 

რაც შეეხება ლარის კურსს, მასზე ზეგავლენა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ ამოქმედდა სხვა ინსტრუმენტები. შეიძლება, მონეტარული პოლიტიკა გაამკაცროს, მაგრამ თუ ფულის მასის მიწოდება ისევ გაზარდა, არა მგონია ამან რამე გავლენა მოახდინოს ლარის სიმყარეზე. 

რა თქმა უნდა, ეს რაღაც დონით შეაჩერებს ეკონომიკურ ზრდას. სამწუხარო კი ისაა, რომ წლის ბოლოს გამოჩნდება ხოლმე მათი გაუცნობიერებელი პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ქვეყანა იმკის. 

ბოლო 2 წლის განმავლობაში, გაზრდილი სარეზერვო მინიმუმი, უცხოურ ვალუტაში, ერთბაშად რომ შეამცირეს, რაც სტრატეგიული ნაბიჯია, ამაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ვინმე ერთხელ მაინც თუ დაიბარებს პარლამენტში და ერთ კითხვას დაუსვამს? სამწუხარო ის არის, რომ არავინ მათ ამაზე პასუხს არ სთხოვს”, - აცხადებს ჯანიაშვილი ,,რეზონანსთან.” 

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2019 წლის 11 დეკემბერს ჩატარდება და ზამთრის დადგომიასთან ერთად რეფინანსირების განაკვეთი, ალბათ, კიდევ გაიზრდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×