ფინანსისტი: "კურსი დაიწყებს ცოცვას, როგორც აქამდე, მაგრამ საბოლოო ჯამში ისევ გამყარდება"
რეზონანსი
24.10.2019

 ეროვნული ბანკის მკვეთრი ნაბიჯების შემდეგ ლარმა თითქოს გამყარება დაიწყო. "ბლუმბერგის" სავაჭრო პლატფორმაზე 1 დოლარი 2.94-ის ფარგლებში ტრიალებს. მიუხედავად ამისა, ფინანსისტები დიდ ცვლილებას ჯერ არ ელოდებიან, რადგან ახლა წლის ყველაზე კრიზისული პერიოდია. სპეციალისტების აზრით, კურსის სტაბილურად გამყარებას 2020 წლის იანვრიდან უნდა ველოდოთ. 

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი დამატებით 1 პროცენტული პუნქტით - 8.5%-მდე გაზარდა. ბოლო თვენახევრის განმავლობაში, ეს მესამე ცვლილებაა და ჯამურად მატებამ 2% შეადგინა. მიზეზად უკვე ოფიციალურად სახელდება ლარის კურსის წნეხი ინფლაციურ პროცესზე და მისი შემსუბუქების აუცილებლობა.  

რამდენად მალე გამოიღებს ეროვნული ბანკის ნაბიჯები შედეგს, ამაზე "რეზონანსმა" აზრი ფინანსისტებს ჰკითხა. "ფინექს 1970"-ის ანალიტიკოსის ნიკა შენგელია ამბობს, რომ მოსახლეობა ლარის სტაბილურ გამყარებას იანვრიდან უნდა დაელოდოს. მხოლოდ ამ პერიოდიდან იქნება მათთვისაც და ეკონომიკისთვისაც შესამჩნევი ცვლილება. 

"დაახლოებით 2020 წლის 10 იანვრიდან ნამდვილად შესამჩნევი იქნება კურსის ცვლილება იქამდე კი არა მგონია მნიშვნელოვნად შეიცვალოს რამე. მცირე  კორექტირება კი მოსალოდნელია, რადგან გარკვეული ნაბიჯები გადადგა ეროვნულმა ბანკმა. კურსის სტაბილიზაციას სჭირდება დრო და ხელშეწყობა სხვადასხვა მხრიდან. ის კი არადა, იმ კვირიდან ლარმა ცოტ-ცოტა გაუფასურებაც, რომ დაიწყოს, გასაკვირი არ იქნება. რთული პერიოდია წინ. კურსი დაიწყებს ცოცვას, როგორც აქამდე, მაგრამ ისევ გამყარდება საბოლოო ჯამში, რისი მოლოდინიც და პროგნოზებიც ჩვენ წინა კვირას გავაკეთეთ კიდეც", - აღნიშნა ნიკა შენგელიამ "რეზონანსთან" საუბრისას.

ქართული ლარი თავისუფალი ცურვის სავალუტო რეჟიმშია მოქცეული, ანუ ლარის გაცვლით კურსს სავალუტო ბაზარზე ლარზე და დოლარზე მოთხოვნა-მიწოდება აყალიბებს. თავის მხრივ, მოთხოვნა-მიწოდებაზე ბევრი ისეთი ფაქტორი მოქმედებს, როგორიცაა:  საგარეო ვაჭრობა, ტურიზმი, ფულადი გზავნილები, ინვესტიციები, სასესხო კაპიტალი, კურსის ცვლილების მოლოდინი, ვალუტებისადმი ნდობა, ქვეყნის ეკონომიკური ზრდა და ა.შ.

საბანკო სფეროს სპეციალისტი მიხელ თოქმაზიშვილი "რეზონანსთან" სწორედ ამ ფაქტორების ერთობლიობაზე საუბრობს და დასძენს იმასაც, რომ ეროვნული ბანკი ამ ყველაფერს ვერ გააკონტროლებს. არადა, აუცილებელია მონეტარული პოლიტიკისა და ფინანსური ბაზრის სტაბილურობა, იმისათვის, რომ ლარის კურსი დაუბრუნდეს ძველ ნიშნულს. 

"ამ ყველაფრის ეფექტს რამდენიმე თვის მერე უნდა ველოდოთ, თუმცა აქ ფუნდამეტური ფაქტორებიც არის გასათვალისწინებელი. სანამ ამას  გააკეთებდა ეროვნული ბანკი, უცხოური ინვესტიციების კლებას ჰქონდა ადგილი. ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯები და მონაცემებიც ოპტიმისტურია, თუ ასე გაგრძელდა ლარი დასტაბილურდება. 

მიუხედავად ამისა, ის ფაქტორები, რაც დაკავშირებულია საგარეო ვაჭრობასთან, საკმაოდ ძლიერი ფაქტორებია და თუ იმპორტი გაიზრდება ექსპორტთან მიმართებით, ის გაანეიტრალებს იმ ნაბიჯებს, რაც ეროვნულმა ბანკმა გააკეთა. გარდა ამისა, გაანეტრალებს ინვესტიციებიდან მიღებულ თანხებს. იმ შემთხვევაში თუ ეკონომიკური და პოლიტიკური გარემო სტაბილური იქნება, ლარის კურსი გამყარდება და შეინარჩუნებს თავის ნიშნულს", - აღნიშნა მიხეილ თოქმაზიშვილმა "რეზონანსთან" საუბრისას. 

დევალვაციის შეუქცევადი პროცესი, რომელიც 2014 წლიდან პერიოდულად მწვავდება, განსაკუთრებით პრობლემური 2019 წელს გახდა. ლარმა უკვე ყველა ანტირეკორდი მოხსნა, სებ-ი უარესის მოლოდინში ყველა იმ ნაბიჯს დგამს, რომლისკენაც ექსპერტები მოუწოდებდნენ და ცოტა ხნის წინ კატეგორიულ უარს აცხადებდა - რეზერვების გაყიდვა, ბანკებისათვის სარეზერვო მინიმუმის შემცირება თუ რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა. ბოლო დროს შემცირებულმა ტურიზმმა, ფულადმა გზავნილებმა და პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა ქვეყნის შიდა პრობლემებთან ერთად იმდენად იმოქმედა სავალუტო ბაზარსა და ინფლაციაზე, რომ ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ ეკონომიკური ზრდა ლარის კურსზე გაცვალეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×