2020 წელს ჩქაროსნული მაგისტრალი ხაშურს გვერდს აუქცევს და ქუთაისის შემოვლითი გზაც 4-ზოლიანი გახდება
რეზონანსი
24.10.2019

 მაგისტრალები, რომელთა მშენებლობაც წლების წინ უნდა დასრულებულიყო, საარჩევნოდ დაჩქარებული ტემპით კეთდება. ოფიციალურ მიზეზად საერთაშორისო დონორების მხრიდან ამ დროში გამოყოფილი გრანტი და სესხი სახელდება, თუმცა საზოგადოებას ახსოვს მიღებული კრედიტები, რომლის ათვისებას ინფრასტრუქტურის სამინისტროდან წლების განმავლობაში ვერ ხერხდებოდა. საარჩევნო წელს კი, როგორც ჩანს, გეგმა გადაჭარბებით შესრულდება.

ხარისხიანი იქნება თუ არა ის მაგისტრალები, რომლებიც ასეთი სისწრაფით შენდება, ამაზე პასუხი სფეროს ექსპერტებს არ აქვთ, თუმცა მიესალმებინ მუშაოების გააქტიურებას. მათი თქმით, მაგისტრალების მშენებლობას პირდაპირი გავლენა აქვს ეკონომიკაზე, ხოლო თუ სწრაფი და ხარისხიანი მაგისტრალები აშენდება, ტვირთბრნვაც გააქტიურდება,  რაც ქვეყნის ტრანზიტულ მნიშვნელობას გაზრდის. 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, 2020 წელს დასრულდება ქუთაისის შემოვლითი 200 მლნ ლარის ღირებულების მაგისტრალური, 41 კმ-იანი ახალი 2 ზოლის მშენებლობა, რაც ამ მიმართულებით ორმხრივ უასაფრთხო მოძრაობას უზრუნველყოფს და ამასთანავე ქალაქ ქუთაისში მოძრაობას განტვირთავს. გარდა ამისა, გაისად ქვეყნის ცენტრალური მაგისტრალი ქალაქ ხაშურსაც აუქცევს გვერდს.

„2020 წელს, აქტიური სამშენებლოს სამუშაოები იქნება რიკოთის საუღელტეხილო გზის ოთხივე ლოტზე, სადაც ამ დროისთვის ორ მათგანზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს. ასევე სამშენებლო ეტაპი დაიწყება ქვეშეთი-კობის ისტორიულ პროექტზე, სადაც ხელშეკრულება ორივე ლოტზე გაფორმებულია. მომავალ წელს დასრულდება ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზაზე ერთი ლოტის, 25 კმ-იანი მონაკვეთის რეკონსტრუქცია, თიანეთი-ახმეტის დამაკავშირებელი 28 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია, ძეძილეთი-გორდი-ნოღას გზის 10 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია და მდინარე ცხენისწყალზე და მდინარე მეჭიაზე სახიდე გადასასვლელების მშენებლობა. ამ გზით ხონისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტები უმოკლესი მანძილით დაუკავშირდება ერთმანეთს. 

ასევე, დასრულდება ბაღდათი-ვანი-დაფნარის 15 კმ-იანი მონაკვეთისა და ხორნაბუჯი-ერისიმედის 21 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია, სადაც აქამდე ასფალტის საფარი არასოდეს ყოფილა“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

გზების ინტენსიური მშენებლობა საერთაშორისო ფინანსების წყალობით ხდება. ფონდი "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" დირექტორი ირაკლი იზორია "რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ

აზიის ბანკის და ევროპის ბანკის დაფინანსებაზეა დამოკიდებული საერთაშორისო მაგისტრალების მშენებლობა, შესაბამისად,  ხელშეკრულებას ელოდებდნენ ამიტომ გაიწელა დროში. 

"ძალიან მნიშვნელოვანია მაგისტრალების მშენებლობა, სააქართველო აზიისა და ევროპის გზაგასაყარზე მდებარეობს და აქ დიდი ტვირთბრუნვაა. ჩვენთან იმდენი ტვირთიც არ გადაიზიდება, რეალურად რამდენის შესაძლებლობაც არსებობს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩქაროსნული გახდეს მაგისტრალი და ტვირთბრუნვა გააქტიურდეს. 

რამდენიმე თვის წინ დაამტკიცა აზიისა და ევროპის ბანკებმა გზების  მშენებლობის ეს პროექტები და ამიტომ არის ზუსტად ახლა ასე აქტიურად დაწყებული სამშენებლო სამუშაოები. კარგად გვესმის, რომ სახელმწიფოს არ აქვს ამის რესურსი და თანხებს იძიებენ. მშენებლობას მივესალმები და საერთაშორისო სტანდარტებით უნდა გაკეთდეს, ყველაფერი, რომ იყოს უსაფრთხო", - აღნიშნა იზორიამ "რეზონანსთან" საუბრისას. 

მისივე თქმით, ჩქაროსნული მაგისტრალები რამდენად ხარისხიანად აშენდება, ამაზე წინასწარი კომენტარის გაკეთება შეუძლებელია, თუმცა ის, რომ მშენებლობა ბოლოს და ბოლოს გააქტიურდა, უდავოდ კარგია, როგორც ქვეყნის იმიჯისთვის, ასევე ეკონომიკისთვის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×