“საქართველო სამხედრო კუთხით მაღლა დგას ნატოს წევრ ქვეყნებზე, რომლებიც ახლახანს მიიღეს - მონტენეგროსა და ალბანეთზე”
თამთა ჩაჩანიძე
24.10.2019

 „შემთხვევით არ ხდება, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკაში ჩადის და ამ აქტიდან გამომდინარე, კიდევ ერთ ხელშეკრულებას ხელს აწერს, რომელიც კიდევ ერთხელ განამტკიცებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას, რომელიც ჩვენს ქვეყანას ევროატლანტიკურ უსაფრთხოების საქმეში, კიდევ უფრო წონიანს გახდის."-ასე აფასებს „რეზონანსთან" ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია სამხედრო უსაფრთხოების კუთხით, აშშ-ს წარმომადგენელტა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერ აქტს.

კანონპროექტი ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას.

ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტი, საქართველოსა და ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ ადასტურებს.

მაისაია ამბობს, რომ ზემოაღნიშნული აქტი მნიშვნელოვანია, ამით აშშ საქართველოს სუვერენიტეტს მხარს უჭერს.

„აღნიშული აქტით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ჩვენი სტრატეგიული მეგობარი აშშ, მხარს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს უჭერს, ამას ემატება ის მნიშვნელოვანი ფაქტიც, რომ აქტში კონკრეტულ მიმართულებებზე ხუთწლიანი დახმარებაა გამოყოფილი.

„შემთხვევით არ ხდება, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკაში ჩადის და ამ აქტიდან გამომდინარე კიდევ ერთ ხელშეკრულებას ხელს აწერს, რომელიც კიდევ ერთხელ განამტკიცებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას, რომელიც ჩვენს ქვეყანას ევროატლანტიკურ უსაფრთხოების საქმეში, კიდევ უფრო წონიანს გახდის.

„ასეთი აქტი რომ არ მიეღოთ, მაშინ ჩვენი საქმეც ცუდად იქნებოდა, ახლა კი პირიქით, უნდა გვიხაროდეს, რომ ჩვენი სტრატეგიული მეგობარი და მისი საკანონმდებლო ორგანო ასეთ აქტებს იღებს.

„ბუნებრივია ამ აქტით დახმარებები გაიზარდა, ეს არა მხოლოდ საქართველოს ეხება, არამედ უკრაინასაც, ეს ძირითადად ახალი ცივი ომის „სულისკვეთებიდანაა" გამოწვეული, რომელიც მთავარი წყარო გახდა იმისა, რომ ჩვენს წინააღმდეგ რუსული აგრესიული ქმედება კიდევ უფრო გაიზარდა.

"შესაბამისად, დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირება გაიზარდა, მათ შორის სამხედრო დაპირისპირების კონტურებიც კი, ანუ ის დემონსტრირება, რომელსაც ორივე მხარე ერთმანეთის მიმართ ახორციელებს, ეს სამხედრო წვრთნებია თუ „სამხედრო მუსკულების" ჩვენება.

„რამდენიმე დღის წინ, პოლონეთში ამერიკული სამხედრო ჯგუფი ჩავიდა ,რათა ამ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა გაამყარონ, ბალტიისპირეთში კი ამერიკული ტანკები გამოჩდნენ და შესაბამისად, ეს ყველაფერი ამის წინაპირობას ქმნის. საქართველო და უკრაინა რუსული სამხედრო აგრესიის პირდაპირი ობიექტები არიან, კვლავ გრძელდება ჰიბრიდული ომი და ეს აქტი ამ ყველაფრის გამოხმაურებაა"- აცხადებს იგი.

მაისაიას აზრით, აქტის პრაქტიკული რეალიზება, შეიარაღების, წვრთნების, საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ომის თავიდან აცილების პრევენციით მოხდება.

„პრაქტიკული რეალიზება ის იქნება, რომ მაგალითად სამხედრო სფეროში კონკრეტული მიმართულებები და სახელმწიფო სტრუქტურები უშუალოდ ტექნიკური მოლაპარაკებების შედეგად განახორციელებენ, სავარაუდოდ ამერიკული შეიარაღების პერსპექტივაც დადგება, ასევე ჩვენი თავდაცვითი ძალების სამხედრო ნაწილების წვრთნა, ამერიკელი სამხედროების ინსტრუქტორების მიერ კიბერომის თავიდან აცილება და მისი პრევენცირება, საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ომის მიმართულება და რაც მთავარია, საქართველოს მომზადება ნატოში გაწევრიანებისთვის, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის მთავარი ისტორიული მისიაა.

„ეს აქტი ნატოში გაწევრიანების ტენდენციას ზრდის, იმიტომ, რომ ჩვენ რეალურად ვაჩვენებთ, რომ საქართველო სამხედრო კუთხით გაცილებით მაღლა დგას იმ ნატოს წევრ ქვეყნებზე, რომლებიც რომლებიც მიიღეს, მაგალითად მონტენეგროსა და ალბანეთზე საქართველოს უფრო მეტი თავსებადობა აქვს ამერიკის ძალებთან, ფაქტიურად ამ ორ ქვეყანას წინ ვუსწრებთ, თუმცა გეოპოლიტიკური და პოლიტიკური მომენტებით ამ ქვეყნებმა ჩვენ ნატოს წევრობა დაგვასწრეს.

„დღეს ფაქტიურად სამ ქვეყანას სურს ნატოში გაწევრიანება, საქართველო, უკრაინა,ბოსნია ჰერცოგოვინა და ამით ნატოს გაფართოების პოლიტიკა დასრულდება, ჩემი აზრით ლონდონის სამიტი განსაზღვრავს იმას, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდნენ, ეს მოლოდინი უნდა ვიქონიოთ, რომ ეს საკითხი დადგება ამ სამიტზე და შესაბამისად შემუშავდება ფორმულა თუ, როგორ უნდა მოხდეს ამისი რეალიზაცია.

„ევროსტრუქტურებში კიდევ არიან სკეპტიკოსი სახელმწიფოებიც და სამწუხაროდ, ნატოში გაწევრიანება მიიღება არა უმრავლესობით და არა რომელიმე ჰეგემონი სახელმწიფოს პოზიციების გათვალისწინებით, არამედ ეს კონსესუსური, დემოკრატიული, თანასწორუფლებიანი პრინციპებით მიიღება და თუ ერთ-ერთმა სახელმწიფომაც კი თავი შეიკავა, მაშინ ამ შემთხვევაში ნატო ამ საკითხზე ბლოკირებული იქნება და ვერაფერს ვეღარ გააკეთებს" - განაცხადა მაისაიამ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×