თამარ შუკვანი
25.10.2019

 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გუბაზ სანიკიძისა და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაანონსებულ შეხვედრას ანალიტიკოსთა გარკვეული ნაწილი „ქართული ოცნების" წინააღმდეგ ერთგვარ გალაშქრებად აფასებს. რამაზ საყვარელიძის განცხადებით, „ძველი სურათი მეორდება" - ან ერთ მხარეს ირჩევ, ან მეორეს. ნიკა ჩიტაძე კი „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ თანამშრომლობა ორივე მხარის ინტერესშიაა.

„ზოგადად, ბოლო დროს გუბაზის რიტორიკაში და პოლიტიკურ ნაბიჯებში არის გარკვეული სიმპატია „ნაციონალების" მიმართ, რაც დაკავშირებულია სანიკიძის გარკვეულ გაღიზიანებასთან „ოცნებაზე". გარდა იმისა, რომ „ნაციონალებთან" მივიდეს, „ოცნებასთან" დაპირისპირების სხვა ვარიანტი სანიკიძეს არ აქვს და არა მხოლოდ სანიკიძეს. პრაქტიკულად, მეორდება ძველი სიუჟეტი - ან ერთი ან მეორე," - აღნიშნავს საყვარელიძე.

ნიკა ჩიტაძე კი მიიჩნევს, რომ გუბაზ სანიკიძის ინტერესებშია „გაერთიანებულ ოპიზიციასთან" ითანამშრომლოს. ექსპრეზიდენტის საქართველოში შესაძლო დაბრუნების შესახებ დასმულ შეკითხვაზე ანალიტიკოსმა განაცხადა, რომ „დრო ჯერ არ მომწიფებულა."

„გუბაზ სანიკიძე დიდი ხანია ოპოზიციაში გადავიდა და „გაერთიანებულ ოპოზიციასთან" აქტიურად თანამშრომლობს. შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შედგეს შეხვედრა. ალბათ მიხეილ სააკაშვილი დაინტერესებულია, რომ რაც შეიძლება მეტი გამოცდილი პოლიტიკოსი თანამშრომლობდეს „გაერთიანებულ ოპოზიციასთან." მეორე მხრივ, გუბაზ სანიკიძის ინტერესებშიც შედის „გაერთიანებულ ოპოზიციასთან" ითანამშრომლოს, რომელსაც ოპიზიციურ პარტიებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგია აქვს.

„რაც შეეხება (სააკაშვილის) ქვეყანაში დაბრუნებას, მგონი ამისთვის დრო ჯერ არ მომწიფებულა. აუცილებელია საქართველოში ხელისუფლების შეცვლა, რომლის შემდეგაც უნდა შეიქმნას წინაპირობები იმისთვის, რომ ობიექტური სასამართლოს ფარგლებში დაბრუნდეს.

„ბატონი მიხეილი, თუ საქართველოში დაბრუნდა, მზად არის უპასუხოს სასამართლოს შეკითხვებს, ამ შეკითხვების არსებობს შემთხვევაში. ზოგადად, საჭიროა ამა თუ იმ პოლიტიკოსის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი, რომელიც სისხლის სამართლის საქმეს უკავშირდება, ობიექტური სასამართლო სისტემის პირობებში წარიმართოს, რომ არ იყოს დარღვეული ამა თუ იმ ადამიანის ინტერესები," - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

უახლოეს პერიოდში სააკაშვილის საქართველოში შესაძლო დაბრუნების ფაქტს რამაზ საყვარელიძე ასე აფასებს:

„სააკაშვილი დაბრუნების შეპირებას თითქმის ყველა საკვანძო მომენტში იძლევა და უკვე რამდენი წელი გადის, ის არ ბრუნდება; როგორც ჩანს, მის მიმართ დაყენებული ბრალდება აშინებს იმ მხრივ, რომ შესაძლოა ამას სამართლებრივი დევნა მოჰყვეს. მიზეზები არ შეცვლილა და სავარაუდოა, რომ არც მომავალში დაბრუნდება. ოდესმე მისი დაბრუნების შანსი დიდია,"- განაცხადა რამაზ საყვალრეიძემ.

ცნობისათვის, გუბაზ სანიკიძემ განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში კიევში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეხვდება და მასთან საქართველოს მომავალზე ისაუბრებს. მისი თქმით, სააკაშვილი ქართულ ოპოზიციაში გადამწყვეტ როლს ასრულებს და მისი მოსაზრებები საინტერესოა.

„უახლოეს პერიოდში ჩავალ კიევში, ალბათ გიორგობამდე. საუბარი გვექნება ყველა თემაზე. მიხეილ სააკაშვილთან ჩემს გეგმებზე მე ვერ ვსაუბრობ, ვამბობ, რომ ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა უნდა მოხდეს საქართველოში. ფაქტი ერთია, რომ მიხეილ სააკაშვილი არის გადამწყვეტი ფაქტორი ქართულ ოპოზიციაში. თემატიკა იქნება ჩვენი ქვეყნის მომავალი. ივანიშვილის საკითხი არაა ყოვლისმომცველი. ვისაუბრებთ იმაზე, საქართველო საით მიდის, რა და როგორ უნდა გავაკეთოთ. მაინტერესებს სააკაშვილის მოსაზრებები, რას ფიქრობს. მე რამდენადაც ვიცი, მასაც აინტერესეს, მე რას ვფიქრობ," - განუცხადა სანიკიძემ „ინტერპრესიუსს."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×