თამთა ჩაჩანიძე
25.10.2019

 „იმ ხალხით, რასაც ხაზარაძე წარმოგვიდგენს და იმ შეხედულებების ძირითადი ნაწილი, რაც მათ აქვთ, ამ წუთისათვის მათ ვხედავ როგორც საინტერესოს, ყურადღების მისაქცევს," - ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, მამუკა ხაზარაძის მოძრაობა „ლელოს", რომელიც მალე პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდება.

როგორც ხაზარაძემ დღეს, საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს" კიდევ 12 წევრის წარდგენისას განაცხადა, პოლიტიკური პარტია „ლელო" 12 დეკემბერს დაფუძნდება, მისი ოფისი კი 2019 წლის ბოლოსთვის „თბილისი ცენტრალში" გაიხსნება. მისი თქმით, პარტიაში გაწევრიანება ღია იქნება.

გამზარდიას თქმით, პარტია „ლელო" ხალხის მხარდაჭერას იმ შემთხვევაში მოიპოვებს თუ პარტიის მმართველობა ერთ პიროვნების გადაწყვეტილებებზე არ იქნება დამოკიდებული.

„არჩევნებში გამოცარიელებული სივრცე თავისთავად აჩვენებს-ხოლმე, რომ ამომრჩეველის მოლოდინი რაღაცაზე არის და რაც არის, ის პოლიტიკური სპექტრი მისთვის მიუღებელია. საინტერესოა, თუ რამდენად მიუხვდება ხაზარაძის პარტია ამომრჩეველს და რამდენად შედგება ის თანამედროვე პარტიად, თუ ეს იქნება კლასიკური, ერთ ლიდერზე ჩამოკიდებული პარტია, სადაც გადაწყვეტილებებისა და აზრის მიმღები ლიდერი იქნება. ასე შანსები დაიკლებს, მაგრამ თუ თანამედროვე პარტიად შედგება, რომელიც თანალიდერების გაერთიანება იქნება, ასევე ამ პარტიამ თუ მოახერხა საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით სწორი პლატფორმის პოვნა, შანსები რა თქმა უნდა გაიზრდება.

„ის, რომ ხაზარაძის პარტია2020 წლის პარლამენტში შევიდეს მინიმუმ, როგორც ანგარიშგასაწევი ოპოზიცია, ამას საკმაოდ რთული მუშაობა სჭირდება, იმ ხალხით, რასაც ხაზარაძე წარმოგვიდგენს და იმ შეხედულებების ძირითადი ნაწილი, რაც მათ აქვთ, ამ წუთისათვის მე მათ ვხედავ, როგორც საინტერესოს, ყურადღების მისაქცევს, მაგრამ ხვალ და ზეგ ეს საიტერესოობა გადავა თუ არა სასურველობაში და გაიჩენს თუ არა პოლიტიკურ ბაზარზე მომხმარებელს, ამაზე ლაპარაკი ნაადრევია," - აცხადებს ანალიტიკოსი.

მისივე თქმით, დღეს არსებული პარტიები და მათი პოლიტიკური ფიგურები მხოლოდ პოლიტიკურ ანალიზს აკეთებენ და ამომრჩევლისთვის არაფრის შეთავაზება არ შეუძლიათ.

„პოლიტიკურმა პარტიამ ამომრჩევლებში მხარდაჭერის მოსაპოვებლად იმედების და პოზიტიური პერსპექტივების შემოტანა უნდა მოახერხოს, პარტია დადებით სიახლეებთან უნდა იყოს ასოცირებული, ჩვენ თუ გავიხსენებთ იგივე მიხეილ სააკაშვილს და ბიძინა ივანიშვილს, თავის დროზე ისინი პოზიტიური მოვლენები იყვნენ და ამიტომაც მიიღეს მათ საზოგადოების მხარდაჭერა. დღეს ქართული პოლიტიკურ პარტიები პრაქტიკულად პოლიტოლოგების რანგში გადავიდნენ, რომლებიც მხოლოდ პროცესებს აფასებენ და საზოგადოებისთვის არაფრის შეთავაზება არ შეუძლიათ.

„ჩვენ ვნახეთ, რომ წლების განმავლობაში პარტიების მხრიდან ამომრჩევლის გადაჭარბებული დაიმედება მუდმივად იმედგაცრუებებით მთავრდებოდა და ამის შედეგია ახლა, რომ ამომრჩეველი იმედს იმაზე ნაკლებად გამოხატავს, ვიდრე შეიძლება ეკუთვნოდეს ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიას," - აცხადებს გამზარდია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×