(რეზონანსი) „ეს არის კარგი ფორმა, იმისთვის, რომ ადამიანი გამოაფხიზლო", - ასე პასუხობს არქიმანდრიტი ბართლომე დიანა ტრაპაიძეს, როდესაც მან არქიმანდრიტთან საუბრისას მის მიერ დაწყევლილი ადამანების ვინაობა ჩამოთვალა.
„როგორც ჩანს, არც მიხელ სააკაშვილი ყოფილა გამონაკლისი, არც ანიტა რაჭველიშვილი. თამარ კორძაიაზეც დაგიწერით, რომ „კორძია დაუკრეფავში გადადის გავიგე. უი, დედა მაგას გაჩენის დღე ხომ არ უნდა დავავიწყო". ანუ, თქვენ როგორც ჩანს განსხვავებული სასულიერო პირი ბრძანდებით" - ჰკითხა დიანა ტრაპაიძემ არქიმანდრიტ ბართლომეს.
არქიმანდრიტის თქმით, ეს ადამიანები რაღაც საკითხებთან დასავშირებით არ მოეწონა და დარწმუნებულია, რომ გაკრიტიკების შემდეგ ისინი გამოფხიზლდნენ.
"ასე მიმართვა არის იმის საწინდარი, რომ ადამიანებმა შეიგნონ, რასაც აკეთებენ და გამოფხიზლდნენ. როცა ისე ელაპარაკები, როგორც სხვები, ეს ხმა რჩება ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა, მაგრამ როცა ასე მკვეთრად ელაპარაკები, ის ფხიზლდება", - აცხადებს სასულიერო პირი ტვ „პირველის" ეთერში.
შეგახსენებთ, რომ ბართლომე ფირცხალაიშვილმა საჯარო კომენტარში "ფეისბუქზე" დაწერა, რომ ანიტა „რაჭველიშვილს ყელის კიბო უშველიდა". ეს იყო პასუხი ანიტა რაჭველიშვილის მიერ ბერას კრიტიკაზე, რომელმაც ამაზონის ტყის ფონდში დიდი ოდენობით თანხის გადარიცხვის მზაობა გამოთქვა.
„ვაი, შე საცოდაო, მართლა. ხალხი შიმშილით ამოხოცა შენმა მამიკომ და გაქურდა საქართველო და შენ ამაზონის ტყე არსად გაგექცეს! ნაძირალა კრეტინი", - დაწერა ანიტა რაჭველიშვილმა.