ელზა პაპოშვილი
25.10.2019

 კიდევ ერთი ტესტი, რომელიც შესაძლოა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ჩასაბარებელი გაუხდეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს პრეზიდენტს  მიმართავს და სთხოვს, რომ საბჭოს არამოსამართლე წევრს ანა დოლიძეს უფლებამოსილება შეუწყვიტოს. შესაბამისი მიმართვა საბჭოს წევრებს დიმიტრი გვრიტიშვილმა წარუდგინა. 

გვრიტიშვილის განცხადებით, პრეზიდენტისადმი ამ მიმართვის საფუძველია ის, რომ ანა დოლიძე იუსტიციის საბჭოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელ პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა.

მისი თქმით, დოლიძემ არაერთხელ გააკეთა პოლიტიკური განცხადებები და მოწოდებები, მათ შორის მოითხოვა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომაც. ამასთან, იუსტიციის საბჭოს წევრების მიერ პრეზიდენტისადმი გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ:

„ანა დოლიძე სისტემატურად არღვევს საჯარო მოსამსახურის ეთიკას და მისი ქმედებები არამხლოდ სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციისკენაა მიმართული, არამედ აზიანებს მის თანამდებობაზე დამნიშვნავ მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუტს, საქართველოს პრეზიდენტსაც“, - ვკითხულობთ წერილში. 

აღნიშნულ მიმართვას ხელს აწერენ იუსტიციის საბჭოს შემდეგი მოსამართლე წევრები: საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, ვასილ მშვენიერაძე, სერგო მეთოფიშვილი, ირაკლი შენგელია, რევაზ ნადარაია, თამარ ონიანი, დიმიტრი გვრიტიშვილი, ირაკლი ბონდარენკო. არამოსამართლე წევრები: შოთა ქადაგიძე, ზაზა ხარებავა და ლევან გზირიშვილი.

მიმართვას ხელი არ მოაწრეს არამოსამართლე წევრებმა: ნაზი ჯანეზაშვილმა და ირმა გელაშვილმა.

როგორც საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე წევრებმა განაცხადეს, ანა დოლიძისთვის იუსტიციის საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზია ის, რომ დოლიძე ეწევა პოლიტიკურ საქმიანობას, რაც, მათი თქმით, საბჭოს წევრის სტატუსს არ შეესაბამება.

ამასთან, მათი თქმით, დოლიძე სასამართლო სისტემისადმი მიზანმიმართულად ავრცელებს გადაუმოწმებელ ინფორმაციას. 

ანა დოლიძე პრეზიდენტისთვის გაგზავნილ მოთხოვნას აფასებს და ამბობს, რომ  ეს პოლიტიკური დევნის მაგალითია. მისი სიტყვებით, პრეზიდენტის პოზიცია ამ საკითხზე იქნება ლაკმუსის ტესტი - გახდება თუ არა ის ამ პოლიტიკური დევნის ნაწილი.

ამბობს, რომ იუსტიციის საბჭოს არ აქვს სურვილი, ერთმანეთისგან გაარჩიოს საზოგადოებრივი და პოლიტიკური საქმიანობა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს კანონი პოლიტიკური გაერთიანების წევრობას და პოლიტიკაში მონაწილეობას უკრძალავს და არა პედაგოგიურ და შემოქმედებით საქმიანობას. თუმცა, მოქმედმა უზენაესმა საბჭომ აქტიურ პოლიტიკურ პროცესში შეიყვანა მოსამართლეები.

„როგორც „წარდგინებაში“ მიუთითეს, მე საზოგადოებრივ აქტიურობას ვეწევი. 2004 წლიდან გუშინდელი დღის ჩათვლით, მე ნამდვილად საზოგადოებრივად, სამოქალაქოდ ვაქტიურობ, უამრავ საჭირბოროტო თემაზე და ამის გაჩერების შესაძლებლობა არ ჰქონდა არც წინა ხელისუფლებას და ამ ხელისუფლებასაც ამ სიამოვნებას მე ვერ მივანიჭებ“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

კითხვაზე, დააკმაყოფილებს თუ არა პრეზიდენტი დიმიტრი გვრიტიშვილის მომართვას, ანა დოლიძემ განაცხადა, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა და პრეზიდენტის ქმედება ამ საკითხზე იქნება ლაკმუსის ტესტი.

„ვფიქრობ, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა, ჩემი, როგორც სისტემის წინააღმდეგ მებრძოლი ხმის წინააღმდეგ. ვფიქრობ, რომ ქალბატონი სალომეს შესაძლო გადაწყვეტილება იქნება ლაკმუსის ტესტი, რამდენად გახდება ის ამ პოლიტიკური დევნის ნაწილი, ან რამდენად ის იქნება სისტემის მანკიერების წინააღმდეგ კრიტიკური ხმების მხარეს,“ - განაცხადა ანა დოლიძემ. 

საბჭოს არამოსამართლე წევრი ანზი ჯანეზაშვილი კი ამბობს, რომ მან  მხარი არ დავუჭირე განცხადებას, ვინაიდან იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ მოუხდენია რეაგირება მაშინ, როცა მოსამართლეები  პოლიტიკურ დებატებში იყვნენ ჩართულები წინასაარჩევნოდ ძალიან აქტიურ პერიოდში, მაგალითად მურუსიძე, რომელიც დებატებშიც კი იჯდა. ჯანეზაშვილი ამბობს, რომ ამასთან დაკავშირებით პროტესტი არავის  გამოუთქვამს. ასევე იყო შემთხვევები, როცა იუსტიციის საბჭოს წევრები ერთვებოდნენ პოლიტიკურ დებატებში პოლიტიკოსებთან სოციალურ ქსელებში და მსგავს შემთხვევებზე საბჭოს რეაგირება არ მიუხდენია. 

„მათ ამ მიმართვას ფასი მხოლოდ მაშინ ექნებოდა, თუ ისინი იქნებოდნენ ობიექტურები და სამართლიანები ყველასთან მიმართებაში. ახლა იმ ვითარებაში ვართ, როცა ვხედავთ ძალიან დიდ დაპირისპირებას იუსტიციის საბჭოში. მოსამართლე წევრები ამით გამოირჩევიან და ჩემს მიმართ ყოფილა არაერთი მწვავე შეფასება, განცხადებები, ამიტომ ჩვენ ორდინალურ ვითარებაში არ ვიმყოფებით. კანონი კრძალავს პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვას, მაგრამ რა არის პოლიტიკური საქმიანობა, ეს მისი შესაფასებელი არ არის“,აცხადებს ჯანეზაშვილი. 

კოალიცია “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” წარმომადგენელი გიორგი მშვენიერაძე კი ამბობს, რომ სურვილები, რომ პრეზიდენტმა უკან გაიწვიოს ან თანამდებობიდან გადააყენოს ანა დოლიძე, საბჭოს გარკვეული წევრებისთვის – „კლანისთვის” კომფორტის ზონაში დარჩენის მცდელობაა. მისი თქმით,  მათ ამ კომფორტს ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი ხშირად ურღვევენ. 

მშვენიერაძის განცხადებით, საბჭოს სამიზნე გახდა ადამიანი, რომელიც სისტემატურად იბრძვის და აკრიტიკებს სისტემას, ამიტომაც საბჭოს წევრის გათავისუფლება თანამდებობიდან, თუნდაც მისი წარმდგენის მიერ, საკამათო საკითხია. 

“ჩვენ ყოველთვის განსაკუთრებული სიფრთხილით ვეკიდებით ამ საკითხს. ვერ იპოვით კოალიციის რომელიმე განცხადებას, რომლითაც მათ დამნიშნავებს მოვუწოდებდით შეეწყვიტათ უფლებამოსილება საბჭოს მოქმედი წევრობისთვის, იმიტომ, რომ ისინი საკუთარ მოვალეობებს არაჯეროვნად, ან არასწორად ასრულებდნენ. ჩვენ ვთვლით, რომ იუსტიციის საბჭოს წევრობისთვის უნდა არსებობს მაღალი გარანტიები, რომ რაიმე მსგავსი შიშები არ განაპირობებდეს მათ გადაწყვეტილებებზე გავლენას”,-განაცხადა მშვენიერაძემ. 

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ანა დოლიძე  მეოთხე პრეზიდენტის გიროგი მარგველაშვილის დანიშნულია. 

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამ საკითხზე 2019 წლის 11 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის  იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან არამოსამართლე წევრ ანა დოლიძის გაწვევის წინაპირბას ვერ ხედავს.  

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×