თამარ შუკვანი
25.10.2019

 „ერთია ძლიერი იყო საბანკო სისტემაში და ბიზნესში, მაგრამ შეუძლებელია ასევე ძლიერი იყო პოლიტიკაშიც. ეს განსხვავებული სფეროა. პოლიტიკაში წარმატებების მიღწევა უფრო ძნელია მისთვის (მამუკა ხაზარაძისთვის), ვიდრე ბიზნესში. ხელისუფლებაში ბიზნესიდან და ამ შემთხვევაში საბანკო სისტემიდან მოსული ადამიანების ნდობის ხარისხი არცისე მაღალია," - ამბობს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი იგორ კვესელავა ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე საუბრისას, რომ პოლიტიკურ პარტია „ლელოს" 12 დეკემბერს დააფუძნებს.

იგორ კვესელავა: ხაზარაძეს შეუძლია რამდენიმე დეპუტატით პარლამენტში შესვლა, თუმცა, შეუძლებელია პარლამენტში სერიოზული ძალა წაიყვანოს; არასწორია თავად სახელწოდება „ლელო", ამ შემთხვევაში პოლიტიკასთან არ ასოცირდება. ამასთან ერთად, არ იყო მართებული 12 რიცხვის წინ წამოწევა. აქედან გამომდინარე, მას დიდი შანსი არ აქვს ქართულ პოლიტიკაში თავისი ძლიერი ან გადამწყვეტი სიტყვა თქვას.

„რეზონანსი": როგორც ცნობილია, აშშ-ის წარმომადგენლობითმა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი აქტი დაამტკიცა. როგორ ფიქრობთ, რა სარგებელს მოუტანს ეს აქტი საქართველოს და დღეს ამ ორი ქვეყნის სტრატეგიული ურთიერთობა რა დონეზეა?

ი.კ: ვთვლი, რომ საქართველო მაინც კავკასიური სახელმწიფოა. გვაქვს თუ არა ღრმა პოლიტიკური, ეკონომიკური ურთიერთობა ინგლისთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან?... ჯერჯერობით ასეთი ურთიერთობა არ გაგვაჩნია; არ არის გამორიცხული, რომ ამის მიზეზი აშშ იყოს, რომელსაც კავკასიით დაინტერესება და სწრაფვა ჰქონდა გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან; ეს ევროპის სახელმწიფოებს გარკვეულწილად ბარიერს უქმნის, თითქოს მოიაზრება, რომ კავკასია, ამ შემთხვევაში საქართველო, აშშ-ის ზონაა.

მთავარი დოკუმენტი არ არის. ეს, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად ურთიერთობების საფუძველია, მაგრამ როგორ შესრულდება, აი, ეს არის მთავარი. ასოცირების ხელშეკრულება კი მივიღებთ, მაგრამ ამას ეკონომიკური თვალსაზრისით, საქართველოსთვის ბევრი რამ არ მოუტანია. უფრო პოლიტიკური გზავნილებია. საქართველოს ეკონომიკურადაც სჭირდება წინსვლა.

ეს არის კარგი დოკუმენტი, მაგრამ მისი განხორციელება მარტივი არ იქნება. ვისურვებდი, რომ პრაქტიკულადაც შედგეს. ასე დოკუმენტები ხშირად მიიღება, თუმცა ბოლოს თაროზე რჩება. აქ მთავარი მაინც სამთავრობო პოზიციაა;

ტრამპს მივესალმები, როგორც აშშ-ის ერთ-ერთ ძლიერ პრეზიდენტს, რომელიც ამბობს, რომ ამერიკელებისთვის იბრძვის.

„რ": ამერიკელმა პოლიტიკურმა მრჩეველმა და არმიის ვეტერანმა ლუკ კოფიმ გამოთქვა მოსაზრება, რომ სირიიდან გაყვანილი ამერიკელი სამხედროები საქართველოში უნდა განთავსდნენ. როგორ შეაფასებთ აღნიშნულს და ამ შემთხვევაში, რას გამოიწვევს მსგავსი ნაბიჯი?

ი.კ: პოლიტიკაში მთავარი არ არის, რას ამბობენ ყოფილები, არამედ რას ამბობენ დღევანდელები, როგორ წარმოუდგენიათ ეს და რა დონის ხალხი ლაპარაკობს ამაზე. ეს არის ჩვეულებრივი მოსაზრება. გვახსოვს რასმუსენი ჩამოვიდა და ჩამოუტანა მოსაზრება. ეს თავის დროს მას არ გამოუთქვამს. ასეთი ხალხის, ე.წ. დიპლომატი პენსიონერების მოსაზრებები მოსაზრებებად რჩება და ადგილი პოლიტიკაში არ უჭირავს.

ამ შემთხვევაში არ მგონია, საკითხი დადგეს. ეს ასეთი მარტივი გადასაწყვეტი არ არის; ბევრი ითქმევა, მაგრამ გაკეთებული ძალიან ცოტაა, არა მარტო საგარეო ურთიერთობაში, არამედ საშინაოშიც.

„რ": როგორ ფირქობთ, რამ უბიძგა ლუკ კოფის მსგავსი ინიციატივით გამოსულიყო?

ი.კ: რასმუსენის ჩამოსვლის დროსაც, მას ვიღაცამ უთხრა ეს. მსგავსი რამ ხდება-ხოლმე; პოლიტიკაში მოსაზრებას აგდებენ და შემდეგ ანალიზს უკეთებენ, როგორ შეხვდება მას საზოგადოება, პოლიტიკოსები, აღმასრულებელი ხელისუფლება და პოლიტიკური ელიტა.

შესაძლოა ვიღაცამ შემოაგდო თემა, აინტერესებს აზრი, გამოხმაურება ქართული საზოგდოების. თუმცა ვინ არის ეს? პოლიტიკის დონეზეა, რას წარმოადგენს და რა პრაქტიკული შედეგი შეიძლევა მოჰყვეს? - შესაძლოა ეს არა კერძო, არამედ ერთობლივი მოსაზრება იყოს.

„რ": რუსეთმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართული მხარის მიერ სოფელ წნელისთან გაკეთებული ბლოკპოსტი და ამ ტერიტორიაზე პატრულირება, მნიშვნელოვნად ზრდის სამხედრო საფრთხის რისკს, რაც შეიარაღებული კონფლიქტის მიზეზი შესაძლოა გახდეს. როგორ ფიქრობთ, რა გახდა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის „უშიშროების კომიტეტის" ამ განცხადების მიზეზი?

ი.კ: ამ ურთიერთობის ფონზე რუსეთს შესაძლოა ყველანაირი მიზანი ჰქონდეს, რასაც თავისი ინტერესებისათვის გამოიყენებს, თუმცა ამას მოსკოვი ისე გვეტყვის, რომ ეს თითქოს ოსი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით ხდება - რუსეთის ცნობილი სვლაა.

ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო; პროვოკაციას წამოვეგეთ 2008 წელს, უფრო ადრე 1992 წელს შევარდნაძე წამოეგო პროვოკაციას და აფხაზეთი დავკარგეთ. უნდა ვეცადოთ, რომ ასეთ პროვოკაციებს არ წამოვეგოთ, მაგრამ ასევე უნდა ვიმუშაოთ;

ამ შემთხვევაში ჟენევის ფორმატი საკმარისი არ არის. მივესალმები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში დიალოგის დაწყებას. უკრაინას და რუსეთ შორის ომი მიმდინარეობს, მაგრამ დიპლომატიური ურთიერთობა არ გაუწვეტიათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×