თამარ შუკვანი
25.10.2019

 „ახალი საქართველოს" ლიდერის გიორგი ვაშაძის ინიციატივას, საკანონდებლო ორგანო ქუთაისს დაუბრუნდეს, უმრავლესობის დეპუტატი შოთა ხაბარელი კატეგორიულად ემიჯნება და აცხადებს, რომ ქუთაისში პარლამენტის არსებობა სახელმწიფოსთვის ფინანსური თვალსაზრისით წამგებიანია. „ნაციონალური მოძრაობის" წევრი მამუკა ჩიქოვანი კი მიიჩნევს, რომ ეს განსაკუთრებულ ფინანსურ რესურსს არ მოითხოვს და მსგავსი მიდგომა არასწორია.

„რა თქმა უნდა, არ უნდა დაბრუნდეს. მე პირადად 5 წელიწადი ქუთაისში დავდიოდი და არა მარტო ჩემი, ყველას აზრია, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობისაც", რომ ბევრი დრო იყო დაკარგული გზაში და ფინანსურადაც ქვეყნისთვის არ იყო მომგებიანი.

„ეს პარლამენტის წევრებს არ აძლევდა საშუალებას სრულყოფილად ემუშავათ კანონპროექტებზე. წინააღმდეგი ვარ, რომ პარლამენტი ქუთაისში დაბრუნდეს," - განაცხადა შოთა ხაბარელმა.

მამუკა ჩიქოვანი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ეს საკითხი დღის წესრიგში კვლავ დადგება, თავად და ოპოზიციური პარტია ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერენ:

„გადაწყვეტილებას, რომ პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში გადმოეტანათ, ვეწინააღმდეგებოდით, თუმცა სამწუხაროდ უმრავლესობამ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. თავის დროზე პოლიტიკური ცენტრის ქუთაისში გადატანა სწორი გადაწყვეტილება იყო, რომელიც ჩვენი გუნდის ინიციატივა გახლდათ. თუ ოდესმე დადგება დღის წესრიგში მსგავსი საკითხი, მხარს დავუჭერთ.

„ბიუჯეტისთვის ეს დამატებით განსაკუთრებულ და კატასტროუფულ ფინანსებს არ მოითხოვდა. ახლა უფუნქციოდ დატოვებული შენობის შენახვაში რა თანხაც იხარჯება, არანაკლებია. ვიღაცას ქუთაისში ჩასვლა ეზარებოდა, ეს გამართლება არ არის. რა უნდა თქვან იმ დეპუტატებმა, რომლებიც დასავლეთიდან არიან. მათთვისაც ხომ იგივეა, სასესიო თუ არასასესიო დღეებში თბილისის მიმართულებით მოძრაობენ. თბილისში მაცხოვრებლებს ქუთაისში ჩასვლა რომ ეზარებათ, ეს არასწორი და არაჯანსაღი დამოკიდებულებაა," - განაცხადა მამუკა ჩიქოვანმა.

ცნობისათვის, გიორგი ვაშაძემ ქუთაისს ქალაქის განვითარების 11 ინიციატივა წარუდგინა, მათ შორის არის პარლამენტის ქუთაისში დაბრუნება. ამის შესახებ ვაშაძემ ქუთაისში „სტრატეგია აღმაშენებლის" პრეზენტაციის გამართვისას განაცხადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×