(რეზონანსი) „ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობებმა შოთიკო ნოზაძემ (თენგო) და ქეთი ხუციშვილმა (ლუნა) სერიალი დატოვეს და ახლა „კომედი შოუს" მსახიობები არიან.
მსახიობები ამბობენ, რომ „რუსთავი 2"-ში დარჩენის გამო, კრიტიკის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარან.
„არ ვიცი, ჩვენი გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2"-ზე ვყოფილიყავით, ხალხმა რა დაინახა - თითქოს ფულზე გავიყიდეთ, მონები და გამყიდველებიც გვეძახეს, ამას წავაწყდი ინტერნეტში. ვინც ამას ფიქრობს, რომ „რუსთავი 2"-ზე იმიტომ გადავედით, რომ ბიძინისტები ვართ, არასწორად ფიქრობენ. ვერ გაიგეს, რომ მსახიობი ვარ და ჩემს საქმეს ვაკეთებ. პოლიტიკური სარჩული არ უნდა გამომაკერო, ეს არ მესმის. მე მაქვს ჩემი საქმე და გინდა „რუსთავი 2"-ზე ვიყო, გინდა „ფორმულაზე", ამას რა მნიშვნელობა აქვს, არ მესმის", - ამბობს „ფორტუნასთან" შოთიკო ნოზაძე.
„მე დამირეკა ალეკო მალხაზიშვილმა. როცა მასთან გავისაუბრე, მითხრა, რომ მას არ ჰქონდა პრობლემა, „კომედი შოუშიც" ვყოფილიყავით და „ჩემი ცოლის დაქალებშიც". შემდეგ მე დაველაპარაკე „ფორმულა კრეატივის" წარმომადგენლებს. რა საუბარი შედგა, ამაზე აღარ ვისაუბრებ, მაგრამ არჩევანი „კომედი შოუს" სასარგებლოდ გავაკეთე", - აცხადებს „ფორტუნასთან" ქეთი ხუციშვილი.