ია აბულაშვილი
26.10.2019

 "ოცნებას კი აქვს იმედი, რომ ისევ უმრავლესობაში იქნება, მაგარამ ურჩევნია ეს პროცესი ახლა დაამთავროს, რადგან რეალურად ჰყავს უმრავლესობა, რომელიც დავალებას შეასრულებს და ხმას მისცემს იმ მოსამართლეებს, რომლებიც ლიდერების მიერ შეირჩა" - ასე ეხმაურება ექსპერტი პეტრე მამრაძე პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს.

პეტრე მამრაძე: მოსამართლეთა შერჩევის პროცესი რომ გავიგოთ, უნდა გავიხსენოთ სააკაშვილის რეჟიმი, რომელმაც ამ მხრივ უმძიმესი მემკვიდრეობა დატოვა. მისი მმართველობის პერიოდში სასამართლო სისტემა წარმოადგენდა პროკურატურის მორჩილ და დაკნინებულ ქვეგანაყოფს. ნებისმიერი რანგის პროკურორი მაღლა იდგა თუნდაც ყველაზე მაღალი რანგის მოსამართლეზე. სისტემის მსხვერპლი მოსამართლეები უსიტყვოდ ასრულებდნენ პროკურორების ბრძანებებს, შესაბამისად, გამამართლებელი განაჩენები 0,4%-ი იყო, მაშინ როცა ტოტალიტარულ საბჭოთა ეპოქაში ეს ციფრი იყო 22-23%.

"ოცნებას" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მიზნად რომ დაესახა ობიექტური და დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა, მეტად რთული ამოცანა იქნებოდა, ამიტომ ამის ნაცვლად გადაწყვიტეს ისევ მორჩილი სასამართლო სისტემის შენარჩუნება, რა თქმა უნდა კადრების გარკვეული გადანაცვლებით და სწორედ ამას ახორციელებს ახლა. როგორია იუსტიციის საბჭოს შემადგენლობა და როგორი სკანდალები მოჰყვა ამას, კარგად გვახსოვს, დოლიძე-ჯანეზაშვილმა გამოიტანეს ამბავი, რომ იუსტიციის საბჭოში ვიღაცამ მიიტანა ქაღალდი, სადაც გვარები იყო ჩამოწერილი, ესენი უნდა ავირჩიოთ მოსამართლეებადო. ჩვენ ისიც გვახსოვს, მურუსიძე რომ აცხადებდა, რომ მძიმე რეჟიმის მსხვერპლი იყო, მაგრამ მზად იყო ახალი რეჟიმის მსხვერპლად დარჩენილიყო.

სხვა კურიოზების და სკანდალების გახსენებაც შეიძლება. მაგრამ არ შეიძლება არ გავიხსენოთ ისიც, როცა სააკაშვილის დროს სასამართლო სისტემა მთლიანდა პროკურატურის ხელში იყო და რასაც უნდა იმას აკეთვებდნენ. სკანდალები არ ყოფილა იმიტომ, რომ ამ მანკიერ სისტემაზე ხმის ამოღებას ვერავინ ბედავდა და ის არასამთვრობოები, რომელიც დღეს დიდ გულზე არიან და ბევრს ყვირიან, ხმას არ იღებდნენ. ნამდვილად არ არის ზნეობრივი გაჩუმდე, როცა გეშინია და იყვირო, როცა შიშს აღარ გრძნობ. ის მაინც თქვი, მაშინ უარესი რეჟიმი იყო, გვეშინოდა და ხმას არ ვიღებდითო.

"რ": იუსტიციის უმაღლესი საბჭო პრეზიდენტს მიმართავს საბჭოს არამოსამართლე წევრს ანა დოლიიძეს უფლებამოსილება შეუწყვიტოს, რაც ოპოზციის მხრიდან ხელისუფლების მორიგ კურიოზად შეფასდა.

პ.მ: სალომე ზურაბიშვილს თუ ეტყვიან "ოცნების" უმაღლესი დონიდან საჭიროა ხელი მოაწეროს, მორჩილად მოაწერს ხელს. დარწმუნებული ვარ შეწყალების საქმეებსაც ისე მოაწერა ხელი, რომ წარმოადგენა არ ჰქონდა ვის შეიწყალებდა. სავარაუდოდ უმრავლესობიდან მიაწოდეს სია და უთხრეს საჭიროა და გააკეთეო.

"რ": თქვენი აზრით, ამ სკანდალების ფონზე წავა თუ არა ხელისუფლება დათმობაზე, მითუმეტეს რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციითაც, სასურველი იქნება, თუ ამ მოწვევის პარლამენტი 5 მოსამართლეს აირჩევს, დანარჩენს კი ახალი პარლამენტი.

პ.მ: საქართველოს პარაქტიკულად არ ჰყავს საშუალო ფენა, შესაბამისად სამოქალაქო საზოგადოება. არასამთავრობო ორგანიზაციები ვერანაირად ვერ ცვლიან ნამდვილ სამოქალაქო საზოგადოებას და ამის გამო ძალაუფლების მქონე დაჯგუფებას არ უჭირს საკუთარი ინტერესების დაცვა, თუნდაც საერთო ეროვნული ინტერესების შენახვის ხარჯზე. დიდი იმედი არ მაქვს, რომ საბოლოო ჯამში მეტნაკლებად დამოუკიდებელ სასამართლოს მივიღებთ.

რაც შეეხება ხელისუფთლების გადაწყვეტილებას ამ პროცესთან დაკავშირებით, პარლამენტის არჩევნებამდე ერთი წელი რჩება და ურჩევნია, რომ ეს პროცესი არჩევნებამდე დაამთავროს. კი აქვთ იმედი, რომ უმრავლესობაში იქნებიან, მაგრამ დღეს ხომ გარანტირებულად ჰყავს უმრავლესობა, დავალება შეასრულოს და ხმა მისცეს იმ მოსამართლეებს, რომლებიც ლილრების მიერ შეირჩა. რაც შეეხება უკან დახევას და დათმობას ამ პროცესში, ეს შეიძლება იმ შემთხვევაში მოხდეს, თუ ივანივშილი გადაწყვეტს, რომ სკანდალი ისეთ დონეს აღწევს, რომ დათმობა სჯობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×