„თუ ფორმალურ მხარეს მივუდგებით, რასაკვირველია 2008 წლის ომის შემდეგ დაიწყო ტერიტორიების ინტენსიური შემოღობვა, განსაკუთრებით აქ საუბარია იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც ქართველი ადგილობრივები სავარგულებად იყენებდნენ,"- ამბობს „რეზონანსთან" ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადების კომენტირებისას იმის შესახებ, რომ ის ტერიტორიები, რასაც სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ ოკუპანტები ღობავენ, საქართველომ 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაკარგა.
„ახლა, ბოლო შემთხვევა იყო ჩორჩანაში, სადაც ნამდვილად გადმოწიეს ჩვენს ტერიტორიაზე და გაგვიხსნეს, სამწუხაროდ, საგუშაგო იმის საპასუხოდ, რომ ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე გავაკეთეთ საგუშაგო. რაც შეეხება პრევენციულ ღონისძიებებს, ჩვენ ვმუშაობთ და მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ დაძაბულობაში არ ჩაგვითრიონ და არ მოხდეს დაპირისპირება, ცეცხლი არ გაიხსნას ან იქითა მხრიდან, ან აქედან და არ გადაიზარდოს ეს ყველაფერი უფრო ფართომასშტაბიან ოპერაციაში.
„თუ ცეცხლს გახსნიან, ჩვენ მზად ვართ ვუპასუხოთ და ჩვენი მოსახლეობა და კონტროლირებადი ტერიტორიები დავიცვათ," - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
არეშიძე ამბობს, რომ შს მინისტრი რასაც ამ სიტყვებში გულისხმობდა, მისთვის გასაგებია, რადგან ზემოაღნიშნული ტერიტორიები ფორმალურად დაკარგულია.
„თუ ფორმალურ მხარეს მივუდგებით, რასაკვირველია 2008 წლის ომის შემდეგ დაიწყო ტერიტორიების ინტენსიური შემოღობვა, განსაკუთრებით აქ საუბარია იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც ადგილობრივი ქართველები სავარგულებად იყენებდნენ.
„მეორე ის, რომ ათი ათასზე მეტი ქართველი იქცა დევნილად, რომლებიც იმ ტერიტორიაზე ცხოვრობენ. თუ ამ კუთხით მივუდგებით, ახლა ამ წუთში ფორმალურად დაკარგულია, აქედან გამომდინარე ამ ფრაზაში რასაც გულისხმობდა, ჩემთვის გასაგებია.
„მანამდე რასაკვირველია მთლიანად სივრცეს ვერ ვაკონტროლებდით, გინდა სამხრეთ ოსეთი იყოს, გინდა აფხაზეთი, თუმცა ნაწილებს მაინც ვაკონტროლებდით და შედარებით მომგებიან მდგომარეობაში ვიყავით, ახლა ცუდ მდგომარეობაში ვართ იმიტომ, რომ გვაქვს ტერიტორიები, რომელსაც აბსოლუტურად ვერ ვაკონტროლებთ და გარდა ამისა ეს უკონტროლო სივრცე დღითიდღე იზრდება," - აცხადებს არეშიძე.
„ჟურნალისტის დასმულ შეკითხვაზე, თუ ცეცხლს გაგვიხსნიან ოკუპანტები, როგორ მოიქცევიო, გომელაურს რა უნდა ეპასუხა? საერთოდ ამას რა უნდა უპასუხო? ამ კითხვას მე, როგორც ყოფილი ჟურნალისტი, რესპოდენტს არ დავუსვამდი. გომელაურს რომ ეპასუხა, არ გავუხსნი, სახლში წავალ და დავიძინებო, ხომ არ იქნებოდა სწორი? ასე რომ, ასეთი პასუხი ჩემთვის გასაგებია," - აცხადებს არეშიძე.