ბოდბელი ეპისკოპოსის მეუფე იაკობის სკანდალური განცხადება, რომელმაც შესაძლოა ე.წ. ციანიდის საქმე თავდაყირა დააყენოს და ხელისუფლების ირგვლივ საკმაოდ მძიმე ბრალდებების წრე შექმნას. მეუფე იაკობი გიორგი გახარიას და ვახტანგ გომელაურს პირდაპირ ადებს ხელს და ამბობს, რომ ყოფილი პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში მას უწმინდესის გადაყენებაზე „ეჩალიჩებოდნენ“. რას ნიშნავს მეუფეს ეს სკანდალური განცხადება, არის თუ არა სიმართლე და რატომ ალაპარაკდა ახლა. ამ განცხადებებით ვისი გაფრთხილება სურს.
„თუ თვალს გადაავლებთ და ამ ადამიანების ბიოგრაფიებს ნახავთ, როდის მოვიდნენ ეკლესიებში, მიხვდებით რეალურად რაც ხდება. მეუფე იაკობი მღვდლად მეუფე პეტრემ აკურთხა,“ – ამბობს თელოგიის დოქტორი გიორგი ანდრიაძე.
არსებობს ვერსია, რომ მეუფე უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილესთან სოსო გოგაშვილთან ერთად მოქმედებს. სწორედ ეს ტანდემია, რომელმაც ე.წ. ციანიდის სქემა დაგეგმა, ხოლო მისი საბოლოო შედეგი მეუფე იაკობის პატრიარქობა უნდა ყოფილიყო. გეგმის ჩავარდნის შემდეგ კი მეუფე იაკობმა შურისძიება გადაწყვიტა. ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ შესაძლოა სოსო გოგაშვილი დააკავონ, რადგანაც ის ბოლო დროს როგორც პანკისის საქმეზე, ასევე სხვა ფინანსურ საკითხებზე დაკითხვებზე დაჰყავთ. სწორედ ამ გარემოების ერთობლიობაა, რის გამოც ზოგი ვარაუდობს, მეუფე იაკობმა ხელისუფლების მაღალჩინოსნებს მიზანიმართულად დაარტყა.
ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი „ტვ პირველთან“ ამბობს, რომ მას გიორგი გახარია და ვახტან გომელაური ილია მეორის გადაყენებას სთვაზობდნენ. მისივე თქმით, შეხვედრა ყოფილი პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში გაიმართა და ამ შეხვედრის შესახებ უწმინდესმაც იცის. ეპისკოპოსი ამბობს, რომ შეხვედრაზე მას „ეჩალიჩებოდნენ პატრიარქის გადაყენებაზე".
„ეს ყველაფერი კვირიკაშვილის დრო მოხდა . დამიძახეს და შეხვედრა კაბინეტში შედგა. კვირიკაშვილი და ვახო (გომელაური) ყველაზე წესიერები იყვნენ. ცოტა დაგვიანების შემდეგ გახარიაც მოვიდა. „მეჩალიჩებოდნენ“ იმაზე, რომ ჩვენ გვინდა პატრიარქი გადავაყენოთ და შიო დავაყენოთ პატრიარქათო. მე ვუთხარი, ბიჭო, თქვენ ვინ გეკითხებათ?! ეკლესიამ თვითონ იცის და ცოცხალ პატრიარქზე მის წინააღმდეგ როგორ მიდიხართ-თქო?!" - ირწმუნება მეუფე.
მისივე თქმით, ამ საქმეში ჩარეულები იყვნენ არამარტო მეუფე პეტრე, არამედ სახელმწიფო და ვიღაცეები, ბიზნესმენებიც კი. მათ შორის ვანო ჩხარტიშვილიც.
ბოდბელი ეპისკოპოსის მტკიცებით, მას აქვს დოკუმენტები იმაზე, რომ "მეუფე პეტრე და დეკანოზი გიორგი მამალაძე ერთად იყვნენ ყველაფერში, ვგულისხმობ პატრიარქის მკვლელობას."
ჟურნალისტის კითხვაზე, პრემიერთან შეხვედრაზე განიხილებოდა პატრიარქის ტახტიდან ჩამოცილება თუ მკვლელობა, იაკობი პასუხობს:
„ყველაზე კარგი ვარიანტი იყო, რომ მოეკლათ... მე მაგას არ დავუშვებ. არც დიმიტრი, არც პეტრე, არც სხვები, არც ბატონი ბიძინა... მე შემიძლია გამოვიდე და ყველა მაგათზე ვთქვა რას აკეთებდნენ, რას აშავებდნენ. ჭკვიანად თუ არ იქნებიან, გადავუვლი თავზე, რომ ჰგონიათ რომ ქვეყნის ხელმძღვანელია..." - ამბობს მეუფე.
„მეუფე იაკობის საქციელზე, ბოდვაზე და სამარცხვინო მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას სრულიად ვაკისრებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს,“ - ასე გამოეხმაურა ჭყონდიდელი ეპისკოპოსი მეუფე პეტრე მეუფე იაკობის განცხადებას.
მეუფე პეტრე უარყოფს მთავრობის წევრებთან შეხვედრებს პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ კანცელარიის შენობაში არასდროს ყოფილა.
„ძალიან ვწუხვარ, რომ ქორეპისკოპოს იაკობის ამ არაფხიზელ მდგომარეობაში ბოდვაზე მიწევს კომენტარის გაკეთება, მაგრამ საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, თავს უფლებას მივცემ, რომ გითხრათ. ციანიდის სკანდალი და საქმე, რა თქმა უნდა, დაგეგმილი იყო საქართველოს საპატრიარქოს მავნებლური ჯგუფის მიერ, რომელთაც ასევე, ხელისუფლება ჩაითრიეს ამ სკანდალში და დააშვებინეს გამოუსწორებელი შეცდომა“, - ამბობს მეუფე პეტრე.
რაც შეეხება პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას, ის ამბობს, რომ გაგონილით შოკირებულია. მისთვის გაუგებარია, რატომ საუბრობს ასეთ რამეს მეუფე იაკობი. ამის გადასამოწმებლად მან ჟურნალისტებს თავად მეუფისთვის კითხვით მიმართვა ურჩია.
გახარია ამბობს, რომ პატრიარქი ბოლო 40 წლის განმავლობაში ამ ქვეყნის წარსულის სიმბოლო, დღევანდელი დღის სიმბოლო და მომავლის სიმბოლოა.
„ეს მეუფე ის მეუფე არაა, რომელიც იძახდა, გახარია პრემიერი თუ გახდა, ჩამოვაგდებო. თუ რატომ აკეთებს ასეთ განცხადებებს, მეუფეს მიმართეთ, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ - მსგავსი სისულელეები უკვე საზღვარს გადასცდა. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გამოვიდეთ ამ პოლიტიკური კულტურიდან - მეწაღემ წაღები უნდა შეკეროს, ბანკირმა ბანკს უნდა მიხედოს, მეპურემ პური უნდა გამოაცხოს, მეუფემ ეკლესიაში უნდა იაროს და პოლიტიკას ყველამ თავი უნდა დაანებოს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა, რომელიც ვანო ჩხარტიშვილის შესახებ წერდა და ამბობდა, რომ ის საპატრიაქროს ირგვლივ განვითარებულ სკანდალებში ჩართულია, მეუფე იაკობის საუბარში მოვლენების აცდენას ხედავს. ჟურნალისტი ამბობს, რომ ციანიდის საქმე იანვარში მოხდა, ხოლო გახარია შინაგან საქმეთა მინისტრად ნოემბერში დაინიშნა. ამიტომაც გაურკვეველია რა სტატუსით იყო გახარია შეხვედრაზე.
ხოლო თუ კვირიკაშვილი და სხვები მეუფე შიოს პატრიარქად ამზადებდნენ, პეტრე მოახლისე იყო? მას იქ რა როლი ჰქონდა, გაუგებარია.
„მეუფე იაკობი დღეს ძალიან რთულ სიტუაციაშია. ციანიდის საქმეს მისთვის სხვა რეალობა უნდა დაეყენებინა. მე თავიდანევე კვირიკაშვილის დაკითხვას ციანიდის საქმეზე ვითხოვდი. ეს იყოს გარკვეული სცენარი, რომელშიც მეუფე იაკობი მონაწილეობდა.
„თუმცა მეუფე იაკობის მონაყოლიდან მეუფე პეტრეს და გახარიას ხაზი რა შუაშია, ცოტა გაუგებარია. მეუფე პეტრე 20 ივნისს აქციაზე იდგა და მათი თანამშრომლობა რატომ უნდა მომხდარიყო გაუგონარია. საქართველოს ეკლესია სერიოზული საფრთხის წინაშეა. ამ დეგრადირებულმა ინსტიტუციამ გადაწვიტა, რომ მთლიანად საფლავში მთელი მართლმადიდებელი ეკლესია ჩაიტანოს. ეს არის გაბრაზებული იაკობის შურისძიება. ის ვერ გახდა პატრიარქი და შესაძლოა საერთოდ სასულიერი პირის სტატუსიც კი დაკარგოს.
„იაკობმა დაარტყა მეუფე შიოს და მის დისკრედიტაციას ცდილობს. ვის სჭირდება ის განცხადებები რაც მეუფე იაკობმა გააკეთა? ვის უხსნიან გზას საქართველოს პატრიარქობაზე? სოსო გოგაშვილი და მეუფე იაკობი იქნებიან ის დამაინები, რომლებიც ბედუკაძის როლს რუსეთის სასარგებლოდ შეასრულებენ“, - აცახდებს მირცხულავა.
თელოგიის დოქტორი გიორგი ანდრიაძე კი ამბობს, რომ საპატრიარქოში სერიოზული დაპირისპირებაა, ხოლო დანარჩენი პროცედურული საკითხებია, რომელიც დროდა დრო ზედაპირზე ამოდის. ზოგიერთი სასულიერო პირი პატრიარქზე უბინძურეს ჭორებს ავრცელებს. თელოგი ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ ამ ყველაფერს ნათელი უნდა მოჰფინოს.
„ე.წ. ციანიდის საქმე ეკლესიის რეპუტაციას საერთოდ აზიანებს. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაირკვეს ამ საქმეზე რა ხდება. მეუფეები მარტო დედის გინებაზე არ გადასულან, დანარჩენს ყველაფერს კადრულობენ. სამწუხაროდ ყველა ორგანო დუმს, ვისაც ამ ყველაფრის შეჩერება შეუძლია. ერთი ესაა უსაფრთხოების სამსახური, რომელმაც ბევრი რამე იცის და მეორე სინოდი, რომელიც ამ ყველაფერს წერტილს არ უსვამს. პატრიარქი თავისი დიპლომატიური გზებით პროცესის შეჩერებას ცდილობს. გარე ძალები არიან დაინტერესებულები, რომ ეკლესიის სტატუსი საერთოდ დაინგრას. ეს კი ქვეყანას კიდევ უფრო მძიმე ვითარებაში ჩააგდებს.
„თუ თვალს გადაავლებთ და ამ ადამიანების ბიოგრაფიებს ნახავთ, როდის მოვიდნენ ეკლესიებში, მიხვდებით რეალურად რაც ხდება. მეუფე იაკობი მღვდლად მეუფე პეტრემ აკურთხა. დანარჩენი ეპისკოპოსები ამ პროცესში არ ერევიან, რომლებიც პატრიარქის გარემოცვის წევრები არიან. მეუფე შიო, რომელსაც ვერაფერს წამოაცდევინებთ. დანარჩენი ხდევათ ვინც არიან, ყველა ერთმანეთთან არის დაკავშირებული“, - აცხადებს ანდრიაძე.