თამარ შუკვანი
27.10.2019

 ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება კითხვის ქვეშ დგას, რაშიც ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებს, რომლის მიზანიც, კონსორციუმის თავიდან მოშორება და შემდეგ პროექტის მართვის სადავეების ხელში ჩაგდებაა.

„ორი თემაა - ერთია, რა ბედი ელის კონსორციუმს და მეორე, რა ბედი ელის ანაკლიის პორტს. კონსორციუმთან დაკავშირებით, ხელისუფლებას გარკვეული პოლიტიკური გადაწყვეტილება აქვს მიღებული, რომ კონსორციუმი უნდა მოაშოროს, პირველ რიგში ეს არის ამოცანა.

„რაც შეეხება თვითონ პროექტის ბედს, გადაწყვეტილება იქნება მიღებული მას შემდეგ, რაც პროექტს კონტროლის ქვეშ აიღებენ. შემდეგ გამართავენ შესაბამის პლიტიკურ მოლაპარაკებებს სხვადასხვა მხარეებთან," - აღნიშნავს ხუხაშვილი.

კითხვაზე, რატომ სურს ხელისუფლებას კონსორციუმის მოშორება, ხუხაშვილი რამდენიმე მიზეზს ასახელებს, კერძოდ:

„ბევრი მიზეზია, როგორც სუბიექტური, ასევე ობიექტურიც. სუბიექტური, ეს არის დამოკიდებულება მისი მენეჯმენტისა და დამფუძნებლების მიმართ, რომელიც მკვეთრად ნეგატიურია და ეს ჩანს (ხელისუფლების) ნაბიჯში. ობიექტური ის გახლავთ, რომ მას შემდეგ, რაც ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით პოლიტიკური ინტერესი გაჩნდა, პროექტის განხორციელების საქმეში უსაფრთხოების ელემენტები შემოვიდა.

„ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მისთვის კარგი იქნებოდა, თუ პროექტზე კონტროლს აღადგენდა და შესაბამისად, იმისათვის, რომ კონტროლი აღადგინოს, ბუნებრივია კონსორციუმი უნდა ჩამოაშოროს," - ამბობს ის.

ხუხაშვილის ანაკლიის პორტის პროექტის მნიშვნელობაზე საუბრობს:

„თუ არ განხორციელდა, რაღაც ნეგატიური გავლენა, რა თქმა უნდა, ექნება და შესაბამისი დასკვნები გაკეთდება, მაგრამ განსაკუთრებული დრამატიზება არ იქნება, რადგან ქვეყნებს შორის ურთიერთობები ასე არ იზომება. შავი ზღვის უსაფრთხოების სისტემის ფორმირებისთვის საინტერესოა და აქ ამერიკელების და ჩვენი ინტერესებიც არის," - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მიუხედავად იმისა, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება დღეს უკვე ჩაშლის პირასაა, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი იმედს გამოთქვამს, რომ პორტი აშენდება. მისივე განცხადებით, ეს პროექტი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი.

„ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ განიხილავს ანაკლიის პორტს, როგორც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან პროექტს. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს პროექტი განხორციელდება, განსაკუთრებით, ამერიკული ინვესტიციით," - განაცხადა რუდმა, რომელიც 26 ოქტომბერს „მესაქონლეობის ექსპოს" გახსნის ცერემონიალს დაესწრო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×