თამარ შუკვანი
28.10.2019

 „როდესაც (თამარ ჩუგოშვილი) ამბობს, რომ ითანამშრომლებენ „გირჩთან," „ევროპულ საქართველოსთან" და ა.შ. კი მაგრამ, ესენი ითანამშრომლებენ „ქართულ ოცნებასთან?" ერთია სურვილი, მეორე - რეალობა," - აცხადებს „რეზონანსთან" ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადების შესახებ საუბრისას, რომლის თქმითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობა შესაძლოა ვერც ერთმა პარტიამ ვერ მოიპოვოს, მათ შორის ვერც „ქართულმა ოცნებამ".

რომან გოცირიძე: „ქართული ოცნება" ვერ შეაგროვებს იმდენ ხმას, რომ მთავრობა ჩამოაყალიბოს. ძალიან კარგად იციან, რომ ვერც მათი სატელიტების მეშვეობით მოახერხებენ ამას, თუნდაც „პატრიოტთა ალიანსმა" იმდენივე ხმა მიიღოს, რაც წინა არჩევნებში, რაც ამ ეტაპზე გამორიცხულია.

ნულოვანი ბარიერის შემთხვევაში, უამრავი პატარა პარტია გაჩნდება, რომელიც მათ ხმებს „დააჯდება." აშკარად პრორუსული პარტიების პოტენციალი იმდენად მცირეა, რომ ეს „ქართულ ოცნებას" ხელისუფლების შესაქმნელად არ ეყოფა.

რაც შეეხება იმ თეზისს, რომ ყველასთან ითანამშრომლებენ გარდა „ნაცმოძრაობისა", ეს, ფაქტობრივად, მცდელობაა გაიმეორონ ის ობიექტური მოწოდება, რომ „ყველა ერთის წინააღმდეგ" და ეს ერთი „ქართული ოცნებაა." ესენი ის პარტიები არიან, რომლებიც ჩუგოშვილმა პოტენციურ მოკავშირეებად დაასახელა.

რეალობა არის ასეთი, რომ შეიქმნას დიდი პოლიტიკური ოპოზიცია, სადაც თავს მოიყრის ყველა ერთად, გარდა „ქართული ოცნებისა" და მისი სატელიტი ორი პარტიისა.

ვინც არ იტყვის, რომ ის არასდროს შეუქმნის უმრავლესობას „ქართულ ოცნებას", შეიძლება „ოცნების" სატელიტების სიაშია ჩავწეროთ, მაგრამ ამ სატელიტების სიაში ყოფნა წინასაარჩევნოდ უკიდურესად დამაზიანებელი იქნება ამ პარტიებისათვის. შეიძლება ვიღაცას გულშიც აქვს ასეთი სურვილები, მაგრამ ამ სურვილის საჯაროდ გაცხადება წამგებიანი ხდება. ეს იმას ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების" სახელი უკვე დამაზიანებლად გადაიქცა.

„რეზონანსი": რა შანსები აქვს „ნაცმოძრაობასა" და „ევროპულ საქართველოს" 2020 წლისათვის? როგორ ფიქრობთ, ვისთან შევა კოალიციაში „ქართული ოცნება?"

რ.გ: „ქართული ოცნება" ვერ შექმნის კოალიციას, რადგან მას ჰყავს მხოლოდ „პატრიოტთა ალიანსი" და პრორუსული პატარა პარტია, რომლებმაც შეიძლება ორ-ორი ხმა მიიღონ. დანარჩენი კი ყველა ერთად, დაახლოებით ასეთი სურათი იკვეთება. „ნაცმოძრაობა", „ევროპული საქართველო," „გირჩი," ხაზარაძის პარტია, რესპუბლიკური პარტია - ყველა ერთად დიდი ალბათობით „ქართული ოცნების" ამ წარუმატებელ ხელისუფლებას შეცვლიან.

თუკი ვინმე ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან" არ იქნება, მგონია რომ, ეს გარკვეული ტაქტიკური სვლაა საკუთარი ელექტორატის ფიქსირებისათვის, თუმცა როდესაც რომელიღაც პარტია ამბობს, რომ არ იქნება არც „ნაციონალური მოძრაობასთან" და არც „ქართულ ოცნებასთან," ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის არ იქნება იმ კოალიციაში, რომელშიაც „ნაციონალური მოძრაობაa." ეს არა „ნაცმოძრაობის" კოალიცია, არამედ ყველა ოპოზიციური პარტიის გაერთიანება იქნება, რომელიც ძალიან სერიოზულ მთავრობას შექმნის. ბუნებრივია, გადანაწილებული როლებით და მიმართულბებით, პოლიტიკური წონისა და რესურსების შესაბამისად.

საქართველო პირველად მიიღებს ევროპული ყაიდის ხელისუფლებას, სადაც კონკურენტები, ამავე დროს, თანამშრომლობის რეჟიმში იქნებიან და ხელისუფლების შიგნით მოხდება დაბალანსება. „ქართული ოცნების" დრო წასულია უკვე, მან თავისი სიტყვა ამოწურა.

„რ": თქვენი პარტია ვისთან აპირებთ კოალიციის შექმნას?

რ.გ: ვითანამშრომლებთ ყველასთან, გარდა „ქართული ოცნებისა," „პატრიოტთა ალიანსის" და აშკარად პრორუსული ორიენტაციის პარტიებისა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×